Boxette-მა ნიუ იორკში ფილიალი გახსნა – როგორია ქართული კომპანიის გლობალური გაფართოების გეგმა
Boxette-მა ნიუ იორკში, კონკრეტულად ბრუკლინში ფილიალი გახსნა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს ნაბიჯი Boxette-ს ახალ ჰორიზონტებს უხსნის და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ შეუძლია თავისი ხარისხი და სერვისი მსოფლიო მასშტაბზე გააზიაროს.
როგორც Business Insider Georgia-სთან Boxette Georgia-ს დირექტორმა სოსო ჩხიკვაძემ განაცხადა, ნიუ-იორკში ფილიალის გახსნა აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს საქართველოში პირადი გზავნილების გაკეთებას მაქსიმალურად გაუადვილებს.
„ბრუკლინში ფილიალის გახსნა კომპანიისთვის ახალი ბიზნესმიმართულების დაწყებას ნიშნავს. აქამდე ჩვენი პროდუქტი – გაგზავნის პროდუქტიც და ჩამოტანის პროდუქტიც – აშშ-ს შემთხვევაში ძირითადად მორგებული იყო E-commerce შესყიდვებზე და გაყიდვებზე. მომხმარებლებს შეეძლოთ საერთაშორისო პლატფორმებზე ეყიდათ პროდუქცია და ჩვენი საწყობის დახმარებით, შემდგომ უკვე ჩამოეტანათ თბილისში, ან საქართველოში ჩვენი ფილიალების დახმარებით, მათ Amazon-ზე და eBay-ზე გაყიდული პროდუქცია გაეგზავნათ და ჩვენ მივიტანდით ამანათებს კარამდე მიტანის სერვისით. რაც, ბუნებრივია, ცოტათი უფრო ძვირია, ვიდრე ფილიალიდან ფილიალში გაგზავნა.
ახალი მიმართულება, რომელიც აშშ-ში ახალი ფილიალით დავიწყეთ, მორგებულია უმეტესწილად ემიგრანტების პერსონალურ გზავნილებზე. როგორც აშშ-დან ემიგრანტებს (და არა მხოლოდ მათ), შეუძლიათ მივიდნენ და ჩვენი ფილიალის საშუალებით გააგზავნონ პირადი ამანათი, ისე საქართველოდანაც შესაძლებელია Boxette-ს ბრუკლინის ფილიალში ამანათის გაგზავნა და ფილიალიდან გატანა,“ – განმარტავს სოსო ჩხიკვაძე.
Boxette Georgia-ს დირექტორის თქმით, კომპანიის მიერ ახალი მიმართულების და ზოგადად ბაზრისთვის ახალი პროდუქტის შეთავაზება პირადი გზავნილების გაკეთებას უფრო ეფექტურს და ხელსაყრელს გახდის.
„ჩვენი ძირითადი საქმიანობა თავად მოიცავს საფოსტო ოპერატორის ფუნქციებს - გადაზიდვების მიმართულებით ისედაც ვმუშაობთ ამანათების გადაზიდვაზე. ეს კონკრეტული მიმართულება კი ხელს უწყობს პირადი გზავნილების კიდევ უფრო ეფექტურად გაგზავნასა და ჩამოტანას. პროდუქტი უფრო მორგებულია ემიგრანტებზე და მათ ახლობლებზე, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. ამ ფილიალში ნაკლებად მოიყრის თავს ისეთი გზავნილები, რომლებიც რომელიმე ონლაინ პლატფორმაზე იქნება შეძენილი,“ – აცხადებს გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელი.
Boxette Georgia-ს ნიუ იორკში გაფართოების გეგმები აქვს და სამომავლოდ ფილიალების გახსნას პენსილვანიაში და ვაშინგტონში განიხილავს.
„უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ამერიკაში კიდევ რამდენიმე ფილიალის დამატებას. მათ შორის, გვინდა ფილიალები დავამატოთ პენსილვანიაში, ვაშინგტონში და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიაზრებთ გადავიდეთ ევროპული ქვეყნების და ქალაქების ათვისებაზე. მაგალითად, საინტერესოა იტალია, ასევე საბერძნეთი,“ – ამბობს Boxette Georgia-ს დირექტორი.
Boxette Georgia, რომელსაც აშშ-დან ამანათები ყველაზე სწრაფად ჩამოაქვს და საკუთარ მომხმარებლებს მაღალ ხარისხსაც სთავაზობს, აშშ-დან საქართველოში და საქართველოდან აშშ-ში პერსონალური ამანათების შემთხვევაშიც საკუთარ მომხმარებლებს სწრაფ და ხარისხიან ტრანსპორტირებას ჰპირდება.
„ჩვენი ძირითადი ღირებულება, რასაც მომხმარებლისთვის ვქმნით, არის 2 ძირითად მახასიათებელზე აწყობილი სერვისი: სისწრაფე და მომსახურების ხარისხი. შესაბამისად, ჩვენი ძირითადი პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ და რომელიც არის გამორჩეულად სწრაფი – რეალურად ამ მიმართულებითაც იგივე ნიშა დავიჭირეთ. ახალი სერვისის მიმართულებითაც ვიქნებით გამორჩეულად სწრაფები და, რაც მთავარია, შევთავაზებთ მაღალი ხარისხის სერვისს, რომელიც, ჩვენი კვლევის შედეგად, ძალიან აკლია ბაზარს როგორც აშშ-ში, ისე ემიგრანტების გზავნილების შემთხვევაში,“ – განმარტავს სოსო ჩხიკვაძე.
დღეისათვის Boxette Georgia საქართველოში 5 ფილიალს აერთიანებს, საიდანაც ერთი მდებარეობს ბათუმში, ერთიც ქუთაისში და დანარჩენი სამი – თბილისში.
„ახლო მომავალში თბილისში ვგეგმავთ რამდენიმე ფილიალის დამატებას. საუბარია 2026 წლის პირველ კვარტალზე. სასურველია 1 ან 2 ახალი ფილიალის დამატება თბილისის მასშტაბით და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ საქართველოში რეგიონულ განვითარებაზე,“ – აცხადებს Boxette Georgia-ს დირექტორი.
დღეისათვის Boxette Georgia-ს პორტფელში 75%-მდე აშშ-დან იმპორტს უკავია.
„1.5–2 წლის განმავლობაში ჩვენი ერთადერთი პროდუქტი იყო აშშ. შემდეგ, გარკვეული პერიოდი, თურქეთიდანაც გვქონდა იმპორტი. თუმცა აშშ-დან იმპორტი იყო ჩვენი ფლაგმანი სერვისი. რამდენიმე თვის წინ დავამატეთ ჩინეთი, შემდეგ – საბერძნეთი და ბოლოს – ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვები.
დღევანდელი მონაცემებით, იმპორტის შემთხვევაში 70–75% აშშ-დან მოდის, ხოლო დანარჩენი პროპორციულად ნაწილდება ჩინეთზე და საბერძნეთზე. ასევე მცირედი წილი მოდის თურქეთზე,“ – აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
სხვა სიახლეები
Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან
07.11.2025.18:09
საქართველოს ბანკი საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით, ახალი პრემიუმ ბარათი – Mastercard Corporate Card წარადგინა.
Mastercard Corporate Card პირველი პრემიალური კლასის ბიზნესბარათია რეგიონში, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებს ინდივიდუალურ მიდგომებსა და ექსკლუზიურ შესაძლებლობებს სთავაზობს. მათ შორის:
ფინანსური პრივილეგიები:
სამოგზაურო პრივილეგიები:
ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები:
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები აღნიშნული ბარათით სარგებლობას 1 წელი უფასოდ შეძლებენ.