"ავეჯიას" მთავარი ღირებულება ეკოლოგიურობა და უსაფრთხოებაა - ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელთან
„ავეჯია“ ეკომეგობრული და სრულიად უსაფრთხო საბავშვო ავეჯის ქართული ბრენდია, რომელსაც ბაზარზე მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნინო სამხარაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სფეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ავეჯიას“ გუნდს ქართულ ბაზარზე მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს, როგორც წარმოების, ასევე დიზაინის, ბრენდინგისა და მარკეტინგის მიმართულებით. ჩვენი კომპანია „ქართული საწარმო“ ადგილობრივი ბაზრის ლიდერია, რომელიც საერთაშორისო ბრენდებს რითეილისთვის საჭირო ავეჯს უმზადებს, კერძოდ: საყოფაცხოვრებო თეთრი და შავი ტექნიკის განსათავსებელი ავეჯი - დისფლეები, ბრენდ ზონები, სტენდები, ენდკაპები და ა.შ. ჩვენი დამკვეთბი არიან LG, Toshiba, Sony, Logitech, Lenovo, Hyundai, Midea. 2023 წლიდან ამ სეგმენტში ჩვენ ასევე ვაწარმოებთ ექსპორტს, კონკრეტულად სომხეთის ბაზარს ვამაგარებთ LG-ისთვის დამზადებული ავეჯით.
საბავშვო ხაზი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა და ამ მიმართულებით განსხვავებული ამოცანების გადაჭრა მოგვიწია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიურობა, უსაფრთხოება და თანამედროვე სტანდარტებთან თავსებადობის გადაწყვეტა იყო. „ავეჯიას“ ბრენდინგი, მისი შეფუთვა, სარეკლამო თუ მარკეტინგული კამპანიის განსაზღვრა და იმპლემენტაცია ამავე გუნდის მიერ ხორციელდება, რომელსაც ქართულ სარეკლამო ბაზარზე „კრეატორის“ სახელით იცნობენ.
ავეჯიას კოლექცია 2025 წელს შეიქმნა, თუმცა მასზე მუშაობა გაცილებით ადრე დავიწყეთ. კოლექციის შექმნას რამდენიმე წელი დასჭირდა. პირველი კოლექცია 10 ნაკრებისგან შედგება. კოლექციაში შედის საძინებლები, გასართობი კუთხეები, გარე სივრცისთვის განკუთვნილი სათამაშო კომპლექტი. მომხმარებელს შეუძლია როგორც მთლიანი ნაკრების, ასევე ცალკეული ავეჯის შეძენა. ჩვენი პროდუქტი განეკუთვნება როგორც „ავეჯის“, ასვე „სათამაშოს“ კატეგორიას, რადგან მას უშუალოდ ავეჯის ფუნქციის გარდა, სათამაშო-გასართობი სივრცის დატვირთვაც აქვს. ეს უკანასკნელი არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ გაჯეტების უარყოფით გავლენას ბავშვების განვითარებაზე. ავეჯიას სივრცე, ვფიქრობთ, ამ მხრივ უეღრესად დიდ როლს ითამაშებს მოზარდის ცხოვრებაში; ის იძლევა თანატოლებთან სოციალიზაციის, თამაშის, ფიქრის, ახალი ინტერესების და უნარ-ჩვევების გაჩენის საშუალებას.
ავეჯიას შესაქმნელად ეკოლოგიურ მასალებს და ეკოლოგიურ ტექნოლოგიებს ვიყენებთ. ავეჯიას პროდუქტების უსაფრთხოებას განაპირობებს ხის ფანერის მდგრადი მასალა და მინიფიქსებით აწყობის სტანდარტი. დიზაინი მორგებულია მოზარდის ზომებსა და საჭიროებებს, რაც მისი ფიზიკური განვითარებისთვის უსაფრთხო პირობებს ქმნის. დაბოლოს, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ავეჯიას დიზაინი, რომელიც ფერადოვანი, თბილი და მართლაც ბავშვურია.
შევქმენით და უკვე მუშაობს ონლაინ გაყიდვების პლატფორმა https://aveggiashop.ge/ და ასევე მიწოდების სერვისი. აქტიურად ვიყენებთ სოციალურ ქსელებს პროდუქციის პრომოციისთვის. პროდუქციის უშუალოდ ნახვა მომხმარებელს შეუძლია ჩვენს შოურუმში, რომელიც ავეჯიას საწარმოს ტერიტორიაზეა განთავსებული.

