ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში კერძო პროექტების ხელშეწყობა, რაც დაგეგმილი აქვს სამინისტროს, ჩვენ წყალუხვი ქვეყანა ვართ და ეს რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ - “პარვუს ჯგუფის” გენერალური დირექტორი
„ენერგეტიკის სექტორის განვითარების გრძელვადიანი გეგმები და 10-წლიანი სტრატეგია, რაზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ძალიან აქტიური მუშაობს და ასევე კერძო სექტორია ჩართული, საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო გრძელვადიანად შევხედოთ მიმდინარე პროექტებს და არსებულ გამოწვევებს შედარებით მარტივად, ერთიანად გავართვათ თავი“, - განაცხადა “პარვუს ჯგუფის” მმართველმა და გენერალური დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ.
ეკონომიკური ფორუმის ფორმატში, რომელიც ენერგეტიკის საკითხებს მიეძღვნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კერძო სექტორს და ინვესტორებს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი წარიმართა ენერგეტიკის დარგის განვითარების ხედვასა და სტრატეგიაზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების და მსხვილი ენერგოპროექტების განვითარების შესახებ.
სულხან ზუმბურიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია დიალოგი სახელმწიფო სექტორსა და ინვესტორებს შორის. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ძალიან კარგი ხედვები იქნა წარმოდგენილი, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორის განვითარების 10-წლიან სტრატეგიასთან დაკავშირებით.
„ძალიან მნიშვნელოვანია კერძო პროექტების ხელშეწყობა, რაც დაგეგმილი აქვს სამინისტროს, განსაკუთრებით მცირე, საშუალო და დიდი ჰიდროსადგურების კუთხით. ჩვენ წყალუხვი ქვეყანა ვართ და ეს რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა “პარვუს ჯგუფის” მმართველმა.
რაც შეეხება მსხვილ პროექტებს, სულხან ზუმბურიძე ხაზს უსვამს, რომ დღესდღეობით ენერგეტიკული რესურსის დაახლოებით 40%-ზე მეტი ქვეყნის გარედან შემოდის, რაც ნიშნავს ამავდროულად ქვეყნიდან ფულის გადინებას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები საქართველოში დარჩეს და ენერგეტიკის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით ქვეყანას თავად ჰქონდეს ჭარბი ელექტროენერგიის საზღვარგარეთ გატანის შესაძლებლობა.
„ეს უნდა მოხდეს ზუსტად ისეთი პროექტებით, რომელიც დღეს იყო განხილული - ეს არის წყალქვეშა კაბელი ევროპის მიმართულებით, რომელიც შეძლებს დაახლოებით 1000 მეგავატზე მეტი ელექტროენერგიის გატანას. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა საქართველოსა და ევროპას შორის ფასების თვალსაზრისით, დაახლოებით სამჯერ-ოთხჯერ უფრო ძვირია ელექტროენერგიის ფასი საზღვარგარეთ, ამ შემთხვევაში ევროპაში. ჭარბი ელექტროენერგიის გატანით საქართველოში ფული შემოედინება, რომელიც ისევ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება“, - განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.
სხვა სიახლეები
17.04.2026.23:09
„სასიხარულოა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დახვეწა, შეიმუშავა და მივდივართ ენერგეტიკის სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგიის შესრულების მიხედვით. ეს გეგმა ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ქვეყნისთვის, არამედ სექტორში მომუშავე სამშენებლო კომპანიებისთვის, დეველოპერებისთვის, რადგან ჩვენ ყველა ვხვდებით, თუ რა იქნება ის პრიორიტეტი, რომელსაც ქვეყანა უახლოეს ხანში განახორციელებს“, - განაცხადა კომპანია „ბემონის“ მმართველმა დირექტორმა გიორგი მირცხულავამ.
ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია შედგა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის დარგის განვითარების ხედვასა და სტრატეგიაზე, მიმდინარე რეფორმებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
გიორგი მირცხულავას შეფასებით, დარგის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ამ ფორმატის შეხვედრები, სადაც მთელი ენერგოინდუსტრიის მიერ ხდება სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი ინიციატივების დეტალური გაანალიზება.
„ენერგეტიკის სექტორისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ არსებობდეს ჩარჩო მიდგომა, თამაშის წესები იყოს ნათელი, რისკენ მივისწრაფვით - ამისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყოს კარგად გააზრებული, შეთანხმებული და გაზიარებული ყველა მოთამაშესთან. მხოლოდ ეს მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომ ქვეყანა გახდეს არა იმპორტზე დამოკიდებული, არამარტო თვითკმარი, არამედ შეძლოს თავისი ენერგოპროდუქციის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში. შესაბამისად, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის, დაგეგმილი - ჰიდრო, ქარის, მზის ენერგოპროექტები ჩვენ ამისკენ მიგვიყვანს. მაგრამ თუ გვინდა, რომ ამ მიზანთან გამარჯვებით მივიდეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ 10-წლიან სტრატეგიას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამ გეგმის მისაღწევად“, - აღნიშნა კომპანია ბემონის“ მმართველმა დირექტორმა.