ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუმჯობესდა - BAG ინდექსი
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსის კვლევაზე მუშაობა დაასრულა და 2025 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვის შედეგად, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გასულ კვარტალთან შედარებით 4.6 ქულით გაუმჯობესდა. აღნიშნული უმეტესწილად განპირობებულია მიმდინარე კვარტალში გაზრდილი გაყიდვებით, რომელიც გამოკითხული კომპანიების 54.6%-მა დააფიქსირა.
ასევე, საგულისხმოა დასაქმების მაჩვენებელი, კერძოდ, 2025 წლის მეორე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 28%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. ხოლო, 2025 წლის მესამე კვარტალში, გამოკითხული კომპანიების 35% ელის დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას. მიმდინარე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა წინა კვარტლის მსგავსად, ყველაზე მეტად მშენებლობა/დეველოპერულ სექტორში დაფიქსირდა.
რაც შეეხება მოლოდინებს, მესამე კვარტალში ყველაზე პოზიტიური მოლოდინითაც მშენებლობა/დეველოპერული სექტორი გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვარტალში 7 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრობენ. აღნიშნულ ფაქტორებში მნიშვნელოვნად გამოიკვეთა სპეციალისტების ნაკლებობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, ხოლო ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობით გამოწვეული პრობლემა 29 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც ლარის კურსის სტაბილურობით აიხსნება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებში ყველაზე ხშირად ადმინსტრაციული საკითხები დასახელდა, რაც წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ხაზგასასმელია, რომ წინა კვარტალთან შედარებით, 10 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი კომპანიების წილი, რომლებმაც მეორე კვარტალში დაფინანსების მოძიება დაიწყეს. მიმდინარე კვარტალში გაზრდილი გაყიდვები და მომდევნო კვარტლის მოლოდინები გაყიდვების, ასევე, დასაქმების ზრდის მიმართულებით, შეიძლება ჩაითვალოს იმის ინდიკატორად, რომ დამატებითი დაფინანსების მოძიების გზით, ბიზნესი ცდილობს განვითარება/გაფართოვების გეგმების რეალიზებას.
შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველკვარტალურად აქვეყნებს.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
სხვა სიახლეები
18.06.2025.18:12
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განათლების შესაძლებლობების შექმნით განაგრძობს. ამჯერად, ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, Startup Grind-თან თანამშრომლობით, 19 ივნისს ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება თემაზე — „ფინტექის მომავალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.
ღონისძიებას გაუძღვება შილ მოჰნოტი — ფინტექ ინვესტორი და Better Tomorrow Ventures-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც არაერთი მილიარდდოლარიანი სტარტაპის შექმნასა და გლობალურ განვითარებაში შეიტანა წვლილი.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
ვორკშოპი 19 ივნისს 10:00 საათზე, თბილისში, ჭავჭავაძის 37 მ-ში გაიმართება.
სესია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს ღონისძიებაზე დასწრება 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. ბილეთები ხელმისაწვდომია Startup Grind-ის ვებგვერდზე.
ცნობისთვის, ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში იმართება, რომელიც ბიზნესის მხარდამჭერ საგანმანათლებლო პროექტებს, პრაქტიკულ ვორქშოპებსა და თემატურ ღონისძიებებს აერთიანებს, რაც ბიზნესებს თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.