ჩვენი საწარმო მდებარეობს თბილისში. ავეჯის დამზადების პროცესი სრულად ჩვენ საწარმოში ხორციელდება - მასალის დაჭრიდან ბეჭდვის ჩათვლით. წარმოების დიდი ნაწილი ავეჯის სპეციფიკიდან გამომდინარე ხელით სრულდება, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს - თითოეულ, სულ მცირე დეტალთან მისვლას, უშუალოდ შეხებას და კონტროლს, მითუმეტეს, რომ საქმე საბავშვო პროდუქტთან გვაქვს.
როგორ აფასებთ მოთხოვნას და ინტერესს ზოგადი თვალსაზრისით?
თავდაპირველად, როცა ამ თემით დავინტერესდით, ასეთი რამ გამოიკვეთა: საბავშვო ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანიები ბაზარზე ძალზე მწირადაა წარმოდგენილი და მათი უმრავლესობა სპეციფიკურ ავეჯს ამზადებს (ე.წ. მონტესორის კონცეფციის გამოყენებით). იმპორტი, კონკრეტულად საბავშვო ხაზით, ასევე ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რომელსაც თანამედროვე გათვითცნობიერებული „მაძიებელი“ მომხმარებელი აყენებს, კერძოდ ეკოლოგიურობა და უსაფრთხოება. აღმოვაჩინეთ, რომ ქართველი მომხმარებლის ცნობიერებაში არ არსებობდა სახელი ე.წ. trademark, რომელიც პირდაპირ ბმაში იქნებოდა საბავშვო ავეჯთან. ცხადია, როცა ამას ვამბობთ, არ ვგულისხმობთ ცალკეულ შემთხვევებს. და კიდევ, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც გვიბიძგა საბავშო ავეჯის ჩვენეული კონცეფცია შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის, იყო ერთი დიზაინის ქვეშ გაერთიანებული კომპლექტების დეფიციტი ბაზრის ამ სეგმენტში.
ამის პარალელურად, მოთხოვნა ხარისხიან საბავშო ავეჯზე იზრდება. პირველ რიგში, როგორც აღვნიშნეთ, მოთხოვნადია ხარისხი, როგორც უსაფრთხოების გარანტია, ხოლო მეორეს მხრივ, ბინათმშენებლობის ბუმის პირობებში შეიქმნა მომხმარებლის სეგმენტი, რომელიც ბინაში საბავშვო სივრცის მოსაწყობად ეძებს ხარისხიან და ფუნქციურ ავეჯს. ამიტომაც შევქმენით ნაკრებები და შესაბამისად, როგორც საწარმოო, ასევე მარკეტინგულ სტრატეგიას ამ მიმართულებით ვახორციელებთ.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„ავეჯია“ ქართული ბრენდია, რომელიც საქართველოში დაიბადა. ბრენდის შემქმნელთა მთავარი ღირებულებაა ეკოლოგიურობა და უსაფრთხოება, ბავშვის პირადი სივრცის ცნების შემოტანა და დამკვიდრება.
როგორც მოგახსენეთ, "ავეჯია" 2-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. სწორედ ამ ასაკში ბავშვები აქტიურად შეიმეცნებენ სამყაროს, სწავლობენ აზროვნებას და ყალიბდებიან ინდივიდებად. მათ ფორმირებაში უდიდეს როლს თამაშობს გარემო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და იზრდებიან. გარემოს უამრავი მდგენელი აქვს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირადი სივრცეა, რომელიც, სამწუხაროდ, ბავშვების დიდ უმრავლესობას არ გააჩნია. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, როგორც სოციალური ხასიათის, ასევე კულტურული და სხვა. თუმცა ვთანხმდებით, რომ პირადი სივრცე ხელს უწყობს დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას, თავისუფლების ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესებას, უბრალოდ, სწორი ჩვევების ჩამოყალიბებას. სწორედ ამიტომ ჩვენი ავეჯი შეთავაზებულია ნაკრებების სახით, რათა მოხდეს საბავშვო სივრცის არა უბრალოდ შევსება საწოლითა თუ კარადით, არამედ მისი შექმნა.

