ფაგოთერაპია, ანტიბიოტიკების ალტერნატივა საქართველოდან - როგორ აპირებს „ბიოქიმფარმი“ მსოფლიო ბაზრის ლიდერობას
„ბიოქიმფარმი“, რომელიც მრავალი წელია ფაგიოსა და ფაგების სხვა პრეპარატების წარმოებითაა დაკავებული, სწრაფი საერთაშორისო ექსპანსიისთვის ემზადება. კომპანიამ ევროპული GMP-ი სტანდარტი დანერგა, რაც მას ევროკავშირისა და სხვა მნიშვნელოვან ბაზრებზე შესვლას გაუმარტივებს. კომპანია არსებულ მიღწევებით არ კმაყოფილდება და ასორტიმენტის გაზრდაზეც ინტენსიურად მუშაობს.
უფრო კონკრეტულად, როგორია დღეს ფაგებსა და ფაგოთერაპიაზე მოთხოვნა და რა გეგმები აქვს „ბიოქიმფარმს“ - Business Insider Georgia კომპანიის გენერალურ მენეჯერს, რატი ღოლიჯაშვილს ესაუბრა:
- შემოდგომის სეზონი ტრადიციულად რესპირატორული დაავადებების მატების პერიოდია. როგორ აისახება ეს ფაგიოს მოთხოვნაზე/გაყიდვებზე? ზოგადად, წლიური ჭრილით რომ შევხედოთ, წლის რომელ თვეში ფიქსირდება ყველაზე მაღალი მოთხოვნა ბიოქიმფარმის პრეპარატებზე?
- რაც შეეხება სეზონურობას, ფაგიო შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე პოპულარული და სახელგანთქმული პროდუქტია - ბლოკბასტერია საქართველოს და არამხოლოდ საქართველოს ბაზარზე. თუმცა სხვადასხვა პროდუქტს სხვადასხვა სეზონურობა ახასიათებს და, აქედან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად მთელი წელი გაყიდვების თვალსაზრისით დაბალანსებულია. თუმცა როდესაც ფაგიოზე ვსაუბრობთ, სასუნთქი გზების რისკები ზოგადად ოქტომბრიდან იმატებს, როდესაც ტემპერატურა ეცემა, გაციებაც უფრო ხშირად ხდება, რესპირატორული ინფექციებიც უფრო მეტია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სხვადასხვა პროდუქტს სხვადასხვა სეზონურობა ახასიათებს.
- რა პოზიცია უჭირავს ბიოქიმფარმს დღეს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ დიდი ისტორია აქვს ბაქტერიოფაგების წარმოებას და ჩვენი კომპანია პირდაპირ დაკავშირებულია მის თითქმის 100-წლიან ისტორიასთან, ჯერჯერობით ფაგები მაინც ნიშური პროდუქტია. ყველა პოტენციურ სფეროში ჯერჯერობით ბოლომდე დანერგილი არ არის, თუმცა მათი უნიკალური მახასიათებლებიდან გამომდინარე (მოქმედებენ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ ინფექციებზეც, არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები და ა.შ.), მაგალითად ფაგიო პედიატრიაში და კონკრეტულ მიმართულებებში ნომერ პირველი პრეპარატია და შეიძლება ითქვას ყველა ოჯახშია, ვისაც პატარები ჰყავს სახლში. კომპანიის პრეპარატები ასევე ძალიან აქტიურად გამოიყენება ისეთი უკურნებელი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ანტიბიოტიკორეზისტენტული ინფექციებიით არის გამოწვეული. ეს ყველაფერი თითოეული ბიოქიმფარმის გუნდის წევრისთვის განსაკუთრებულად საამაყოა. ისტორიულობასთან ერთად ჩვენ საკმაოდ დიდი ამბიციები გვაქვს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ყოველწლიურად, როგორც საქართველოში, ისე არსებულ საექსპორტო ქვეყნებში იზრდება გაყიდვები და პლუს ამას, წარმატებით შევდივართ ახალ ბაზრებზეც. იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით 3 წლის წინ ჩვენ ინვესტიცია განვახორციელეთ დაახლოებით 17 მლნ ლარის ოდენობით და ასევე მოვიპოვეთ ევროპული GMP-ი სტანდარტი, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ახალ საექსპორტო ბაზრებზე შევიდეთ და გავხდეთ კიდევ უფრო მასშტაბური ინტერნაციონალური კომპანია.
