ჩვენი გაყიდვები სამჯერ არის გაზრდილი - „ზარბაზანი“
ქართული ღვინის კოსმეტიკურმა ბრენდმა „ზარბაზანმა“ რითეილ სექტორში პარტნიორობა გააფართოვა. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე ბოლქვაძემ განუცხადა.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ფარმაცევტულ სექტორთან, რათა ჩვენი პოზიციები გავამყაროთ და საბედნიეროდ, ეს უკვე ხორციელდება. ყველაზე ფართო თანამშრომლობა გვაქვს „ფარმსახლის“ და „ავერსის“ ფარმაცევტულ ქსელთან. „პსპ“-ს რამდენიმე ფილიალში უკვე წარმოდგენილნი ვართ და სულ ახლახანს დაგვიდასტურეს, რომ ჩვენი პროდუქცია ბევრად მეტ ფილიალში სურთ რომ იყოს წარმოდგენილი.
ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს „იმპექსთან“ და სავარაუდოდ, მომავალი თვიდან ჩვენს პროდუქტს „იმპექსის“ ფილიალებშიც იხილავს მომხმარებელი. ასევე შევედით „მოზაიკაში“, რომელიც უფრო კოსმეტიკური პროდუქციის ქსელია და არა ფარმაცევტული სექტორი. ამჟამად, წარმოდგენილები ვართ 14 ფილიალში, ჯამში კი ქსელს 28 ფილიალი აქვს. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე სრულად ყველა ფილიალში ვიქნებით წარმოდგენილი.
სულ მალე შევალთ „ნავნეში“ მოლაპარაკება დასრულებულია. თავდაპირველად ჩვენი პროდუქცია 10 ფილიალში განთავსდება, მოგვიანებით კი კიდევ 10 ფილიალი დაემატება, რაც ჯამში 20 ფილიალს ნიშნავს.
ასევე შევედით „კარფურში“, თუმცა მხოლოდ თხევადი საპნების ხაზით და არა კოსმეტიკური საშუალებებით. საწყის ეტაპზე პროდუქცია განთავსებულია ორ დიდ ფილიალში - „ისთ ფოინთში“ და „თბილისი მოლში “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
„ზარბაზანის“ პროდუქცია უკვე Veli Store-ზეც ხელმისაწვდომია. უახლოეს პერიოდში კი Extra.ge-ზეც ხელმისაწვდომი იქნება.
„ჩვენ უკვე დავემატეთ Veli Store-ს და სავარაუდოდ, ოქტომბრიდან ჩვენი პროდუქცია Extra.ge-ზეც ხელმისაწვდომი იქნება. უახლოეს პერიოდში იგეგმება ჩვენი პროდუქციის განთავსება Wolt-ის Health & Beauty კატეგორიაში.
მომავალ წელს ვგეგმავთ მონაწილეობას Beauty Istanbul-ში. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რათა უფრო გავააქტიუროთ ექსპორტის მიმართულება. ჩვენ სწორად შევარჩიეთ პროდუქცია ფარმაცევტული სექტორისთვის, სწორად მოვახდინეთ ფასების კორექტირება და დავამყარეთ თანამშრომლობა ინფლუენსერ დალი ჩიტალაძესთან. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი გაყიდვები მინიმუმ სამჯერ გაიზარდა. ეს მხოლოდ დასაწყისია. ვფიქრობ, რომ მომავალში საუბარი აღარ იქნება იმაზე, რომ წარმოდგენილები ვართ „ავერსის“ 30 ფილიალში, არამედ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ვიქნებით 300 ფილიალში და ეს იგივენაირად შეეხება „პსპ“-ს სააფთიაქო ქსელსაც. გარდა ამისა, დაინტერესებულნი ვართ „გეფას“ სააფთიაქო ქსელით, რომელიც მოიცავს „ფარმადეპოს“ და „ჯიპისის“ აფთიაქებს და ველოდებით შედეგებს “, - აცხადებს ალექსანდრე ბოლქვაძე.
გარდა ფარმაცევტული სექტორისა, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასტუმროსთან, რომელთა რიცხვი 80-ის ტოლია.
„სასტუმროების მიმართულებით ტრადიციულად ვაგრძელებთ მუშაობას და ამ ეტაპზე ვემსახურებით დაახლოებით 80 სასტუმროს. განსაკუთრებული ზრდა ამ სეგმენტში არ გვქონია, რადგან აქცენტი ძირითადად გადატანილი იყო რითეილ სექტორზე, სადაც მნიშვნელოვანი შედეგები ვაჩვენეთ და დარწმუნებულები ვართ, რომ წლის ბოლომდე ამ შედეგებს კიდევ კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ.
ამასთან ერთად, ბევრად გავაუმჯობესეთ პროდუქციის ხარისხი. ჩვენი მთავარი ინგრედიენტია ყურძნის წიპწის ზეთი, რომელიც კოსმეტიკური საშუალებების შექმნის პროცესში გამოიყენება. ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ მას დავუმატოთ სხვა ხილის არომატებიც. ეს არომატები წამყვანი არ იქნება, მაგრამ მიანიჭებს უფრო მსუბუქ, ხილისეულ ეფექტს და გაამდიდრებს ძირითად ინგრედიენტს. უკვე გარკვეული დანამატები დავამატეთ პროდუქციას, თუმცა დეტალებს ჯერ არ გაგიზიარებთ. როდესაც საბოლოო პროდუქტი მზად იქნება და მისი სურნელი ყველასთვის მისაღები აღმოჩნდება, შემდეგ გაგიზიარებთ თუ რა დანამატები შევიტანეთ.
უნდა აღვნიშნოთ, რომ წარმოების პროცესი ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევისთვის “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, კომპანია „ზარბაზანის" კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა. საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
11.09.2025.14:26
ეს იყო არა მხოლოდ წარმატების, არამედ რთული წლებიც – ძალიან დიდი საქმე გააკეთა სამოქალაქო ავიაციის განვითარებაში, – ასე აფასებს ავიატორი თამაზ გაიაშვილი საქართველოში „ტავ ჯორჯიას“ 20-წლიან ოპერირებას.
„მინდა მივულოცო „ტავ ჯორჯიას“ 20 წელი საქართველოში ოპერირების. ეს იყო არა მხოლოდ წარმატების წლები, არამედ რთული წლებიც ჰქონდა – ძალიან მძიმე. და, ზოგადად, ძალიან დიდი საქმე გააკეთა სამოქალაქო ავიაციის განვითარებაში. მადლობა მინდა გადავუხადო „ტავს“ კიდევ ერთხელ,“ – აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.