დეველოპერულ პროექტებში ჰელიო სისტემების გამოყენებას ვგეგმავთ - ელგუჯა თურმანიძე
კომპანია „ელთ ბილდინგის“ დამფუძნებელი ელგუჯა თურმანიძე Business Insider Georgia-სთან აცხადებს, რომ შემდგომ დეველოპერულ პროექტებში ჰელიო სისტემების გამოყენებას გეგმავენ.
„ჰელიო სისტემების გამოყენებას ვგეგმავთ ჩვენს შემდგომ პროექტში. გავახმოვანებ მხოლოდ „ეიჟენ გარდენს“, რომელიც არის ჩვენი პარტნიორი ბრენდის მასშტაბური მიმართულება. სადაც ჩვენ საშუალება გვექნება განვახორციელოთ განახლებადი ენერგიის ჰელიო სისტემების პროექტი, სადაც გამომუშავებული ენერგიის 60%-ს ჩვენ მოვიხმართ, ხოლო დანარჩენის ქსელში გაშვება მოხდება“, - განაცხადა ელგუჯა თურმანიძემ.
მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელება აღმოსავლეთ საქართველოში იგეგმება.
„აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს აღმოსავლეთ საქართველოში კერძოდ, კახეთში ჰელიო სისტემების პროექტზე.
ერთია ენერგიის გამომუშავება, მეორეა მისი შენახვა და გადაცემა შემდგომი მოხმარებისთვის. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. შავი ზღვის კაბელის პროექტის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მეტად მომხიბვლელი გახდება ეს სფერო.
ჩვენ ასევე ვგეგმავთ საკუთარ პროექტებში განახლებადი ენერგოსისტემების მოწყობას. ფაქტობრივად ეს უკვე დაგეგმილი გვაქვს და შემდგომ პროექტებში განხორციელდება“,- განაცხადა ელგუჯა თურმანიძემ.
მისი თქმით, „ელთ ბილდინგმა“ ბოლო 7 წლის განმავლობაში 10-ზე მეტი დეველოპერული პროექტი დაასრულა.
„სწორედ ამიტომ დავაფიქსირეთ ჩვენი მაღალი ინტერესი განახლებად ენერგიებთან დაკავშირებით. ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ მეგავატზე მოთხოვნას მხოლოდ ჩვენ ვაჩენთ და ორი წლის ჭრილში სამი მასშტაბური პროექტის პრეზენტაციას ვგეგმავთ“, -აღნიშნა ელგუჯა თურმანიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
22.08.2025.18:00
ლოგისტიკური კომპანია JSL Logistics • JSL ლოგისტიკა, რომელიც დამოუკიდებელ მოთამაშედ 2024 წელს ჩამოყალიბდა, გადაზიდვების ზრდაზე საუბრობს.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში JSL Logistics-ის დირექტორმა გია ნადირაშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს გადაზიდვები კომპანიის მაგალითზე 97.3%-იან ზრდას აჩვენებს.
JSL Logistics სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე წარმოდგენილია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებით, თუმცა კომპანიის პორტფელის 90% მაინც საჰაერო ტვირთებზე მოდის.
„JSL Logistics-მა, როგორც დამოუკიდებელმა კომპანიამ, ოპერირება 2024 წელს დაიწყო. მანამდე წარმოვადგენდით „ლასარეს“ ერთ-ერთ განყოფილებას და გვაქვს საჰაერო სატვირთო გადაზიდვებში 25-წლიანი გამოცდილება. შესაბამისად, საზღვაო და სახმელეთო მიმართულებები JSL Logistics-ისთვის ახალია. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენთვის კვლავ მთავარი მიმართულება საჰაერო სატვირთო გადაზიდვებია. ამ სეგმენტში მოთხოვნა აშკარად მაღალია და ჩვენი პორტფელის 90%-იც სწორედ ამ ტიპის გადაზიდვებზე მოდის,“ - ამბობს გია ნადირაშვილი.
მისი თქმით, საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზრის ზრდასთან ერთად, გაზრდილია კომპანიის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობაც.
„მიმდინარე წელს საჰაერო გადაზიდვები გაზრდილია, როგორც ექსპორტის ისე იმპორტის კუთხით, თუმცა დიდი წილი მაინც იმპორტზე მოდის. უფრო მეტი ტვირთი შემოდის, ვიდრე გადის. აქ საუბარი მაქვს, როგორც საქართველოსთვის განკუთვნილ ტვირთებზე, თუმცა არის ასევე ტრანზიტი და რეექსპორტი.
ჩვენი კომპანიის გამოცდილებით, საჰაერო გადაზიდვებით ექსპორტზე ხშირ შემთხვევაში გადის ღვინის ნიმუშები, ასევე სხვადასხვა საგამოფენო საქონელი. გადის აგრეთვე ხელოვნების ნიმუშები და არა ანტიკვარები. საქართველოში სახელოსნოებში იქმნება გარკვეული ხელოვნების ნიმუშები, რომელიც ექსპორტზე გადის.
ხოლო იმპორტის კუთხით უფრო მეტი მრავალფეროვნებაა, თუმცა დიდი წილი მოდის ტექნიკაზე და ასევე ღვინო მასალებზე.
საჰაერო კარგოს შემთხვევაში იმპორტისას ლიდერობს ჩინეთი, ხოლო ექსპორტის კუთხით ევროპა“, - აცხადებს JSL Logistics-ის ხელმძღვანელი.
არსებული გამოცდილების ფონზე, JSL Logistics-ის ავიაპარტნიორების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს შემდეგ ავიაკომპანიებთან:
Uzbekistan Airways, LOT, Lufthansa, airBaltic, Air Astana, Turkish Airlines.
სწორედ პარტნიორების მრავალფეროვნება და ამ მხრივ კონკურენცია უზრუნველყოფს იმას, რომ JSL Logistics-მა საკუთარი მომსახურების ტარიფები მეტ-ნაკლებად შეინარჩუნოს და ბაზარზე კონკურენტული პოზიციით იყოს წარმოდგენილი.
„რაც შეეხება გადაზიდვის ტარიფებს ჩვენს მაგალითზე მცირედი ცვლილებები გვქონდა, თუმცა ვცდილობთ რომ ტარიფები შევინარჩუნოთ, რადგანაც ბაზარი აღარ არის ისეთი მდიდარი როგორც უწინ. თუმცა გეტყვით, რომ ტარიფების გადახედვა ყოველი წლის დეკემბერში ხდება და ოდნავი ცვლილებები გაქვს. იმის გამო, რომ თუნდაც სატრანსპორტო გადაზიდვებს აძვირებენ თავად ავიაკომპანიებიც და იძულებულები ვართ, რომ ჩვენც გავზარდოთ ფასი“, - ამბობს გია ნადირაშვილი.
ირკვევა, რომ JSL Logistics-ისთვის საჰაერო ტვირთებისთვის ყველაზე დატვირთული თვე ტრადიციულად დეკემბერია, თუმცა მიმდინარე წელს აგვისტოც აქტიური გამოდგა.
„საჰაერო სატვირთო გადაზიდვებისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია დეკემბერი, თუმცა წელს რატომღაც აგვისტოც საკმაოდ აქტიურია. თუ გვეგონა, რომ ამ პერიოდში ტვირთნაკადი მცირე იქნებოდა, ზრდა გვაქვს. არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ გვეგონა, რომ ასეთი დატვირთულობა იქნებოდა. ხშირად გვაქვს ასევე სატრანზიტო გადაზიდვები და რეექსპორტები“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
JSL Logistics ტვირთებს უზრუნველყოფს მისამართიდან მისამართამდე მიწოდებით, რაც კომპანიისთვის ბაზარზე გამორჩეულ პოზიციას ქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვები კომპანიისთვის ახალი მიმართულებებია, მათი გააქტიურება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„საჰაერო გადაზიდვებში ჩვენი კონკურენტული უპირატესობა აშკარაა - ვმუშაობთ „ლასარეს“ ტერმინალიდან, რაც საგრძნობლად ამცირებს დროს. გვაქვს ოპერატიული წვდომა საბაჟოზე, გეზზე, ტერმინალზე. ერთი ფანჯრის პრინციპით ვემსახურებით კლიენტებს და პროცედურები ბევრად სწრაფად ხორციელდება, ვიდრე სხვაგან. ამასთან, ვართ ორი მსხვილი ფორვარდერული ქსელის წევრი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვყავს პარტნიორები, რაც გვაძლევს კონკურენტულ ფასებს, განსაკუთრებით ექსპორტის კუთხით,“ - აცხადებს გია ნადირაშვილი.
JSL Logistics 2024 წელს დაარსებული სატვირთო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც ჯერ კიდევ 25 წლის წინ ლასარეს სატვირთო ტერმინალის ლოგისტიკური სამსახურიდან იღებს სათავეს. დღესდღეობით, JSL Logistics დამოუკიდებელი ლოგისტიკური სერვისების სრული სპექტრის პროვაიდერია სატვირთო გადაზიდვების ინდუსტრიაში.
JSL Logistics ახორციელებს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. კომპანია იყენებს ტვირთების დამუშავებისა და ლოგისტიკის მრავალწლიან გამოცდილებას, ოპერირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლასარეს სატვირთო ტერმინალში, რაც კომპანიის დიდი უპირატესობაა უმოკლეს დროში შეასრულოს საბაჟო და ლოგისტიკური პროცედურები.
მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შედეგად, პროფესიონალურ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს 100-მდე მსხვილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსს საქართველოში.
JSL Logistics-ის გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი კადრებით. კომპანიის თანამშრომლები ყოველ წლიურად გადიან გადამზადებას საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, როგორც კომპანიის ადგილობრივ ბაზაზე, ასევე, იმაღლებენ კვალიფიკაციას IATA-ს სასერთიფიკატო კურსებზე.