E60 Shipping Line-ს კუთვნილი „დიოსკურია“ მალე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვა - კომპანიამ კონსტანციდან სარკინიგზო ვაგონების ტრანსპორტირებაც დაიწყო
სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line-ს კუთვნილი ხომალდი „დიოსკურია“ მალე საქართველოს ტერიტორიულ წლებში შემოვა. როგორც Business Insider Georgia-თან E60 Shipping Line-ის კომერციულმა დირექტორმა მიხეილ ბაბუნაშვილმა განაცხადა, ხომალდი კონსტანციდან უკვე თავის პირველ რეისს ასრულებს და ასევე პირველად საქართველოში 30 იანვარს შემოვა. საზღვაო ხომალდი. რომელიც E60 Shipping Line-მა გასული წლის ბოლოს იყიდა, 100%-ითაა დატვირთული და ფოთის პორტში შემოიტანს, როგორც ტრანზიტულ, ისე საქართველოსთვის 12განკუთვნილ ტვირთებს.
„დიოსკურია“ უკვე ქართული დროშის ქვეშაა რეგისტრირებული და ემსახურება ქართული ეკიპაჟი.
„ბორანი „დიოსკურია“ იტევს 80-მდე 17 მეტრიან გამწევს მისაბმელით (ე.წ. ტრაილერს) და დამატებით შესაძლებლობა აქვს 30-მდე მსუბუქი ავტომობილი დაიტიოს. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ბორანი სრულად დატვირთული მოემართება და 30 იანვარს უკვე მივიღებთ. ბორანი დატვირთულია იმ ტვირთებით, რაც ევროპიდან შავ ზღვაზე მოდის და შემდეგ აქედან გაიშლება.
გადაზიდვებზე მოთხოვნა არის. ზოგადად მეოთხე კვარტალი გადაზიდვებისთვის ყველაზე მოთხოვნადი პერიოდია, თუმცა იანვარში მცირდება და შემდეგ ისევ ზრდას იწყებს. თუმცა მიუხედავად ამისა, იანვარია მაგრამ ბორანი სრულად დატვირთული მოემართება კონსტანციდან“, - აღნიშნა მიხელ ბაბუნაშვილმა.
E60 Shipping Line-ს კომერციული დირექტორის განმარტებით, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კომპანია საზღვაო პარკის ზრდას კიდევ განიხილავს, თუმცა ამ დროისათვის კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის.
„განხილვა გაქვს პარკის ზრდასთან დაკავშირებით. ასევე მოლაპარაკებები გაქვს დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოიაზრებდეს კიდევ ერთი ბორანის დაყენებას. თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - აცხადებს ბაბუნაშვილი.
ირკვევა, რომ E60 Shipping Line-მა კონსტანციდან უკვე სარკინიგზო ვაგონების ტრანსპორტირებაც დაიწყო.
„ჩვენმა ბორანმა „აიამ“ ბოლო რეისზე კონსტანციდან ჩამოიყვანა რკინიგზის ვაგონები. ისტორიაში ასეთი რამ ჯერ არ განხორციელებულა, კონსტანციდან ბორნით ვაგონების შემოსვლა არ მომხდარა არასოდეს. ზოგადად ვარნა არის ის ქალაქი, სადაც არის ვაგონების ბორბლების ცვლილების შესაძლებლობაა, რადგანაც ევროპაში სხვა სიგანის ბორბლებია, საქართველოში სხვანაირი. თუმცა რუმინეთში ჩვენმა კომპანიამ პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ პროცედურები თუ როგორ გამოვცვალოთ ბორბლები და შესაბამისად, 34 ვაგონი „აიას“ ბოლო რეისით ფოთის პორტში უკვე შემოვიდა. თანაც ძალიან წარმატებით. კლიენტი აღფრთოვანებული იყო, რომ პროცესმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა და ერთი ხარვეზიც არ ყოფილა. ვაგონების გადაზიდვაზე მოთხოვნა ყოველთვის იყო და ჩვენი მომსახურებაც შევთავაზეთ ბაზარს“, - აცხადებს E60 Shipping Line-ს კომერციული დირექტორი.
ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line, რომელიც ბაზარზე 2023 წლიდან გამოჩნდა მალევე გაიზარდა და პარკს საკუთარი ლაინერი ოპერირების დაწყებიდან რამდენიმე თვეში შემატა.
კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, „დიოსკურიას“ გარდა E60 Shipping Line ფლობს ბორან „აიას“ (კომპანიის საკუთრება) და ბორან CENK-სბ (ფრახტი).
მათი მონაცემები კი ასე გამოიყურება:
ბორანი „აია“:
რეგისტრის კლასი: RINA register 100A5 Rail / Ro-Ro ferry
აშენებულია:1995 წელს
ბორანი “AIA” აშენდა 1995 წელს, რომელიც შეისყიდა და გარემონტდა E60 Shipping Line-ის მიერ 2024 წელს. ბორანის ეკიპაჟი მთლიანად საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება და თავად ბორანი ცურავს საქართველოს დროშის ქვეშ.
ბორანი CENK:
რეგისტრის კლასი: Turk LOYDU RORO-Passenger ship
აშენებულია: 1978 წელს
სამგზავრო - სატვირთო ბორანი „CENK T“ - აშენებულია 1978 წელს, რომელიც დაფრახტულია კომპანია E60 Shipping Line-ის მიერ 2024 წელს. ბორანზე არის კომფორტული კაბინები, რესტორანი და ბარი/ლაუნჯის სივრცე.
.
სხვა სიახლეები
01.07.2025.17:27
1980 წელს დღევანდელი რესპუბლიკის მოედანზე ისტორიული შენობა - თბილისის ცენტრალური ფოსტა და ტელეგრაფი გაიხსნა. პირველი დამოუკიდებელი საკომუნიკაციო ცენტრი, რომელმაც საქართველო და სხვადასხვა ქვეყნის ქალაქები ერთმანეთთან დააკავშირა.
ტელეგრაფი თბილისში იყო პროგრესის, ცოდნისა და ახალ ეპოქის სიმბოლო, საერთაშორისო გზავნილებისა და ინფორმაციის მიმოცვლის ადგილი. საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურული ნაგებობა ბევრ ამბავსა თუ დიდ ისტორიას ინახავს, რომელიც დღესაც გრძელდება.
უფუნქციოდ დარჩენილი შენობის რეკონსტრუქცია და ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ გარდაქმნა სილქ დეველოპმენტმა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განახორციელა.
სასტუმრომ შეინარჩუნა არა მხოლოდ სახელი - ტელეგრაფი, არამედ არქიტექტურული ესთეტიკა.კონცეფციაზე მსოფლიოში ერთ-ერთმა გამორჩეულმა სტუდიამ Neri&Hu-ს იმუშავა, რომელიც სწორედ ისტორიული შენობების რეკონსტრუქციით, წარსულისა და აწმყოს არქიტექტურული ბალანსით გამოირჩევა და ამ მიმართულებით მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.
ტელეგრაფის პირვანდელი არქიტექტურა ლადო ალექსი‑მესხიშვილსა და თეიმურაზ მიქაშავიძეს ეკუთვნით. ფასადი მოპირკეთებულია ბოლნისის ტუფით, რაც გამორჩეულ ვიზუალს ქმნის და მიესადაგება თბილისის ურბანულ ესთეტიკას. სასტუმროს განახლებულ დიზაინში კი ძველი შენობის თითქმის ყველა ავთენტური დეტალი და განსაკუთრებულობა არის შენარჩუნებული.
როგორც სილქ დეველოპმენტის აღმასრულებელი დირექტორი, მამუკა შურღაია, ამბობს, შენობის იდეაზე Silk Road ჯგუფმა ბევრი იფიქრა და კონცეფციაზე მუშაობაც მხოლოდ მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს ანდო:
„დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩვენთვის, როგორ გარდავქმნიდით შენობას, როგორ დავაკავშირებდით წარსულსა და აწმყოს ერთმანეთთან. Silk Road ჯგუფის მთავარი მიმართულება სტუმარმასპინძლობაა. გვსურს, რომ რეგიონში ამ სფეროს განვითარებაში დიდი წვლილი შევიტანოთ, სასტუმრო „ტელეგრაფიც“ რესპუბლიკის მოედნის განვითარების დიდი სტრატეგიის ნაწილია. ჩვენი ყველა პროექტი მდგრადი, ეკოლოგიურად ჯანსაღი და ენერგოეფექტურია და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებითაც დავიმკვიდრებთ სახელს“;
უნიკალურ ატმოსფეროში სასტუმრო 240-მდე ნომერს, განსხვავებული კონცეფციის შვიდ რესტორანს, ჯაზ კლუბებს, ბარებს, საბანკეტო -საკონფერენციო დარბაზსა და ურბანულ პეიზაჟებს აერთიანებს.
„ტელეგრაფი“პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც შეუერთდა საერთაშორისო ორგანიზაციას The Leading Hotels of The World, რომელიც მსოფლიოს განსაკუთრებულ სასტუმროებთან თანამშრომლობს. აქ მოსახვედრად მომსახურების უმაღლეს სტანდარტთან ერთად, აუცილებელია სასტუმროს ჰქონდეს კულტურული ღირებულება, ინდივიდუალური იდეა და იყოს ავთენტური. ეს კი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას გულისხმობს.
Silk Road ჯგუფმა მოახერხა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებასთან, სერვისებთან ერთად შექმნა ისტორია, ადგილი, რომელსაც ბევრი ამბავი აქვს მოსაყოლი. სივრცე, საიდანაც დაიწყო ურთიერთობები, დღესაც დააკავშირებს ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
საქართველოს ბანკისთვის სტუმარმასპინძლობის სექტორის მხარდაჭერა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წლებია უცვლელი პრიორიტეტია. კომპანია მომავალშიც აქტიურ რეჟიმში განაგრძობს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.