„ჩაროზი“ სამომავლოდ წარმოების ზრდას გეგმავს
„ჩაროზი“ ქართული, უშაქრო, ნატურალური ტკბილეულისა და სნექების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. Business Insider Georgia კომპანიის მფლობელს, ელენა ჯიშიაშვილს, 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„როგორც ყველა წელი, 2025 წელიც თავისებურად რთული და ამავდროულად წარმატებული იყო. ჩვენს პროდუქციაზე გაზრდილმა მოთხოვნამ წარმოების გაორმაგება განაპირობა. გვაქვს რამდენიმე გეგმა, რომლის განხორციელებაც 2025 წელს ვერ მოვახერხეთ “, - აცხადებს ელენა ჯიშიაშვილი.
წარმოების ზრდა „ჩაროზის“ მთავარი სამომავლო გეგმაა.
„წარმოების გაზრდით 2025 წლის შედეგების გაუმჯობესებას ვგეგმავთ, რის შემდეგაც ექსპორტის მიმართულებით უფრო აქტიურად ვიმუშავებთ.
მცირე რაოდენობით ვაგზავნით პროდუქციას ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ეს პროცესი სისტემატიური არ არის. თუკი საქართველოში შიდა მოხმარება ან სეზონის დროს ტურისტების მხრიდან მოთხოვნა იზრდება, პრიორიტეტად შიდა ბაზარს ვაყენებთ და მცირე პარტიებს ექსპორტზე აღარ ვგზავნით. მიზნად გვაქვს მდგომარეობის რეგულირება, რათა ექსპორტი მომავალში სისტემატური გახდეს “, - ამბობს კომპანიის მფლობელი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სხვადასხვა გამოფენაში. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ.
სხვა სიახლეები
რას სთავაზობს ინოვაციური ციფრული პლატფორმა Tati მომხმარებელს და როგორია კომპანიის განვითარების ხედვა
04.02.2026.14:00
Tati არის ინოვაციური ციფრული პლატფორმა, რომელიც შინაური ცხოველების მოვლის პროცესს ამარტივებს. Business Insider Georgia მეტი ინფორმაციისთვის კომპანიის თანადამფუძნებელს ბესიკ ექსეულიძეს ესაუბრა.
- როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Tati არის ინოვაციური ციფრული პლატფორმა, რომელიც შინაური ცხოველების მოვლის პროცესს ამარტივებს და ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა აუცილებელ სერვისსა და პროდუქციას, აპლიკაციის შექმნა იდეის ავტორებმა ბესიკ ექსეულიძემ, სერგი აბაშიძემ და დავით სარჯველაძემ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს. მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს, რამდენად რთულია ცხოველზე ზრუნვა მაშინ, როდესაც სერვისები გაფანტულია, ინფორმაცია შეზღუდულია, ხოლო ჯავშნების გაკეთება შეუძლებელი და არასტრუქტურირებულია.
Tati-ს განვითარებას თითქმის ერთი წელი დასჭირდა. ამ პერიოდში შეიქმნა სრულფუნქციური პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას მარტივად იპოვონ და დაჯავშნონ ვეტერინარული კლინიკები, გრუმინგ სალონები, ასევე შეიძინონ შინაური ცხოველებისთვის საჭირო პროდუქცია ზოომაღაზიიდან და მიიღონ შეკვეთა სახლამდე დაახლოებით 30 წუთში.

დღეს Tati უკვე არის მოქმედი აპლიკაცია და ხელმისაწვდომია როგორც Google Play-ზე, ისე App Store-ზე. პროექტის უკან დგას 10-ზე მეტი პროფესიონალისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და მიზნად ისახავს არა მხოლოდ სერვისის მიწოდებას, არამედ სრულფასოვანი ციფრული ეკოსისტემის შექმნას, როგორც ცხოველების მფლობელებისთვის, ასევე ფეთ ბიზნესებისთვის.
- რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
Tati-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა მისი კონცეფციაა, ყველა სერვისი ერთ სივრცეში. მომხმარებელს აღარ სჭირდება სხვადასხვა პლატფორმაზე ძებნა, ტელეფონით დაკავშირება ან დროის დაკარგვა.
აპლიკაცია უზრუნველყოფს:
• სერვისებისა და პროდუქციის მარტივ და სწრაფ მოძიებას;
• ვეტერინარული და გრუმინგ სერვისების ონლაინ დაჯავშნას დარეკვის გარეშე;
• ვიზიტის დროს მომსახურების მიღებას რიგში დგომის გარეშე;
• ზოომაღაზიიდან საჭირო პროდუქციის შეძენას სწრაფი მიწოდებით;
• სანდო პარტნიორებთან პირდაპირ კავშირს;
• ინფორმაციის ერთიან და გამჭვირვალე სისტემაში თავმოყრას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ Tati ქმნის ცალკე ციფრულ პროგრამულ უზრუნველყოფას ფეთ ბიზსნესებისთვის როგორიც არიან, ვეტერინარული კლინიკები და გრუმინგ სალონები. ეს პანელი მათ საშუალებას აძლევს:
• მართონ ჯავშნები და კლიენტების ნაკადი;
• აკონტროლონ სერვისები და გრაფიკი;
• მართონ ცხოველის ციფრული ანკეტები;
• აწარმოონ ინვეტარიზაცია;
• გაზარდონ ხილვადობა და მოიზიდონ ახალი მომხმარებლები.
ამით Tati ხდება არა მხოლოდ მომხმარებელზე ორიენტირებული აპლიკაცია, არამედ ძლიერი სამუშაო ინსტრუმენტი ბიზნესებისთვის.

- როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
დღეს Tati აქტიურად ვითარდება და მისი პოპულარიზაცია მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით. აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია ორივე წამყვან პლატფორმაზე - Google Play-სა და App Store-ზე, ხოლო გუნდი აქტიურად მუშაობს როგორც მომხმარებელთა ბაზის ზრდაზე, ისე პარტნიორული ქსელის გაფართოებაზე.
სამომავლო გეგმებში შედის:
• ვეტერინარული კლინიკების, ზოომაღაზიებისა და სერვისების ქსელის გაფართოება;
• ბიზნეს პროგრამის დამატებითი ფუნქციების განვითარება;
• პლატფორმის ავტომატიზაცია და პროცესების გამარტივება;
• მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება;
• სერვისების უფრო სწრაფი და ეფექტური მიწოდება.
Tati-ის მიზანია შექმნას ძლიერი ციფრული ეკოსისტემა, რომელიც გაამარტივებს ცხოველებზე ზრუნვის პროცესს, გააუმჯობესებს სერვისების ხარისხს და გააერთიანებს ყველა მნიშვნელოვან პროცესს ერთ თანამედროვე პლატფორმაში.