„ბურკის ციხე-მარანი“ გაფართოებას გეგმავს
„ბურკის ციხე-მარანი“ არის კომპლექსი, რომელიც მდებარეობს კახეთში. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის Front Office Manager - ს ვანო მახარაშვილს ესაუბრა.
„სასტუმრო „ბურკის ციხე-მარანი“ მდებარეობს ყვარელში, ალაზნის ველზე, ქინძმარაულის ვენახების მახლობლად. სასტუმრო დაახლოებით ერთი წელია რაც ფუნქციონირებს, აქტიურად იღებს სტუმრებს და უზრუნველყოფს მათი საჭიროებების მაქსიმალურ დაკმაყოფილებას. სტუმრებს ვთავაზობთ ღია აუზს. ასევე, სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს მარანი, სადაც იწურება და ინახება სასტუმროს მფლობელობაში არსებული რამდენიმე ჯიშის ყურძენი “, - ამბობს ვანო მახარაშვილი.

ზაფხულის სეზონთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე მოთხოვნა შედარებით შემცირებულია.
„მიმდინარე ეტაპზე, ზამთრის სეზონის გამო მოთხოვნა შედარებით შემცირებულია, დატვირთვა დაახლოებით 25–35%-ის ფარგლებში მერყეობს. ხოლო ზაფხულის პერიოდში მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება და დატვირთვა დაახლოებით 70–80%-ს აღწევს “, - აღნიშნავს Front Office Manager -ი.
„ბურკის ციხე-მარანი“ სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა.
„სასტუმროს აქვს საკუთარი ვენახები და მარანი, სადაც მზადდება ღვინო. აღნიშნული ღვინო რეალიზდება სასტუმროს რესტორანში, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო სივრცედ ითვლება როგორც თავისი კერძებით, ასევე მომსახურების მაღალი დონით. გარდა ამისა, სასტუმროს აქვს კონცეპტუალური საკონფერენციო სივრცე, რომელიც მარნის მიმდებარედ არის განთავსებული და სტუმრებისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო და გარემოს ქმნის “, - აღნიშნავს ვანო მახარაშვილი.

სამომავლოდ იგეგმება შიდა აუზის მოწყობა და ასევე სპა და საუნის სივრცის დამატება.
„სამომავლოდ იგეგმება სასტუმროს შიდა აუზის მოწყობა, რათა სტუმრებს დამატებითი მომსახურება შევთავაზოთ. ასევე მიმდინარეობს სპა და საუნის სივრცეების დამატება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოთხოვნას “, - განმარტავს Front Office Manager -ი.
დღის ტოპ 10 სიახლე
Galt & Taggart-ის გათვლებით, 2025 წლის განმავლობაში დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი 2.74 ლარი იქნება
სხვა სიახლეები
Skillwill-მა პროფესიული კოლეჯის ახალი კამპუსი გახსნა
28.11.2025.16:34
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) Skillwill-ს ახალი პროფესიული კოლეჯის კამპუსის გახსნასა და სტრატეგიული განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს.
პროექტი, რომლის ნაწილია Skillwill-ის მიერ გახსნილი ახალი პროფესიული კოლეჯის კამპუსი, მსოფლიო დონის ფინანსურ-ტექნოლოგიური გიგანტის, Tether-ის 18 მილიონი დოლარის თანაინვესტიციით ხორციელდება. ფინანსური მხარდაჭერის გარდა, პარტნიორობა გულისხმობს აქტიურ შინაარსობრივ ჩართულობასაც: Tether-ის წამყვანი ექსპერტები ქართველ სტუდენტებს გლობალურ გამოცდილებას ვორქშოფების, შეხვედრებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის მეშვეობით გაუზიარებენ.
ამ ეტაპზე Skillwill-ის კოლეჯი უკვე წარმატებით ოპერირებს თბილისსა და ბათუმში, სადაც 25 ნოემბერს სწავლა 1,350-მა სტუდენტმა დაიწყო. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 5 ძირითადი მიმართულებით, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და კომპიუტერული ქსელების კუთხით.
Skillwill-ის გაფართოების 2-წლიანი გეგმა არსებული კამპუსების გარდა, ახალი სასწავლო დაწესებულებების გახსნას ითვალისწინებს შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, გორი, ახალციხე, სამტრედია და ლანჩხუთი. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით Skillwill-ის 12 კოლეჯი იფუნქციონირებს (მათ შორის 10 ახალი), რაც ყოველწლიურად 10,000 სტუდენტის გადამზადებას უზრუნველყოფს. სწავლება ჩატარდება 9 რეგიონულ ცენტრში, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური დასწრების რეჟიმში. ყველა კოლეჯი აღჭურვილი იქნება აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ინფრასტრუქტურითა და მაღალი სიჩქარის ინტერნეტით.
აღნიშნული თანამშრომლობა და Skillwill-ის განახლებული სასწავლო გეგმა მოიცავს 10 ახალ პროფესიულ პროგრამას 13 სტრატეგიულ და მაღალმოთხოვნად ტექნოლოგიურ სფეროში, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი (AI Development), ბლოკჩეინი (Blockchain Development), მონაცემთა ინჟინერია (Data Engineering) და სხვა.
„პროფესიული კოლეჯი Skillwill-ი, რომლის უმთავრესი მიზანი ხარისხიანი ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებაში. ინიციატივა ემსახურება 21-ე საუკუნის პროფესიების განვითარებასა და ქართველი ტექ-პროფესიონალებისათვის საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების რეალური შესაძლებლობების შექმნას. თანამედროვე ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარება საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ ტრანსფორმაციას. სწორედ ამ მიზნით, Skillwill-ი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს ახალი პროფესიული სტანდარტების შემუშავებაზე," —განაცხადა Skillwill-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარიამიძემ.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „სქილვილს" ამ მასშტაბური პროექტის დაწყებას, რომელიც თავის მხრივ საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. დღეს, როდესაც ITC სექტორი გლობალურად და საქართველოშიც მზარდი ტენდენციით ხასიათდება, კრიტიკულად იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე. Skillwill-ის ინიციატივა პირდაპირ პასუხობს ბაზრის საჭიროებას, რაც ITC სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს," — განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.