ჩვენი ღირებულება მაღალი ხარისხია - „მარბლუ“
Marblue • მარბლუ ეს არის ქართული ბრენდი, რომელიც აწარმოებს ხელნაკეთ სამკაულებს ბუნებრივი ქვებით. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს მარიამ ლომინაძეს ესაუბრა. მისივე თქმით, ბრენდი 2021 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ქმნის განსხვავებულ, ხარისხიან პროდუქციას.
„საქმიანობა 2021 წელს დავიწყე. თავდაპირველად, მხოლოდ სამაჯურებს ვამზადებდი ნატურალური ქვებისგან. ვიყენებდი იმ მასალას, რომელიც იმ დროს ქართულ ბაზარზე მოიპოვებოდა. შემდეგ კი მიზნად დავისახე მომხმარებლისთვის განსხვავებული პროდუქტის შეთავაზება. ბევრი ძიებისა შემდეგ, რაც თითქმის ორი წელი გაგრძელდა, აღმოვაჩინე იაპონური ხელნაკეთი ბისერი. პროდუქტი, რომელიც იმ პერიოდში საქართველოში არ იყო შემოტანილი. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ის ქართულ ბაზარზე შემოიტანა. ამ ბისერისგან დამზადებული სამაჯურები გახდა ჩვენი ნიშა. სწორედ ამით განვსხვავდებით და დღეს ეს მოდელები ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს წარმოადგენს ჩვენს ასორტიმენტში “, - ამბობს მარიამ ლომინაძე.
ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებლებს სამაჯურებს და ყელსაბამებს სთავაზობს.
„ამ ეტაპზე ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს სამაჯურებსა და ყელსაბამებს. ვმუშაობთ ამ ორი მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ეს აქსესუარები ყველაზე ხშირად გამოიყენება როგორც ქალბატონების, ისე მამაკაცების მიერ “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანიას სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ყველაზე მთავარი კი ხელმისაწვდომი ფასები და მაღალი ხარისხია.
„პირველ რიგში, ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა მისაღები ფასებია. ამით ბევრ კომპანიას ვუწევთ კონკურენციას. გარდა ამისა, თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისი გვაქვს უფასო. რაც შეეხება მასალებს, იმ ხარისხის მასალები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, საქართველოში ძალიან იშვიათია და მხოლოდ რამდენიმე ბრენდს აქვს. თითოეული ელემენტი მოოქროვილია, მათ შორის ბისერიც. ხარისხს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან სწორედ ეს ქმნის ჩვენს ღირებულებას. ყველა დეტალს საკუთარი ხელით ვამზადებ და ვაკონტროლებ, მასალები კი ჩვენი პროდუქციის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.
გვყავს ბევრი ერთგული მომხმარებელი. მათთვის, ჩვენი აქსესუარები ყოველდღიურობის ნაწილია. აქტიურად ვმონაწილეობთ ბაზრობებსა და გამოფენებში, სადაც ინტერესი გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა “, - აცხადებს მარიამ ლომინაძე.
სამომავლოდ „მარბლუ“ ასორტიმენტის გაფართოებასა და გამრავალფეროვნებას გეგმავს.
სამომავლოდ, ვგეგმავთ სტენდის გაკეთებას. რამდენიმე წლის შემდეგ კი ვერცხლის ხაზის დამატებას. გვსურს, რომ ის ჩარმები, რაც დღეს გვაქვს, ვერცხლისგან დამზადდეს, მოოქროვილი დეტალებით, ჩვენი ნიშის და ბრენდირების შესაბამისად. სწორედ ამ მიმართულებით ვაპირებთ განვითარების გაგრძელებას “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, აქსესუარები მზადდება ინდივიდუალური შეკვეთით და შეძენა შესაძლებელია ონლაინ Instagram ან Facebook გვერდის მეშვეობით. გარდა ამისა, თბილისის აეროპორტში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში. ასევე პროდუქცია ხელმისაწვდომია Extra.ge-ზე, Gifthub.ge -ზე VELI.store -ზე.
სხვა სიახლეები
17.07.2025.18:00
Tsesi estate არის მყუდრო სასტუმრო რაჭაში, რომელმაც ოპერირება სულ ახლახან დაიწყო. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia სასტუმროს დამფუძნებელს ზუკა მაისაშვილს ესაუბრა.
„გავხსენით ხუთნომრიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო, რომლის დაჯავშნა შესაძლებელია Airbnb-ისა და Booking.com -ის პლატფორმებზე, აგრეთვე სოციალური ქსელების მეშვეობით. ამ ეტაპზე კვებით მომსახურებას არ ვთავაზობთ ვიზიტორებს თუმცა, წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ საკითხის უზრუნველყოფაც.
პროექტი განხორციელდა ჩვენი საკუთარი რესურსებითა და სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით , მაღალმთიანი მეწარმეობის განვითარების პროექტის ფარგლებში.
სივრცეში, სადაც სასტუმრო მდებარეობს, შესაძლებელია "ღვინუკას" ღვინოების დაგემოვნება. ადგილზე მდებარეობს ბიო სერტიფიცირებული ვენახი, ხოლო სასტუმრო ერთდროულად 10-12 სტუმარს მასპინძლობს.
უკვე გვაქვს ჯავშნები, აგვისტოს ნახევარზე მეტი დაჯავშნილია. ამ ეტაპზე ჯავშნების უმრავლესობა უცხოელებისგან მოდის. აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ტურისტული ნაკადი გაიზარდოს არამხოლოდ სეზონურ, არამედ არასეზონურ პერიოდებშიც. გვინდა, რომ რაჭა მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ ლოკაციად არ დარჩეს “, - აცხადებს ზუკა მაისაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ეს მიმართულება კომპანიის დამფუძნებლისთვის სიახლეა. ამ ეტაპზე ხდება გამოცდილების დაგროვება და მომავალში, ბიზნეს პოტენციალიდან გამომდინარე, შესაძლოა გაფართოებაც.