კონკურენტულ უპირატესობად რამდენიმე ფაქტორს მივიჩნევთ. პირველ რიგში ეკოლოგიურობას და უსაფრთხოებას, რაც განსაზღვრავს ჩვენი პროდუქტის პოზიციონირებას როგორც ეკომეგობრული ბრენდის. მეორე ფაქტორი - ერთი დიზაინით წარმოდგენილი მთლიანი ნაკრებების ხელმისაწვდომობაა, რაც მომხმარებელს უმარტივებს საბავშვო სივრცის მოწყობას.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენ სულ ახლახანს დავიწყეთ „ავეჯიას“ პრომოცია. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია ქართველი მომხმარებლისთვის ვაქციოთ „ავეჯია“ საყვარელ ბრენდად, ანუ ის რაც თავში მოგახსენეთ, კერძოდ, რომ საბავშვო ავეჯის ძიებისას მომხმარებელს, პირველ რიგში, ავეჯია ახსენდებოდეს. პარალელურად ვგეგმავთ ექსპორტს და ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ კიდეც მუშაობა. ჩვენი საწარმო „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია და სამომავლოდაც ვგეგმავთ მათთან თანამშრომლობას წარმოების გაფართოების და სიმძლავრეების გაზრდის მიზნით, რაც პირდაპირ უკავშირდება ექსპორტის საკითხს. ასევე, მალე დავიწყებთ მუშაობას ახალ კოლექციაზე, რათა უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ მომხმარებელს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკმა მწვანე შენობების გლობალური სერტიფიკატი - EDGE მიიღო
28.11.2025.10:33
საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას აგრძელებს. ბანკის სათავო ოფისმა, რომელიც ქართული არქიტექტურის უნიკალური ძეგლია, მწვანე შენობის EDGE (Excellence in Design for Greater Efficiencies)-ის პრესტიჟული საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა. პროექტი ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის - გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდის (GCPF) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
GCPF-ი ლუქსემბურგში დაფუძნებული შერეული ფინანსური რესურსების მქონე ფონდია, რომელსაც მართავს შვეიცარიული საინვესტიციო კომპანია responsAbility Investments AG - რომელიც წარმოადგენს ინოვაციურ საჯარო-კერძო პარტნიორობას და მისი მიზანია განვითარებად ბაზრებზე კლიმატის ცვლილების შერბილება ენერგიის მოხმარებისა და სათბურის აირების ემისიების შემცირების პროექტების დაფინანსებით.
EDGE (Excellence in Design for Greater Efficiencies) წარმოადგენს მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ შემუშავებულ ინოვაციურ სისტემას. ის არის გლობალურად აღიარებული სტანდარტი მწვანე შენობებისთვის და მისი სერტიფიკატი ადასტურებს, რომ შენობა აკმაყოფილებს რესურსების დაზოგვის მაღალ კრიტერიუმებს ენერგიის, წყლისა და სამშენებლო მასალების ეფექტურობის კუთხით.
“ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ამ ისტორიული და არქიტექტურულად კომპლექსური შენობის მოდერნიზება ისე, რომ შეგვენარჩუნებინა მისი ავთენტურობა და, ამავდროულად, დაგვენერგა უახლესი ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. EDGE სერტიფიცირების პროცესმა მოგვცა ჩარჩო, რომლის მიხედვითაც განვახორციელეთ სისტემების განახლება და რესურსების მოხმარების ოპტიმიზაცია. შედეგად, ჩვენ არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შევამცირეთ შენობის საოპერაციო დანახარჯები და გარემოზე ზემოქმედება, არამედ შევქმენით თანამედროვე და კომფორტული სამუშაო გარემო ჩვენი თანამშრომლებისთვის. ვამაყობ ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაოთი, რომელმაც ეს რთული, მაგრამ საინტერესო პროექტი წარმატებით განახორციელა“, – განაცხადა საქართველოს ბანკის ინფრასტრუქტურული ოპერაციების დირექტორმა, ზურაბ ალფაიძემ.
„საქართველოში ენერგიის საბოლოო მოხმარების დაახლოებით 40 % შენობებზე მოდის, ისინი არიან ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებლები. შესაბამისად შენობებში ენერგიის და სხვა რესურსების დაზოგვა მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისათვის, მეორე მხრივ კი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისა და ეკონომიკისათვის. შენობების მწვანე სერტიფიცირება ასევე მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების კუთხითაც, რადგან მდგრადი განვითარება საბოლოოდ კონკრეტული პიროვნებების და ორგანიზაციების ასარჩევია,-“ ამბობს GCPF-ის კლიმატის დაფინანსების უფროსი მრჩეველი ლევან ხმიადაშვილი.
„ჩვენთვის, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, უდიდესი პრიორიტეტია გარემოზე ნეგატიური გავლენის შემცირება, მასზე ზრუნვა და მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა. EDGE-ის სერტიფიკატის მოპოვება ჩვენი სათავო ოფისისთვის, რომელიც გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ESG სტრატეგიის განხორციელების გზაზე. ვამაყობთ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს მწვანე შენობების პორტფელის გაფართოებაში და ვქმნით ისტორიული შენობის თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტებზე მორგების საუკეთესო პრაქტიკას. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორს GCPF-ს, ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ.