დავიწყეთ პარტნიორობა საერთაშორისო წამყვან სანერგე კომპანია „ფოლკრიკთან“ - „მკისა“
Mkisa • მკისა ქართული აგროკომპანიაა, რომელიც 2020 წელს დაარსდა. Business Insider Georgia კომპანიაში არსებულ სიახლეებზე "მკისას" ფინანსურ დირექტორს ალეკო ცერცვაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
“მკისა” აქტიურად აგრძელებს თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და ლიცენზირებული ჯიშების დანერგვას საქართველოში. 2025 წელს წამყვან სანერგე კომპანიასთან, “ფოლკრიკი” პარტნიორობის ფარგლებში, მათი გამორჩეული ჯიშის მოცვები “Sekoya”, ქოთნებში დავნერგეთ. ეფექტური მართვისთვის, სტაბილური ხარისხისა და მაღალი მოსავლიანობისთვის გავმართეთ თანამედროვე, ავტომატური ირიგაცია-ფერიგაციის სისტემა. პარალელურად, მივიღეთ მოცვის მოსავალი წყალტუბოსა და ხობში, ხოლო ნუშის მოსავალი ბოლნისში.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მოცვზე მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილურად მზარდია. ეს განპირობებულია როგორც ჯანსაღ კვებაზე გაზრდილი ყურადღებით, ისე პროდუქტის ფართო გამოყენებით სხვადასხვა ინდუსტრიაში. მოთხოვნა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ აღემატება მიწოდებას, რაც ქმნის რეალურ შესაძლებლობას ხარისხზე ორიენტირებული მწარმოებლებისთვის.
რამდენია „მკისას“ ათვისებული ტერიტორიების მოცულობა?
“მკისას” სამეურნეო ტერიტორიის ჯამური ფართობი 165 ჰა - ს შეადგენს. ხოლო ამ ფართობიდან ათვისებულია 105 ჰა. ხოლო ზემოთ ნახსენები, “ფოლკრიკის” ჯიშის მოცვები, რომლებიც ქოთნებში გავაშენეთ, დანერგილია 10 ჰექტარზე. კომპანიის მიზანი არა მხოლოდ მიწის ფართობის ზრდა, არამედ რესურსის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენებაა.
სხვა სიახლეები
2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა - „დადარი“
29.12.2025.14:00
2025 წელი ჩვენთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ხის ხელნაკეთი სათამაშოების საწარმო „დადარის“ დამფუძნებელმა, არჩილ გობეჯიშვილმა, განუცხადა.
„2025 წელი ჩვენთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა.
ბავშვთა დაცვის დღეს გავხსენით ჩვენი პირველი ბრენდული კუთხე ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში, სადაც მივიღეთ საოცრად თბილი გამოხმაურება, მომხმარებლების დიდი ყურადღება, მაღალი შეფასებები და იმაზე უკეთესი შედეგები, ვიდრე ველოდით.
ბევრისთვის აღმოჩენა იყო, რომ ასეთი ხარისხის ხის სათამაშოები საქართველოში მზადდება.
ამ გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ სწორ გზაზე ვართ და მოგვცა დიდი სტიმული, ჩვენი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა სხვადასხვა სივრცეში.
წლის ბოლოს გავხსენით ჩვენი მეორე ბრენდული კუნძული ისთ ფოინთის ახალ, თანამედროვე სივრცეში, სადაც ასევე ძალიან ბევრი თბილი გამოხმაურება მივიღეთ მომხმარებლებისგან.
ჩვენი სათამაშოები დიდი ინტერესითა და პატივისცემით მიიღეს სავაჭრო ცენტრის სტუმრებმმა. ბევრმა პირველად სწორედ იქ დაინახა, თუ როგორი ხარისხიანი, ეკომეგობრული და მზრუნველობით შექმნილი შეიძლება იყოს ქართული სათამაშო.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტის მიმართულებაც: გაღრმავდა თანამშრომლობა გერმანიაში, დავიწყეთ გრძელვადიანი პარტნიორობა უნგრეთში, და ვხედავთ, რომ ქართულ სათამაშოებს საერთაშორისო ბაზრებზე სულ უფრო მეტი სივრცე ეძლევა.
ასევე აღსანიშნავია ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია „აქციოს“ მხარდაჭერა, რომლის დახმარებითაც ამ წელს მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ საწარმოს ტექნიკურ-მატერიალური ბაზა და შევძელით ახალი, მოთხოვნადი პროტოტიპების შექმნა. ამან უდიდესი როლი ითამაშა როგორც ექსპორტის ზრდაში, ისე ადგილობრივი წარმოების განვითარებაში “, - აცხადებს არჩილ გობეჯიშვილი.
სოციალური საწარმო „დადარი" 2018 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე.