ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის პრაქტიკულობა, რომელიც რეალურ ბიზნეს გამოცდილებას ეფუძნება - „მართვის აკადემია“
„მართვის აკადემია“ არის ორგანიზაცია, რომლის მისიაა მართვის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს ბიზნეს, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორში. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia ორგანიზაციის თავმჯდომარეს ქეთი ტყავაძეს ესაუბრა.
- როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე
ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
"მართვის აკადემია" დაარსდა თხუთმეტი წლის წინ სანდრო ჯეჯელავას, ვანო ნადირაძის და მაია მიქაშავიძის მიერ მკაფიო მისიით გაეუმჯობესებინათ მენეჯმენტის ხარისხი ქართულ ორგანიზაციებში. იმ პერიოდში საქართველოში პროფესიული მენეჯერული განათლება თითქმის არ არსებობდა, თუ რამეს აღმოაჩენდით, ისიც თეორიულ და აკადემიურ მიდგომებზე იქნებოდა დაფუძნებული, რაც რეალური სამუშაო გამოწვევებისთვის პრაქტიკულ გზამკვლევებს ნაკლებად სთავაზობდა მონაწილეებს.
თავიდანვე "მართვის აკადემიამ" განსხვავებული მიდგომა აირჩია. ჩვენი მიზანი იყო მაქსიმალურად პრაქტიკული ტრენინგების შექმნა, რომლებიც მენეჯერებს დაუყოვნებლივ გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს მიაწვდიდა ყოველდღიურ საქმიანობაში. ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეები იღებენ არა მხოლოდ ცოდნას, არამედ კონკრეტულ მეთოდებს, მოქმედების გეგმებსა და ჩარჩოებს, რომლებიც მათ გუნდების ხელმძღვანელობაში, პროექტების მართვასა და ბიზნესის შედეგების გაუმჯობესებაში ეხმარება.
საქმიანობა დავიწყეთ პროექტების მართვისა და ზოგადი მენეჯმენტის პროგრამებით და ეტაპობრივად გავაფართოეთ მიმართულებები ლიდერობის განვითარებაში, გუნდის მართვაში, კომუნიკაციაში, პროდუქტიულობაში, ინოვაციებსა და სხვა მენეჯერულ კომპეტენციებში. დროთა განმავლობაში დივერსიფიცირდა ფორმატებიც — ტრადიციული საკლასო ტრენინგებიდან მასტერკლასებამდე, ჰიბრიდულ პროგრამებამდე და კონკრეტულ ორგანიზაციულ საჭიროებებზე მორგებულ კორპორატიულ ტრენინგებამდე.
2016 წლიდან "მართვის აკადემია" აქტიურად ამზადებს პროფესიონალებს საერთაშორისო აღიარების მქონე PMP სერტიფიკაციისთვის (Project Management Professional Certification), რაც პასუხობს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კომპანიების მზარდ მოთხოვნას გლობალურად სერტიფიცირებულ პროექტ-მენეჯერებზე. ამ წლების განმავლობაში ჩვენ 300-ზე მეტ პროფესიონალს დავეხმარეთ PMP სერტიფიკატის მიღებაში, რითაც მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ პროექტების მართვის სტანდარტები საქართველოში.
ჯამში "მართვის აკადემიამ" 10 000-ზე მეტი მენეჯერი და პროფესიონალი გადაამზადა სხვადასხვა ინდუსტრიიდან, მათ შორის საბანკო, სადაზღვევო, სამშენებლო, საწარმოო, მომსახურების და სხვა სექტორებიდან. ასევე, ამ წლების განმავლობაში ვეხმარებოდით ორგანიზაციებს შიდა სასწავლო ცენტრების შექმნასა და ინჰაუს ტრენერების განვითარებაში, რათა ცოდნის მასშტაბირება დიდ გუნდებში გამხდარიყო შესაძლებელი.
2018 წელს გავაფართოეთ ჩვენი ეკოსისტემა და დავაარსეთ Flowmaster - კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციურ სასწავლო პროდუქტებზე, როგორიცაა ვიდეოტრენინგები, ციფრული საგანმანათლებლო კონტენტი, LMS (Learning Management System) აპლიკაციით ჰიბრიდული პროგრამები, რომლებიც მოიცავს ფიზიკური შეხვედრების და სასწავლო აპლიკაციიდან სწავლის კომბინაციას. ეს ნაბიჯი გვაძლევს საშუალებას, ეფექტურად ვუპასუხოთ სწავლის ჩვევების ცვლილებებსა და ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციებს.
დღეს "მართვის აკადემია" და Flowmaster ერთად აგრძელებენ პროფესიული განათლების პიონერის როლს და მუდმივად ადაპტირდებიან და ინოვაციებს ნერგავენ, რათა დაეხმარონ ქართველ პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს წარმატებით გაუმკლავდნენ მუდმივად ცვალებად ბიზნესგარემოს.
- როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში მენეჯერული და ლიდერული განვითარების მიმართ მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ორგანიზაციები სულ უფრო კარგად აცნობიერებენ, რომ ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ ტექნიკურ ექსპერტიზაზე, არამედ ლიდერობის ხარისხზე, გუნდის მართვასა და ეფექტურ კომუნიკაციაზე.
ამასთან ერთად, თავად ლიდერობის ცნებაც შეიცვალა. სამუშაო ძალაში ახალი თაობების შემოსვლამ, ტექნოლოგიურმა პროგრესმა, პოსტპანდემიურმა რეალობამ და მიმდინარე ეკონომიკურმა გამოწვევებმა მენეჯერების მიმართ მოლოდინები გარდაქმნა. თანამედროვე ლიდერს მოეთხოვება სტრატეგიული აზროვნება, ემოციური ინტელექტი, ადაპტირებადობა და ადამიანზე ორიენტირებული ხელმძღვანელობა.
ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის ტენდენციებს და შესაბამისად ვაახლებთ პროგრამებს. მაგალითად, მზარდ ინტერესს ვხედავთ ისეთი თემების მიმართ, როგორებიცაა ლიდერობის ტრანსფორმაცია, ემოციური ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტი მენეჯმენტში და ინოვაციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.
ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მონაწილეებთან მჭიდრო ურთიერთობა. მენეჯერებისა და კომპანიების უკუკავშირი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი პროგრამების გაუმჯობესებაში. ყოველი ტრენინგის შემდეგ ვუსმენთ ჩვენს მონაწილეებს და მუდმივად ვხვეწავთ კონტენტს, ინსტრუმენტებსა და ფორმატებს, იმისთვის რომ ტრენინგები პრაქტიკული და რეალურ სამუშაო გარემოში გამოსაყენებელი დარჩეს.
შედეგად, ვხედავთ სტაბილურ და მზარდ მოთხოვნას როგორც ინდივიდუალური პროფესიონალებისგან, ისე ორგანიზაციებისგან, რომლებიც თავიანთი გუნდებისთვის გრძელვადიან განვითარების გადაწყვეტილებებს ეძებენ.
- რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის პრაქტიკულობა, რომელიც რეალურ ბიზნესგამოცდილებას ეფუძნება.
"მართვის აკადემიის" ტრენინგები არ არის მხოლოდ თეორიაზე დაფუძნებული. ჩვენი ტრენერები თავად არიან გამოცდილი პრაქტიკოსები, რომლებსაც მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და კარგად ესმით ორგანიზაციებში არსებული რეალური გამოწვევები. ეს გვაძლევს საშუალებას, შევთავაზოთ მონაწილეებს რეალობაზე დაფუძნებული და ქართულ კულტურაზე მორგებული გადაწყვეტილებები.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ქმედითი ინსტრუმენტებზე ძლიერი ფოკუსი. მონაწილეები არ შემოიფარგლებიან ლექციების მოსმენით — ისინი მუშაობენ პრაქტიკულ ქეისებზე, ამუშავებენ საკუთარ ბიზნესგამოწვევებს და ტრენინგებს ტოვებენ კონკრეტული მოქმედების გეგმებით.
ასევე, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ორგანიზაციებთან და ვქმნით მორგებულ კორპორატიულ პროგრამებს, რომლებიც კონკრეტულ საჭიროებებს პასუხობს და უზრუნველყოფს გაზომვად შედეგებს.
და ბოლოს, ჩვენი ეკოსისტემური მიდგომა, რომელიც აერთიანებს პირისპირ ტრენინგებს, ციფრულ სასწავლო პლატფორმებს, ვიდეოკონტენტსა და Flowmaster-ის მეშვეობით გრძელვადიან განვითარების გადაწყვეტილებებს გვაძლევს შესაძლებლობას, სწავლა ერთი ტრენინგის ფარგლებს გაცდეს და ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის მდგრადი განვითარების გზები შეიქმნას.
- რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ?
ჩვენი სამომავლო გეგმები მიმართულია საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისა და მენეჯერების რეალურ და მუდმივად ცვალებად საჭიროებებზე დროული და ეფექტური პასუხისის მიწოდებისკენ.
ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება საქართველოს ფარგლებში პრაქტიკული და მაღალი გამოყენებადობის მქონე სასწავლო გადაწყვეტილებების შეთავაზება. ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად გვესახება მოკლე, მკვეთრად ფოკუსირებული მასტერკლასების კიდევ უფრო განვითარება, რომლებიც დატვირთულ პროფესიონალებს საშუალებას მისცემს, მოკლე დროში მიიღონ მარტივი და პრაქტიკული ინსტრუმენტები, სამუშაო პროცესში ადვილად გამოყენებისთვის. პარალელურად, მუდმივად ვაფართოებთ თემების სპექტრს, იმისთვის, რომ მენეჯერებს ჰქონდეთ მხარდაჭერა თანამედროვე ლიდერული, გუნდური და ორგანიზაციული გამოწვევების დაძლევაში.
ამასთან ერთად, Flowmaster-ის მეშვეობით ვაგრძელებთ ინოვაციური სასწავლო პროდუქტების განვითარებას, მათ შორის ციფრული სასწავლო ინსტრუმენტების, ვიდეოზე დაფუძნებული საგანმანათლებლო კონტენტის და თანამედროვე სასწავლო მართვის სისტემების შექმნას, რაც პროფესიულ განვითარებას კიდევ უფრო მოქნილსა და ხელმისაწვდომს ხდის.
ჩვენი მიზანი კვლავ მკაფიოა: დავეხმაროთ ქართულ ორგანიზაციებსა და მენეჯერებს უკეთ იმუშაონ, უფრო სწრაფად მოერგონ ცვლილებებს და უფრო ეფექტურად მართონ პროცესები მუდმივად ცვალებად ბიზნესგარემოში.
დღის ტოპ 10 სიახლე
კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში ხაშურისა და გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
სხვა სიახლეები
როგორ ჩამოყალიბდა „გურამიშვილის მარანი“ მეღვინეობის, გასტრონომიისა და სტუმარ-მასპინძლობის ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცედ
06.03.2026.14:00
„გურამიშვილის მარანი“ არის ადგილი, რომელიც უკვე წლებია ქართული მეღვინეობის, სტუმართმოყვარეობისა და დაუვიწყარი ღონისძიებების ნაწილია. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia მარნის გენერალურ მენეჯერს, მაკა კოკოტაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„გურამიშვილის მარნის“ ისტორია სათავეს XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს, როცა ეს ადგილი ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა. ამ მარანში ღვინის წარმოება მხოლოდ მეურნეობის ნაწილი არ ყოფილა, ის იყო ილიას შეხვედრების, საუბრისა და მასპინძლობის ბუნებრივი ნაწილი.
2015 წელს დავიწყეთ ისტორიული მარნის აღდგენა და ილიასეული ღვინის დაწურვის ტრადიციის განახლება. გვინდოდა, რომ სივრცეს თავისი სული შეენარჩუნებინა და ისტორია მხოლოდ კედლებში არ დარჩენილიყო. ამავე პერიოდში გავხსენით პირველი რესტორანი, რომელმაც მარნის ცხოვრება თანამედროვე სტუმრისთვის განაახლა.
დღეს, „გურამიშვილის მარანი“ ხუთ განსხვავებულ სივრცეს აერთიანებს. სტუმრებს ვთავაზობთ ქართულ და ევროპულ კულინარიულ გამოცდილებას, ღვინის ტურებს, ყოველდღიურ ვახშმებსა და თემატურ ღონისძიებებს. აქ განსაკუთრებით ხშირად მართავენ
ქორწილებსა და ხელის მოწერის ცერემონიალებს - ინტერიერის სითბო და გარემოს სიმშვიდე ამ მომენტებს განსაკუთრებულ ატმოსფეროს აძლევს.

რამდენი სახეობის ღვინოს აწარმოებს "გურამიშვილის მარანი" ამჟამად?
დღეს, „გურამიშვილის მარანი“ პრემიუმ კლასის ღვინოებს აწარმოებს და ქართლის მეღვინეობის თანამედროვე სახეს წარმოადგენს. იმ რეგიონისას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა საკუთარ, გამორჩეულ ღვინის კულტურას.
ღვინოები იწარმოება მარნის საკუთარ ვენახებში მოყვანილი, ქართლის ენდემური ჯიშებისგან: ბუზა, დანახარული, შავკაპიტო და სხვა უნიკალური ყურძნის სახეობები. წარმოების პროცესი ეფუძნება კლასიკურ ევროპულ მეთოდს - ნაწილი ღვინოებისა მუხის კასრებში დავარგებით მზადდება, ცქრიალა ღვინის ხაზში კი გამოიყენება კლასიკური შამპანიზაციის მეთოდი (méthode classique). თითოეული დასახელება შეზღუდული რაოდენობით იწარმოება, რაც ღვინოებს განსაკუთრებულ ხასიათსა და იდენტობას ანიჭებს.
ბრენდის ასორტიმენტი აერთიანებს როგორც მშრალ წითელ და თეთრ ღვინოებს - შავკაპიტო, ბუზა, დანახარული, თავკვერი, გორული მწვანე, ქისი, ხიხვი, ჩინებული, ცოლიკოური და სხვა. ასევე კასრში დავარგებულ სპეციალურ ხაზებსა და აის ვაინებს, მათ შორის საფერავის, ჩხავერის, კახური მწვანესა და ცოლიკაურის ტკბილ ინტერპრეტაციებს. წარმოდგენილია ნახევრად ტკბილი ღვინოებიც, როგორიცაა ოჯალეში და ხვანჭკარა აის ვაინი.

„გურამიშვილის მარანი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის Decanter, Mundus Vini, London Wine Competition და Dubai International Taste Awards და სხვა. ეს აღიარებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართლის ენდემური ჯიშების პოტენციალს და ჩვენი მარნის კონსისტენტურ ხარისხს.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი კონკურენტული უპირატესობა რამდენიმე მიმართულების თანხვედრაშია.
პირველ რიგში, ეს არის ქართლის ენდემურ ჯიშებზე ფოკუსი და საკუთარი ვენახებიდან წარმოება - ჩვენ ვმუშაობთ ისეთ ყურძენზე, რომელიც რეგიონს ეკუთვნის და სწორედ აქ ავლენს თავის ნამდვილ ხასიათს. ეს გვაძლევს იდენტობას, რომელიც გამორჩეულია და სხვა რეგიონების სტილს ვერ იმეორებს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია შეზღუდული რაოდენობით წარმოება. ჩვენ არ ვმუშაობთ მასშტაბზე, არამედ ხარისხზე - თითოეული ღვინო კონტროლირებულია ვენახიდან ბოთლამდე. ამასთან, კლასიკური ევროპული ტექნოლოგია, მუხის კასრებში დავარგება და ცქრიალა ღვინოების კლასიკური მეთოდით წარმოება, რაც პროდუქციას სიზუსტესა და სტაბილურობას ანიჭებს.

ამ ყველაფერს ემატება რესტორნის მიმართულება - კულინარია, რომელიც ღვინოსთან ჰარმონიაშია შექმნილი. სტუმარს შეუძლია ადგილზე დააგემოვნოს ღვინო იმ გარემოში, სადაც ის იბადება, და კერძების მეშვეობით უკეთ გაიგოს მისი ხასიათი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მარანი აქტიურად მასპინძლობს მრავალპროფილურ ღონისძიებებს - ქორწილებს, ხელის მოწერის ცერემონიალებს, კორპორატიულ საღამოებსა და კულტურულ შეკრებებს. ისტორიული სივრცე და ბუნებრივი გარემო ამ ღონისძიებებს განსაკუთრებულ ატმოსფეროს ანიჭებს.
საბოლოოდ, გურამიშვილის მარანი აერთიანებს მეღვინეობას, გასტრონომიასა და განსხვავებული ფორმატის ღონისძიებებს ერთ კონცეფციაში, რაც მას ბაზარზე გამორჩეულ და კომპლექსურ გამოცდილებად აქცევს.
როგორია სამომავლო გეგმები განსაკუთრებით ასორტმენტის ზრდის / გაფართოების მიმართულებით?
სამომავლოდ, ჩვენი ფოკუსი მხოლოდ ღვინის ასორტიმენტის ზრდაზე არ არის ორიენტირებული - ჩვენ ვმუშაობთ ერთიან გამოცდილებაზე, სადაც ღვინო და გასტრონომია ერთმანეთთან კიდევ უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული.
ამ ეტაპზე უკვე წარვადგინეთ განახლებული მენიუ - „ტრადიცია და თანამედროვე კულინარია შეფ-მზარეულის ინტერპრეტაციით“. ახალი კონცეფცია აერთიანებს ქართულ მემკვიდრეობას და თანამედროვე ტექნიკას - დავარგებული ხორცი, შავი ზღვის თევზი, რეგიონული სუნელები და ღვინით გამდიდრებული არომატები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხანგრძლივი ტექნოლოგიური პროცესით მომზადებულ კერძებს, როგორიცაა ხბოს დავარგებული რბილი ნეკნი – AU FOUR, 6 საათის განმავლობაში ღუმელში გამომცხვარი, დავარგებული ანტრეკოტი, ზღვის მარილში გამომცხვარი სიბასი, ასევე თანამედროვე ინტერპრეტაციები და საერთაშორისო შტრიხები.

თითოეულ მნიშვნელოვან პოზიციას ახლავს ღვინის სპეციალურად შერჩეული რეკომენდაცია, რაც მარნის ღვინოებს მენიუს ორგანულ ნაწილად აქცევს.
რაც შეეხება ღვინის ასორტიმენტს, ვაგრძელებთ მუშაობას ენდემური ჯიშების განვითარებაზე და ახალი მცირე ხაზების შექმნაზე, მათ შორის ცქრიალა ღვინის და სპეციალური რეზერვის მიმართულებით.
პარალელურად, ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც ჩვენს გასტრონომიულ მიმართულებას სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს. ამ ეტაპზე დეტალებს ვერ გავამჟღავნებთ, თუმცა ეს იქნება ხარისხის სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლება, საერთაშორისო დონეზე პოზიციონირების გაძლიერება და კულინარიული გამოცდილების დახვეწა ისეთ დონემდე, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან აღიარებას მოიტანს.
ჩვენი მიზანია, „გურამიშვილის მარანი“ იყოს არა მხოლოდ ისტორიული სივრცე და პრემიუმ ღვინის ბრენდი, არამედ ადგილი, სადაც ქართული გასტრონომია თანამედროვე პროფესიონალიზმის უმაღლეს ნიშნულს აღწევს.
ინფორმაციისთვის, ობიექტი თბილისიდან 30 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს.