Business Insider Georgia Euronews-თან, Business Insider Polska-სთან, Forbes-თან, Newsweek Polska-სთან, Bankier.pl-თან და სხვა ცნობილ გამოცემებთან ერთად კარპაჩის ეკონომიკური ფორუმის მედია პარტნიორია
პოლონეთის საკურორტო ქალაქ კარპაჩში მიმდინარე 34-ე ეკონომიკური ფორუმის მედია პარტნიორია Business Insider Georgia - ბიზნეს პორტალი, რომელიც ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მაღალი ხარისხის კონტენტს გთავაზობთ.
Business Insider Georgia აღნიშნული ეკონომიკური ფორუმის მედია პარტნიორია Euronews-თან, Business Insider Polska-სთან, Forbes-თან, Newsweek Polska-სთან, Bankier.pl-თან და სხვა ცნობილ გამოცემებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში Business Insider Georgia ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ბევრი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღონისძიების მედია პარტნიორად ჩამოყალიბდა და ის ინფორმირებული ეკონომიკური დიალოგის ხელშესაწყობად აქტიურად თანამშრომლობს საჯარო და კერძო სექტორთან.
კარპაჩი ეკონომიკურ ფორუმს 2–4 სექტემბრის განმავლობაში მასპინძლობს და ღონისძიებაში 60 ქვეყნიდან პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ლიდერები იღებენ მონაწილეობას.
Business Insider Georgia მკითხველს, მაყურებელსა და მსმენელს სთავაზობს სრულყოფილ ანალიტიკურ/ეკონომიკურ ანალიზს სხვადასხვა პროდუქტების ფარგლებში: ანალიტიკური სტატიები, ბლოგები, ბაზრის ანალიზი, სიუჟეტები, სატელევიზიო გადაცემა/ანალიტიკა, პოდკასტი.
გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ექსკლუზიურ ინტერვიუებს, საერთაშორისო რეიტინგებსა და ადგილობრივ ავტორიტეტულ შეფასებებს, რითაც ქმნის ობიექტურ, ოპერატიულ რესურსს დაინტერესებული პირებისთვის.
Business Insider Georgia ეყრდნობა სანდო ადგილობრივ და საერთაშორისო წყაროებს და მისი მიზანია საზოგადოებისათვის დროული, სანდო და კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდება.
2022 წლიდან Business Insider Georgia საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი მედია პარტნიორია, რომლის ფარგლებშიც იმართება რეგულარული მაღალი დონის დიალოგი სახელმწიფო, კერძო, ანალიტიკურ და აკადემიურ სექტორებს შორის.
დისკუსიებში ჩართული არიან თემატური ბიზნეს სექტორების ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის ლიდერები.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმი უკვე ჩამოყალიბდა ქვეყანაში, როგორც ერთადერთი უმაღლესი რანგის პლატფორმა — სახელმწიფოს უმაღლესი რანგის წარმომადგენლების, ბიზნეს ლიდერების, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის ხელმძღვანელების მუდმივი ჩართულობით.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებშიც Business Insider Georgia ქმნის ექსკლუზიურ კონტენტს მკითხველისთვის.
სხვა სიახლეები
05.09.2025.20:00
ბატონმა მერმა წარმოადგინა 4-წლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რაც ჩვენი ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - განაცხადა კომპანია „კონტრაქშენ სერვისის“ დირექტორმა გიორგი გაბუნიამ, კახა კალაძის მიერ ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.
გაბუნიას თქმით, მთავრობის გეგმების ცოდნა ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ დაგეგმოს საკუთარი საქმიანობა და ადეკვატურად მოემზადოს მოსალოდნელი პროცესებისთვის.
„მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ჩვენთვის, ბიზნესისთვის. ბატონმა მერმა და მერის მოადგილემ წარმოადგინეს 4 წლის სამოქმედო გეგმა, სადაც დიდი ადგილი უკავია ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რაც ჩვენი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პირველ რიგში ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენ დავგეგმოთ და მოვემზადოთ ყველა იმ გამოწვევისთვის, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში იქნება“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მომდევნო ოთხ წელში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.
საზოგადოებას განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მიაწოდა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტისთვის ძირითადი მიმართულება არის გზების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ფერდების გამაგრება, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, „თბილსერვის ჯგუფის“, ბაგა-ბაღების სააგენტოსა და რაიონული გამგეობების მიერ დაგეგმილი პროექტები.
„რაც შეეხება უშუალოდ გზებს, ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლას არ ვგულისხმობთ და საუბარია ფუნდამენტურად, სრულად კომუნიკაციების შეცვლაზე. კერძოდ, გზების მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე, კოჯრის გზატკეცილზე. დაგეგმილი გვაქვს კოჯრისა და წყნეთის ცენტრების სრული განახლება. სრულად რეაბილიტირდება რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და გურამიშვილის გამზირები, ასევე, თამარაშვილის, გორგასლისა და გოძიაშვილის ქუჩები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მერის მოადგილის თქმით, ხიდების, გვირაბებისა და ფერდების გამაგრების მიმართულებით დედაქალაქის მერია აქტიურად მუშაობდა წინა წლების განმავლობაში და ამას მომდევნო ოთხ წელშიც გააგრძელებს.
„არაერთი ხიდისა და გვირაბის რეაბილიტაცია მოხდა. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, რომელიც ქალაქისთვის გამორჩეულია.
მომავალ ოთხ წელში კი ვგეგმავთ მინდელის სახელობისა და გალაკტიონის ხიდების სრულ რეაბილიტაციას. ასევე, ვაპირებთ თამარ მეფის ხიდის რეაბილიტაციას. ხიდამდე მისასვლელი ესტაკადა რამდენიმე წლის წინ განვაახლეთ, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. ამასთან, სამომავლოდ ვაკის რაიონში, ახალდაბის მიმდებარედ საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების სამუშაოებს განვახორციელებთ. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტერიტორიაზე პერიოდულად მეწყრულ პროცესებს აქვს ადგილი. ბუნებრივია, მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, რათა მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.