ჩვენ რომ გავაძვირეთ კვერცხი, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კონკრეტულად ჩემს საწარმოს კვერცხის ერთით თეთრით გაიაფების საშუალება არ აქვს - თუკი იქნება კომპლექსური მიდგომა, შეგვიძლია დავსხდეთ და დავწიოთ ფასი | ბიზნესმენი გია ლობჟანიძე
„მე როგორც კრიტიკული მართვის მენეჯერი ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი წარმოება იყოს დაუცველი და კონკრეტულად არ ვიშოვო იმდენი ფული, მეყოს იმისთვის, რომ ეს დარგი რისკების გარეშე ვამუშაო“- ამის შესახებ კვერცხის მწარმოებელი კომპანიის „დილის პროდუქტები“ დირექტორმა, გია ლობჟანიძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ფასის ცვლილება ობიექტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული და კვერცხის ფასი განისაზღვრება ხორბლისა და სიმინდის ფასით. მანვე აღნიშნა, რომ ძველი ფასი საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე დააბრუნეს.
„ჩვენი კვერცხის მომავალი წლის ფასი ყოველთვის დგება ოქტომბრის თვეში, როდესაც რუსეთიდან იწყება ხორბლის და სიმინდის შესყიდვა. ტენდენციას ვუყურებთ, რა სიტუაცია არის. ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული... იქ არის აქციზები, ამინდი, ფასი, მოსავალი და ყველაფერი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთანხმება სუპერმარკეტებთან, რომ ერთი თვით ადრე უნდა მივწეროთ კვერცხის გაძვირების შესახებ. რაც მოხდა წელს. მივწერეთ სუპერმარკეტებს, ახალი წლისთვის არ გვინდოდა კვერცხის გაძვირება და გავაძვირეთ 9 იანვრიდან. 25 დეკემბერს მოხდა ბატონი პრემიერის გამოსვლა ამ საკითხთან დაკავშირებით და ისეთნაირად გამოჩნდა, რომ თითქოს საბოტაჟთან გვქონდა საქმე. კიდევ კარგი გვქონდა საშუალება სხვადასხვა ორგანიზაციებში და ბატონ პრემიერთანაც პირადად აგვეხსნა ეს სიტუაცია, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. და შესაბამისი ნაბიჯიც გავაკეთეთ საიმისოდ, რომ დავუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ იმიტომ არ დავუბრუნდით, რომ დიდი მარჟა გვქონდა, ჩვენი მოგების ხარჯზე დავუბრუნდით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე როგორც კრიტიკული მართვის მენეჯერი ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი წარმოება იყოს დაუცველი და კონკრეტულად არ ვიშოვო იმდენი ფული, მეყოს იმისთვის, რომ ეს დარგი რისკების გარეშე ვამუშაო. ჩვენ რომ გავაძვირეთ კვერცხი, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. ახლაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კონკრეტულად ჩემს საწარმოს კვერცხის ერთით თეთრით გაიაფების საშუალება არ აქვს. თუკი იქნება კომპლექსური მიდგომა, თუ დაიწევს 18- 27%, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავსხდეთ და დავწიოთ ფასი“- განაცხადა გია ლობჟანიძემ.
სხვა სიახლეები
როგორ ჩამოყალიბდა „გურამიშვილის მარანი“ მეღვინეობის, გასტრონომიისა და სტუმარ-მასპინძლობის ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცედ
06.03.2026.14:00
„გურამიშვილის მარანი“ არის ადგილი, რომელიც უკვე წლებია ქართული მეღვინეობის, სტუმართმოყვარეობისა და დაუვიწყარი ღონისძიებების ნაწილია. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia მარნის გენერალურ მენეჯერს, მაკა კოკოტაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„გურამიშვილის მარნის“ ისტორია სათავეს XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს, როცა ეს ადგილი ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა. ამ მარანში ღვინის წარმოება მხოლოდ მეურნეობის ნაწილი არ ყოფილა, ის იყო ილიას შეხვედრების, საუბრისა და მასპინძლობის ბუნებრივი ნაწილი.
2015 წელს დავიწყეთ ისტორიული მარნის აღდგენა და ილიასეული ღვინის დაწურვის ტრადიციის განახლება. გვინდოდა, რომ სივრცეს თავისი სული შეენარჩუნებინა და ისტორია მხოლოდ კედლებში არ დარჩენილიყო. ამავე პერიოდში გავხსენით პირველი რესტორანი, რომელმაც მარნის ცხოვრება თანამედროვე სტუმრისთვის განაახლა.
დღეს, „გურამიშვილის მარანი“ ხუთ განსხვავებულ სივრცეს აერთიანებს. სტუმრებს ვთავაზობთ ქართულ და ევროპულ კულინარიულ გამოცდილებას, ღვინის ტურებს, ყოველდღიურ ვახშმებსა და თემატურ ღონისძიებებს. აქ განსაკუთრებით ხშირად მართავენ
ქორწილებსა და ხელის მოწერის ცერემონიალებს - ინტერიერის სითბო და გარემოს სიმშვიდე ამ მომენტებს განსაკუთრებულ ატმოსფეროს აძლევს.

რამდენი სახეობის ღვინოს აწარმოებს "გურამიშვილის მარანი" ამჟამად?
დღეს, „გურამიშვილის მარანი“ პრემიუმ კლასის ღვინოებს აწარმოებს და ქართლის მეღვინეობის თანამედროვე სახეს წარმოადგენს. იმ რეგიონისას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა საკუთარ, გამორჩეულ ღვინის კულტურას.
ღვინოები იწარმოება მარნის საკუთარ ვენახებში მოყვანილი, ქართლის ენდემური ჯიშებისგან: ბუზა, დანახარული, შავკაპიტო და სხვა უნიკალური ყურძნის სახეობები. წარმოების პროცესი ეფუძნება კლასიკურ ევროპულ მეთოდს - ნაწილი ღვინოებისა მუხის კასრებში დავარგებით მზადდება, ცქრიალა ღვინის ხაზში კი გამოიყენება კლასიკური შამპანიზაციის მეთოდი (méthode classique). თითოეული დასახელება შეზღუდული რაოდენობით იწარმოება, რაც ღვინოებს განსაკუთრებულ ხასიათსა და იდენტობას ანიჭებს.
ბრენდის ასორტიმენტი აერთიანებს როგორც მშრალ წითელ და თეთრ ღვინოებს - შავკაპიტო, ბუზა, დანახარული, თავკვერი, გორული მწვანე, ქისი, ხიხვი, ჩინებული, ცოლიკოური და სხვა. ასევე კასრში დავარგებულ სპეციალურ ხაზებსა და აის ვაინებს, მათ შორის საფერავის, ჩხავერის, კახური მწვანესა და ცოლიკაურის ტკბილ ინტერპრეტაციებს. წარმოდგენილია ნახევრად ტკბილი ღვინოებიც, როგორიცაა ოჯალეში და ხვანჭკარა აის ვაინი.

„გურამიშვილის მარანი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის Decanter, Mundus Vini, London Wine Competition და Dubai International Taste Awards და სხვა. ეს აღიარებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართლის ენდემური ჯიშების პოტენციალს და ჩვენი მარნის კონსისტენტურ ხარისხს.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი კონკურენტული უპირატესობა რამდენიმე მიმართულების თანხვედრაშია.
პირველ რიგში, ეს არის ქართლის ენდემურ ჯიშებზე ფოკუსი და საკუთარი ვენახებიდან წარმოება - ჩვენ ვმუშაობთ ისეთ ყურძენზე, რომელიც რეგიონს ეკუთვნის და სწორედ აქ ავლენს თავის ნამდვილ ხასიათს. ეს გვაძლევს იდენტობას, რომელიც გამორჩეულია და სხვა რეგიონების სტილს ვერ იმეორებს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია შეზღუდული რაოდენობით წარმოება. ჩვენ არ ვმუშაობთ მასშტაბზე, არამედ ხარისხზე - თითოეული ღვინო კონტროლირებულია ვენახიდან ბოთლამდე. ამასთან, კლასიკური ევროპული ტექნოლოგია, მუხის კასრებში დავარგება და ცქრიალა ღვინოების კლასიკური მეთოდით წარმოება, რაც პროდუქციას სიზუსტესა და სტაბილურობას ანიჭებს.

ამ ყველაფერს ემატება რესტორნის მიმართულება - კულინარია, რომელიც ღვინოსთან ჰარმონიაშია შექმნილი. სტუმარს შეუძლია ადგილზე დააგემოვნოს ღვინო იმ გარემოში, სადაც ის იბადება, და კერძების მეშვეობით უკეთ გაიგოს მისი ხასიათი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მარანი აქტიურად მასპინძლობს მრავალპროფილურ ღონისძიებებს - ქორწილებს, ხელის მოწერის ცერემონიალებს, კორპორატიულ საღამოებსა და კულტურულ შეკრებებს. ისტორიული სივრცე და ბუნებრივი გარემო ამ ღონისძიებებს განსაკუთრებულ ატმოსფეროს ანიჭებს.
საბოლოოდ, გურამიშვილის მარანი აერთიანებს მეღვინეობას, გასტრონომიასა და განსხვავებული ფორმატის ღონისძიებებს ერთ კონცეფციაში, რაც მას ბაზარზე გამორჩეულ და კომპლექსურ გამოცდილებად აქცევს.
როგორია სამომავლო გეგმები განსაკუთრებით ასორტმენტის ზრდის / გაფართოების მიმართულებით?
სამომავლოდ, ჩვენი ფოკუსი მხოლოდ ღვინის ასორტიმენტის ზრდაზე არ არის ორიენტირებული - ჩვენ ვმუშაობთ ერთიან გამოცდილებაზე, სადაც ღვინო და გასტრონომია ერთმანეთთან კიდევ უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული.
ამ ეტაპზე უკვე წარვადგინეთ განახლებული მენიუ - „ტრადიცია და თანამედროვე კულინარია შეფ-მზარეულის ინტერპრეტაციით“. ახალი კონცეფცია აერთიანებს ქართულ მემკვიდრეობას და თანამედროვე ტექნიკას - დავარგებული ხორცი, შავი ზღვის თევზი, რეგიონული სუნელები და ღვინით გამდიდრებული არომატები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხანგრძლივი ტექნოლოგიური პროცესით მომზადებულ კერძებს, როგორიცაა ხბოს დავარგებული რბილი ნეკნი – AU FOUR, 6 საათის განმავლობაში ღუმელში გამომცხვარი, დავარგებული ანტრეკოტი, ზღვის მარილში გამომცხვარი სიბასი, ასევე თანამედროვე ინტერპრეტაციები და საერთაშორისო შტრიხები.

თითოეულ მნიშვნელოვან პოზიციას ახლავს ღვინის სპეციალურად შერჩეული რეკომენდაცია, რაც მარნის ღვინოებს მენიუს ორგანულ ნაწილად აქცევს.
რაც შეეხება ღვინის ასორტიმენტს, ვაგრძელებთ მუშაობას ენდემური ჯიშების განვითარებაზე და ახალი მცირე ხაზების შექმნაზე, მათ შორის ცქრიალა ღვინის და სპეციალური რეზერვის მიმართულებით.
პარალელურად, ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც ჩვენს გასტრონომიულ მიმართულებას სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს. ამ ეტაპზე დეტალებს ვერ გავამჟღავნებთ, თუმცა ეს იქნება ხარისხის სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლება, საერთაშორისო დონეზე პოზიციონირების გაძლიერება და კულინარიული გამოცდილების დახვეწა ისეთ დონემდე, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან აღიარებას მოიტანს.
ჩვენი მიზანია, „გურამიშვილის მარანი“ იყოს არა მხოლოდ ისტორიული სივრცე და პრემიუმ ღვინის ბრენდი, არამედ ადგილი, სადაც ქართული გასტრონომია თანამედროვე პროფესიონალიზმის უმაღლეს ნიშნულს აღწევს.
ინფორმაციისთვის, ობიექტი თბილისიდან 30 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს.