ბიზნესასისტენტის პროექტი შეიძლება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და დაფაროს საქართველოს სხვა რეგიონები - იუსტიციის სახლის თავმჯდომარე
იუსტიციის სახლი ბიზნესასისტენტის პროექტის გაფართოებას რეგიონებში გეგმავს. აღნიშნულის შესახებ იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ისაუბრა. ვახტანგ ჟვანიას თქმით, რეგულარული შეხვედრები ბიზნესთან გაგრძელდება, ხოლო პროექტი, რომელიც ამჟამად მხოლოდ თბილისში მოქმედებს, მომავალში შესაძლოა აჭარისა და სხვა მსხვილი ქალაქების ბიზნესსაც მოიცავდეს, რაც ბიზნესს ქვეყნის მასშტაბით სრულ წვდომას უზრუნველყოფს.
„რეგულარული შეხვედრები ბიზნესთან ბუნებრივია გაგრძელდება და მათი საჭიროებების კვლევა, ამ მიმართულებით - ჩვენ გვყავს რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და ამ ანალიტიკურ დოკუმენტს ამზადებს და საჭიროებიდან გამომდინარე უკვე შეხვედრების დაორგანიზებაც მარტივია.
რაც შეეხება ბიზნესს და რეგიონებს და იუსტიციის სახლის ჩართულობას ამ მიმართულებით, პირველი რასაც მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, ის, რომ მაგალითისთვის ბიზნესასისტენტის პროექტი ამ მომენტისთვის მარტო თბილისში არსებობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესს მთელ საქართველოში არ აქვს წვდომა იმ სერვისებზე, რომელიც ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლებში. ჩვეულებრივად ისინი მიბრძანდებიან იუსტიციის სახლში და ყველანაირ სერვისს მიიღებენ.
თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიზნესასისტენტის პროექტი შეიძლება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და დაფაროს საქართველოს სხვა რეგიონები და ეს დამოკიდებულია იმ ტერიტორიებზე, სადაც ბიზნესი ბევრად უფრო აქტიურია. ამიტომ შეიძლება შემდეგი ნაბიჯი იყოს თუნდაც აჭარის რეგიონში ბიზნესასისტენტის პროექტის გაფართოება და შემდგომში უკვე სხვა მსხვილ ქალაქებში. ასე რომ, ჩვენ ჩავთვალოთ, რომ რა ვიცი, გვესმის ბიზნესის საჭიროებები, გვაქვს მათთან კომუნიკაცია და ბუნებრივია საჭიროებიდან გამომდინარე ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისთვის, რომ როგორც თბილისში, ისე საქართველოს მთელი საქართველოს მასშტაბით სრულად უზრუნველვყოთ ბიზნესის საჭირო სერვისები“, - აღნიშნა ვახტანგ ჟვანიამ.
სხვა სიახლეები
ადგილზე მომსახურება და პერსონალური ასისტენტი - იუსტიციის სახლის შეთავაზება ბიზნესს
23.03.2026.10:30
იუსტიციის სახლი ბიზნესს სპეციალურ მომსახურების პაკეტებს სთავაზობს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ აღნიშნა, სტარტაპებისთვის გათვალისწინებულია სამთვიანი პაკეტი, უფრო ხანგრძლივი ექვსთვიანი პაკეტი უკვე განვითარების პროცესში არსებულ კომპანიებს შეესაბამება, ხოლო ერთწლიანი პაკეტი მოიცავს ადგილზე გასვლის სერვისს, რაც ბიზნესს კომფორტულ გარემოში სთავაზობს ყველა აუცილებელ სერვისს, მათ შორის საჯარო რეესტრის მიმართულებით.
„როცა ვსაუბრობთ ბიზნესასისტენტის პროექტზე და იმ პაკეტებზე, რომელსაც ჩვენ ბიზნესს ვთავაზობთ, აქ რამდენიმე მიმართულება ჩამოგვიყალიბდა. და ეს მიმართულებები ჩამოყალიბდა მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე. ბიზნესს, რომელიც ახლა იწყებს ოპერირებას, მას შეუძლია თუნდაც აიღოს სამთვიანი პაკეტი, დაასრულოს ყველა ის ძირითადი ოპერაცია, რომელიც სტარტაპისთვის არის საჭირო და მერე დამოუკიდებლად გააგრძელოს ოპერირება, იმიტომ რომ ბიზნესს თავისუფლად შეუძლია ისარგებლოს იუსტიციის სახლებით და იქ მიიღოს ყველა სერვისი. ასევე არსებობს ექვსთვიანი პაკეტი ბიზნესისთვის, რომელიც შედარებით უფრო ხანგრძლივია, ბევრად უფრო დატვირთულია იმ აქტივობებით, რომელსაც სთავაზობს მას იუსტიციის სახლი. და ყველაზე ისეთი მსხვილი პაკეტი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ბიზნესს, ეს არის ერთწლიანი პაკეტი, რომელიც თავის თავში აერთიანებს თუნდაც ისეთ მომსახურეობას, როგორიც არის ადგილზე გასვლის მომსახურეობა. ანუ ბიზნესს არ სჭირდება იუსტიციის სახლში შესაბამის სივრცეში მოსვლა, მას შეუძლია თავისი ასე ვთქვათ ასისტენტი, რომელიც მასზეა მიმაგრებული დაიბაროს თავისთან ოფისში და იქ გააკეთოს განაცხადი. ასე რომ, ამ პროექტის და ამ პაკეტების არსებობის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ვამყოფოთ ბიზნესი, იმიტომ რომ სერვისი, რომელიც დაკავშირებულია თუნდაც საჯარო რეესტრის მიმართულებასთან, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ბუნებრივია ამ სერვისებზე წვდომა და მარტივი წვდომა ბუნებრივია ბიზნესს ხელს უწყობს განვითარებაში“, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე.