ჩვენი მიზანია დავმუხტოთ მომხმარებლები დადებითი ემოციებით - JOLLY
JOLLY ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ანასტასია ბაგრატიონს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ხალისიანი, ფერადი, მიმზიდველი და დადებითი ემოციებით დატვირთული - სიტყვა "ჯოლი" სწორედ ამას ნიშნავს და ამავე იდეითვე შეიქმნა ბრენდი 2019 წელს. ბაზარზე ფერადი ჩანთებით შემოვედით და თითქმის უკვე 3 წელია მომხმარებლებს, რომლებსაც #JOLLYgirls - ამ სახელით მოვიხსენიებთ ჩვენს პლატფორმებზე, მუდმივად განახლებულ კოლექციას ვთავაზობთ ყოველდღიურობის გასამრავალფეროვნებლად. ფერად მასალებს მინიმალისტური დეტალებით ვაფორმებთ: მზე -ჩვენთვის ბედნიერების სიმბოლოა, გული -სიყვარულთან ასოცირდება, ვარსკლავები კი ენერგიასთან. ამ დეტალებს ჩვენს პროდუქციაში ხშირად შეხვდებით.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ამჟამად, ჩვენი პროდუქციის უმეტესი ნაწილი ჩანთებისგან შედგება, გვაქვს სხვადასხვა სტილის, ფორმის, ზომის და მასალის ჩანთები, ასევე ფეხსაცმელები, შარფები, საყელოები, ნაქსოვი ბალაკლავები, რომლებიც ზამთარში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მუდმივად ვცდილობთ ჩვენი მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბევრი მომხმარებელი გვეუბნება, რომ ჩვენი პროდუქცია მათ ყოველდღიურობას ახალისებს, JOLLY- ის მიზანიც ეს არის: დავმუხტოთ ისინი დადებითი ემოციებით. ქუჩაში უამრავი ადამიანი გვხვდება ჩვენი ჩანთებით, რაც უდიდეს სტიმულს გვაძლევს უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდეთ, დაინტერესებაც დღითიდღე უფრო იზრდება და ეს ძალიან გვახარებს.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ვცდილობთ პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, რაზეც ყოველდღე ვმუშაობთ, ხელმისაწვდომობასთან ერთად ხარისხიც უმნიშვნელოვანესია. თითოეული მომხარებელი ჩვენთვის გამორჩეულია და ისინი ამას ყოველთვის გრძნობენ. ეს ფაქტორიც განაპირობებს „ჯოლის“, როგორც მათ საყვარელ ქართულ ბრენდად ჩამოყალიბებას. როგორც დამფუძნებელი, თავად ვარ ჩართული წარმოების ყველა ეტაპში, რადგან ის ხარისხი, რომელიც სხვებისგან გამოგვარჩევს მუდმივად უცვლელი და გაუმჯობესებული უნდა იყოს. აღსანიშნავია ჩვენი მკერავები, რომლებიც დიდი სიყვარულით ქმნიან თითოეულ პროდუქტს და ბრენდთან ერთად ვითარდებიან. გვჯერა, რომ წარმატებული საქმის უკან ყოველთვის ბედნიერი და სწორედ ამ საქმეზე შეყვარებული ადამიანები დგანან.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვაპირებთ გუნდის გაფართოებას და ახალი პროდუქტების დამატებას, რასაც ჩვენი ერთგული მომხმარებელი მალე იხილავს.
ცნობისთვის, მომხმარებელს პროდუქციის შეძენა შეუძლია ონლაინ, სხვადასხვა ციფრული არხის გამოყენებით.
სხვა სიახლეები
მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ [ენერგეტიკის] დარგი აქტიურად დავაფინანსოთ - ზურაბ ქოქოსაძე
18.04.2026.03:49
„ენერგეტიკაში ინვესტიციები და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხებია, განსაკუთრებით იმ ვითარების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში ხდება,“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძემ ეკონომიკური ფორუმის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიდგომასა და შესაძლებლობებს მიეძღვნა.
ფორუმი გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც ფორუმის მონაწილე ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებები გააცნო.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას საქართველოსთვის განვითარებისთვის ენერგოდამოუკიდებლობის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. ზურაბ ქოქოსაძემ ასევე დადებითად შეაფასა ის პროექტები, რომელთაც ეკონომიკის სამინისტრო ამ მიზნის მისაღწევად ახორციელებს.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ხაზი გაუსვა ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორისადმი გაზრდილ ინტერესს. „ინტერესი ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდია. ბევრი პროექტია, რაც ახლა დამუშავების ეტაპზეა ჩვენს ბანკში. დაახლოებით 700 მლნ ლარის ენერგოპროექტია მხოლოდ ჩვენ ბანკში და ვიმედოვნებ, რომ ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება. შესაბამისად მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ დარგი აქტიურად დავაფინანსოთ,“ - აღნიშნა ზურაბ ქოქოსაძემ.