ჩირიფრუტმა ბაზარზე შოკოლადის ხინკალი გამოიტანა
ჩირიფრუტმა ბაზარზე შოკოლადის ხინკალი გამოიტანა. როგორც Business Insider Georgia-სთან ჩირიფრუტი ChiriFruit-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა სოფო ჯიქიამ განაცხადა, შოკოლადის ხინკლის შექმნა მისი დის იდეა იყო, რომელმაც საკმაოდ გაამართა და საკმაოდ პოპულარული გახდა. კომპანიამ სულ ცოტახნის უკან მომხმარებლებს შოკოლადის სიგარებიც შესთავაზა, რომელიც სპეციალურ შეფუთვაშია მოთავსებული და საკმაოდ საინტერესო პროდუქტს წარმოადგენს.
ჩირიფრუტი ამ დროისათვის 80-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს.
„ჩირიფრუტი თავისი ასორტიმენტით, ახალი გემოებით და ვიზუალით გამოირჩევა. უმეტესად ჩვენი რეცეპტით შექმნილი პროდუქცია გაქვს. გვაქვს არატრადიციული ჩურჩხელები, მაგალითად ალუბლის წვენში, მარწყვის წვენში გაკეთებული ჩურჩხელები. საკმაოდ ნოვაციური პროექტები გაქვს, სულ დაახლოებით 80-მდე სახეობის პროდუქციას ვაწარმოებთ, მაგრამ TOP-3-ში შედის შოკოლადის მენდიანტი, შოკოლადის ჩურჩხელა და ფორთოხალი შოკოლადში“, - აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა.
დღეისათვის ჩირიფრუტი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი, თუმცა საწარმოს გაფართოების შემდეგ ჩირიფრუტი პროდუქციის ექსპორტსაც გეგმავს.
„ექსპორტთან დაკავშირებით ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დაგვიწყია, რადგანაც საწარმოს ვაფართოებთ და ახალ ლოკაციაზე გადაგვაქვს. დღემდე პროდუქციას თბილისში იჯარით აღებულ ფართში არსებულ საწარმოში ვაწარმოებთ. ჩირიფრუტმა თავისი 10 წლიანი ოპერირების განმავლობაში რეინვესტირებით შეძლო ის, რომ გასულ წელს ნატახტარში, დაახლოებით 500 კვ/მ საწარმოო ფართი ვიყიდეთ, სადაც ამ დროისათვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. წარმოებისთვის საჭირო დანადგარები უკვე ჩამოტანილია და ვფიქრობთ, რომ შემოდგომიდან გადავალთ. ხოლო მას შემდეგ რაც ნატახტარში წარმოებას დავიწყებთ, უკვე საექსპორტო შეთავაზებასაც გავაკეთებთ და იმედია, რომ ექსპორტზე გავალთ“, - განაცხადა ჩირიფრუტის თანადამფუძნებელმა.
პროექტის განხორციელებაში კომპანიამ დაახლოებით 0,6 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ჩირიფრუტის პროდუქციის შეძენა მომხმარებლებს მოლებში, გარკვეულ მაღაზიებსა და Duty free-ში შეუძლიათ.
„Duty free არის ჩვენი ყველაზე დიდი ხნის პარტნიორი. სამივე საერთაშორისო აეროპორტების Duty free-ში ვართ წარმოდგენილები, როგორც თბილისსა და ბათუმში, ასევე ქუთაისში.
სავაჭრო მოლებში გაქვს ჩვენი კუნძულები და ტურისტულ ადგილებში პატარა მაღაზიებიდან ვიღებთ შეკვეთებს, ასევე გაქვს კორპორატიული შეკვეთები. იმედია გვაქვს, რომ ჩვენს ახალ საწარმოში შეიქმნება ისეთი პროდუქტები, რომელიც ქსელში უფრო მასიურად შევა. დღეს რასაც ვქმნით ეს არ არის მასიური პროდუქტი და უფრო ბუტიკური ტიპის ხელნაკეთი შოკოლადია“, - აღნიშნა სოფო ჯიქიამ.
ჩირიფრუტი ქართული ტკბილეულის კომპანიაა, რომელიც 2014 წელს სამმა დამ დააარსა. ბრენდი აერთიანებს 80-მდე სახეობის ტკბილეულს, რომელიც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ნებისმიერი დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. ჩურჩხელა, ჩირი, მენდიანტი, შოკოლადის ბურთულები, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის ფარგლებში, ProCredit Bank-ში ქალი მეწარმეებისთვის შეხვედრა გაიმართა
სხვა სიახლეები
SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა
17.03.2026.18:54
ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.
ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.
SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.