ჩვენი მთავარი მიზანი კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და ტექნოლოგიური ინტეგრაციის განვითარებაა - Ideahub
Ideahub შეიქმნა 2019 წელს, კომპანია „როქის“ მიერ - ორგანიზაციის, რომელიც უკვე 18 წელია ემსახურება ფერმერებს, აგრობიზნესსა და ვეტერინარულ სექტორს. Business Insider Georgia კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Ideahub -ის პროექტების ხელმძღვანელს, ანა ჭყონიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
ამ ეტაპზე კომპანიაში საკმაოდ აქტიური და დატვირთული პერიოდია. ვმუშაობთ რამდენიმე სხვადასხვა კომპანიასთან, სადაც თითოეული პროექტი ერთმანეთისგან განსხვავდება და ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. ეს პროცესები ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, ბიზნესის სპეციფიკის სწორად დანახვას და ოპერაციების იმგვარად დალაგებას, რომ საბოლოოდ კომპანიამ უფრო ეფექტიან, გამართულ და ციფრულ მოდელზე გადაინაცვლოს.
განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი როგორც ჩვენი კომპანიის, ისე ზოგადად ბიზნეს პროცესების გაციფრულების მიმართ. სულ უფრო მეტი ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია აღარ არის მხოლოდ სურვილი - ის ბიზნესის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა.
მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ თანამშრომელთა ტექნიკური და ტექნოლოგიური მზაობა რჩება. ხშირია შემთხვევა, როდესაც კომპანიას აქვს სურვილი, გარდაქმნას და გააუმჯობესოს პროცესები, თუმცა არ გააჩნია საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ ზუსტად განსაზღვროს, რა სჭირდება და როგორ უნდა დაიწყოს ეს ცვლილება.
სწორედ აქ იკვეთება ჩვენი მთავარი უპირატესობა - მოქნილობა, გამოცდილება და უნარი, თავად შევისწავლოთ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, გავაანალიზოთ პროცესები, შევთავაზოთ ოპტიმალური გადაწყვეტა და დავეხმაროთ მას გაციფრულების გზის ეფექტიანად გავლაში.
როგორ აფასებთ მოთხოვნას და ინტერესს ზოგადი თვალსაზრისით?
ზოგადი სურათით თუ შევაფასებთ, გაციფრულება დღეს უკვე არა მხოლოდ აქტუალური, არამედ ტრენდული მიმართულებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე თანამედროვე ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. კომპანიებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა პროცესების მოქნილობა და სიმარტივე - ის, რაც პირდაპირ განსაზღვრავს ოპერაციულ ეფექტიანობას.
მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა სწორად აღიქვას გაციფრულება არა როგორც ხარჯი, არამედ როგორც ინვესტიცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქმნის მნიშვნელოვნად მეტ სარგებელს - ამცირებს დანახარჯებს, ზრდის პროდუქტიულობას და აჩქარებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ, რომელმაც საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა. როდესაც კომპანიებს ვესაუბრებით კონკრეტულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე, პროცესების გაუმჯობესების პოტენციალი უკვე პირველივე ეტაპზე ხდება თვალსაჩინო. ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი რეალურად ხედავენ განხორციელებულ პროექტებს და თავად ერთვებიან ამ ტრანსფორმაციაში, ხშირ შემთხვევაში ინტერესი კიდევ უფრო იზრდება და ჩნდება სურვილი, დამატებითი პროცესებიც გაციფრულდეს.
სწორედ ეს ქმნის მოთხოვნის დინამიკურ ზრდას და ჩვენს საქმიანობასაც კიდევ უფრო მოთხოვნადსა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანს ხდის.
როგორია კომპანიის სამომავლო სტრატეგია და განვითარების ძირითადი მიმართულებები?
ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიზანია, რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ შეძლოს ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელება და საკუთარ საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანად ინტეგრირება. სწორედ ამ მიმართულებით აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, რათა გავაფართოოთ თანამშრომლობა და დავეხმაროთ ბიზნესებს ოპერაციული პროცესების გამარტივებასა და ოპტიმიზაციაში.
პარალელურად, მნიშვნელოვან ფოკუსს ვაკეთებთ განათლებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, ვგეგმავთ ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც დაეხმარება კომპანიებს უკეთ გააცნობიერონ, რა არის გაციფრულება, რა გამოწვევებს უკავშირდება და როგორ შეიძლება ამ გამოწვევების ბიზნესის სასარგებლოდ გარდაქმნა. მიგვაჩნია, რომ წარმატებული ტრანსფორმაციის საფუძველი სწორედ მმართველი გუნდის სწორ ხედვასა და ინფორმირებულობაზე გადის.
მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ბუნებრივად დგება გუნდის გაფართოების საჭიროებაც, რასაც უკვე აქტიურად განვიხილავთ. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ხარისხი და მოქნილობა იმ პირობებშიც კი, როდესაც პროექტების რაოდენობა იზრდება.
სტრატეგიულად, ვრჩებით იმ მიმართულების ერთგულნი, რომელიც თავიდანვე ავირჩიეთ- დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესებს პროცესების ავტომატიზაციასა და ეფექტიან მართვაში. გვჯერა, რომ სწორედ ეს სეგმენტი ფლობს ყველაზე დიდ პოტენციალს და ამავე დროს ყველაზე მეტად საჭიროებს ტექნოლოგიურ მხარდაჭერას. შესაბამისად, ჩვენი განვითარებაც ამ ფოკუსის გაძლიერებაზეა მიმართული.
ცნობისთვის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის სურვილის მქონე პირებს შეუძლიათ კომპანიასთან დაკავშირება :
info@ideahub.ge |http://www.ideahub.ge/ | +995 551 08 30 84
სხვა სიახლეები
„მტევანი კოსმეტიკსი“ გაფართოებას აგრძელებს - ბრენდი სავაჭრო მოლებში ახალ სივრცეებს ამატებს
17.04.2026.14:00
ქართული ყურძნის კოსმეტიკური ბრენდი „მტევანი კოსმეტიკსი“ გაფართოებას აგრძელებს და სავაჭრო მოლებში ახალ სივრცეებს ამატებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე ბოლქვაძემ განუცხადა.
„ჩვენ ორი მიმართულებით ვაქტიურობთ. პირველი - მოლებში სავაჭრო სივრცეების განვითარებაა. ვქმნით ბრენდის კონცეფციაზე დაფუძნებულ, დახვეწილი დიზაინის მქონე სივრცეებს. პირველი ლოკაცია ორი კვირის წინ გაიხსნა „ისთ ფოინთში“, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია გახსნა „თბილისი მოლში“, რის შემდეგაც ეტაპობრივად გავფართოვდებით სხვა მოლებშიც.

„გარდა ამისა, ჩვენ ხელი მოვაწერეთ პირველ ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ერთ ქართველ მეწარმეს მიენიჭა უფლება, დასავლეთ საქართველოში სავაჭრო ცენტრებში განავითაროს ჩვენი ბრენდის სივრცეები. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში პირველი სტენდი ქუთაისში 27 აპრილს გაიხსნება.
აქტიურად ვგეგმავთ მსხვილი ქალაქების ათვისებას - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და სხვა, სადაც სრულად იქნება წარმოდგენილი ჩვენი პროდუქცია.
გაიზარდა პროდუქციის ასორტიმენტი და დაემატა სასაჩუქრე ყუთები, რომლებიც გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინით. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სავაჭრო მოლებში განთავსებულ სტენდებზე პროდუქციის სრული ასორტიმენტი იხილოს.

გარდა ამისა, ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობის გზით. უახლოეს ერთ კვირაში PSP-ს და „ავერსის“ სააფთიაქო ქსელებს დაემატება GPC-ისა და „ფარმადეპოს“ ქსელები “, - აცხადებს ალექსანდრე ბოლქვაძე.
კომპანია სამომავლოდ ექსპორტის საკითხის გააქტიურებას გეგმავს.
„მაისის დასაწყისში ვმონაწილეობთ Beauty Istanbul გამოფენაში, ხოლო მაისის ბოლოს - Beauty Exhibition Kazakhstan-ში, რომელიც ფარავს ცენტრალური აზიის ბაზარს.
ამ ქმედებებით ვიწყებთ აქტიურ მუშაობას და მიზანმიმართულ ფიქრს ექსპორტზე. პარალელურად ვიწყებთ სტრატეგიულ, ტარგეტირებულ მუშაობას ექსპორტის მიმართულებით “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, კომპანიის კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა. საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.