- დღეს რომელ საერთაშორისო ბაზრებზე იყიდება ფაგიო და სად ხედავთ ყველაზე მეტ ზრდის პოტენციალს?
- ამ ეტაპზე ფაგიო წარმოდგენილია დაახლოებით 10 ქვეყანაში — ძირითადად რეგიონში და პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ამ ბაზრებზე ფაგოთერაპიის და ფაგების მედიცინაში გამოყენების ისტორიული კონტექსტი უფრო დიდია. თუმცა აქტიურად ვმუშაობთ ევროპულ ბაზარზე შესასვლელად. 17 მლნ ლარის ინვესტიცია, რომელიც ვახსენე, იყო პირველი მნიშვნელოვანი ბარიერის გადასალახად განხორციელებული. საუბარი ეხება GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) სერტიფიცირებას, რაც მთელს მსოფლიოში აღიარებულ ფარმაცევტული წარმოების სტანდარტს წარმოადგენს. დღესდღეობით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ევროპულ ბაზარზე შევიდეთ, რისთვისაც ეს ინვესტიცია და GMP სერტიფიცირება ძალიან გვეხმარება და დაგვეხმარება საბოლოოდ მიზნობრივ ბაზრებზე შესასვლელად.
ამას გარდა, პირადი მოხმარების მიზნით გვაქვს მიწოდების გამოცდილება მთელ მსოფლიოში და ამ მიმართულებით გააქტიურებასაც ვგეგმავთ ონლაინ მაღაზიის საშუალებით.
- რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგახართ ექსპორტის განხორციელებისას?
- ექსპორტში იყო რეგულაციური სხვაობა საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის, სადაც საექსპორტო ინტერესი გვაქვს. ერთ-ერთი გამოწვევა იყო წარმოების სტანდარტი, რომელიც წარმატებით გადავლახეთ და ახლა ძალიან აქტიურად ვართ დაკავებული - ამის არსებობის შემთხვევაში, სხვა ბარიერების გადალახვის პროცესში ვართ, რათა მოვხვდეთ ზუსტად იმ ბაზრებზე, სადაც ვგეგმავთ განვითარებას.
- როგორია თქვენი სტრატეგია ახალი ბაზრების ათვისებისთვის - რომელი რეგიონები გაინტერესებთ უახლოეს პერიოდში?
- ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მთლიანად რეგიონში წარმომადგენლობის მაქსიმალურად გაზრდა, ცნობიერების ამაღლება ფაგების და ფაგოთერაპიის მიმართულებით, ასევე ანტიბიოტიკური რეზისტენტობის, ანტიბიოტიკების ჭარბი გამოყენების თანმხლები მავნე გვერდითი ეფექტების შესახებ. თუ რა საფრთხეებს შეიცავს მათი არარაციონალური გამოყენება და ფაგების, ფაგოთერაპიის, როგორც ალტერნატივის შეთავაზება რეგიონულ ჭრილში. აღნიშნულ ბაზრებზე უკვე ვოპერირებთ, იყიდება უკვე ბიოქიმფარმის უნიკალური ფაგის პრეპარატები, თუმცა კიდევ არის დარჩენილი სივრცე განვითარებისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ფაგიოსა და სხვა პრეპარატების ცნობადობა. დღესდღეობიტ, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამასთან ერთად, ახალ მიზნობრივ საექსპორტო ბაზრებზე შესვლა და დამკვიდრება.
- კომპანიის საერთო გაყიდვების რა წილი მოდის ადგილობრივ ბაზარზე და რამდენი ექსპორტზე?
- აქამდე გადანაწილება იყო 40/60-ზე, სადაც 60% ექსპორტზე მოდიოდა, თუმცა ექსპორტის წილი იზრდება და მოლოდინიც არსებობს იმისა, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ საქართველოში გაგვაჩნია ასეთი ტექნოლოგია. თუმცა, საქართველო არის პოპულაციით საკმაოდ პატარა ქვეყანა და შესაბამისად ჩვენ გაქვს წარმადობა და შესაძლებლობა და ამბიციაც, რომ ქართული უნიკალური ფაგებით მოვამარაგოთ ის ქვეყნები და პაციენტები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც იტანჯებიან ანტიბიოტიკური რეზისტენტული ინფექციებით და ვისაც სჭირდებათ ფაგოთერაპია.
- ფაგიო პოზიციონირდება, როგორც ალტერნატივა ანტიბიოტიკების მიმართ. როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ საქართველოში და ევროპაში? როგორ გეგმავთ ფაგიოს ცნობადობის ამაღლებას ადგილობრივ ბაზარზე?
- საქართველოზე სიამაყით ვიტყვი, რომ ჩვენი მნიშვნელოვანი ჩართულობითაც, საკმაოდ გაიზარდა ცნობადობა ანტიბიოტიკური რეზისტენტობის შესახებ, ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენების საფრთხეების შესახებ და შესაბამისად ფაგოთერაპიის შესახებ. ბოლო 15 წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად, სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიებით, სხვადასხვა აქტივობებით ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაში. რა თქმა უნდა არის სხვადასხვა მიმართულებები, სფეროები და სხვადასხვა დაავადებები, რა მიმართულებითაც კარგი იქნებოდა კიდევ უფრო მეტად დაჩქარებულიყო ფაგოთერაპიის დანერგვის პროცესი და ჩვენ ამაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, იმავე გასტროენტერელოგიის მიმართულებით, უროგენიტარული ინფექციების მიმართულებით. პედიატრიაში საკმაოდ მაღალია ცნობიერება ფაგოთერაპიის შესახებ, ფაგიოსა და ფაგების უპრეცედენტო უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება ევროპას, ევროპასა და მთელს მსოფლიოშიც ცნობიერება ამ მიმართულებით იზრდება, რადგანაც ყოველ წელს 5 მლნ ადამიანი იღუპება ანტიბიოტიკური რეზისტენტული ინფექციებით. ფაგოთერაპია და ფაგები - ეს ტექნოლოგია წარმოადგენს დღეისათვის ანტიბიოტიკების ერთადერთ ხელმისაწვდომ ალტერნატივას და ასევე ძალიან საამაყოა, რომ საქართველო არის არამხოლოდ ღვინის, არამედ ფაგების სამშობლო და შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ პროპორციულია - როდესაც საუბარია ფაგებზე იქვე იგულისხმება, რომ საქართველოზეც არის საუბარი, რადგან ქვეყანაში ჩვენ გაგვაჩნია ყველაზე დიდი ისტორია ფაგების კლინიკური გამოყენების, წარმოების, კვლევის. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში ზოგადად ანტიბიოტიკური რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასთან ერთად იზრდება ფაგების შესახებ ცნობადობაც და ასევე, იზრდება საქართველოს შესახებ როგორც ფაგების სამშობლოს შესახებ ცნობადობა. თუმცა კიდევ მეტი სამუშაოა ამ მიმართულებით გასაწევი, სახელმწიფო დონეზე, კერძო და საჯარო მხარეების ჩართულობით, რომ ეს „მომენტუმი“ და მსოფლიოსთვის ფაგების აქტუალურობა არ იქნას ხელიდან გაშვებული.
- დღეს ბიოქიმფარმი რამდენ პროდუქტს აწარმოებს და რომელი მათგანია კომპანიის ფლაგმანი?
- კომპანიას დაახლოებით 15-მდე პროდუქტი აქვს რეგისტრირებული სხვადასხვა მიმართულებებით. ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე 4 ძირითადი პროდუქტია ყველაზე პოპულარული, თუმცა ბაზრიდან ბაზრამდე პროდუქტების რაოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს.
- გეგმავთ თუ არა პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას? მუშაობთ თუ არა ამჟამად ახალ პრეპარატზე ან კვლევაზე?
- დიახ, ვგეგმავთ წამლის ახალი ფორმების შემუშავებას, საუბარი მაქვს მშრალ და სხვა წამლის ფორმებზე, რათა კიდევ უფრო მოსახერხებელი იყოს ფაგების გამოყენება პაციენტებისთვის. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებებზე. კვლევისა და განვითარების მიმართულებით, ასევე მეცხოველეობის და ვეტერინარიის მიმართულებით, რათა შევამციროთ ანტიბიოტიკების არარაცნიონალური გამოყენება. რადგანა ანტიბიოტიკების 80%-ი სწორედ ფერმებში გამოიყენება, საკვები ხორცის წარმოების ინდუსტრიაში. ვგეგმავთ მასშტაბური მსოფლიო მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებასაც, რომლის შესახებაც მალე გახდება ცნობილი.
- როგორია ბიოქიმფარმის მიდგომა ინოვაციების მიმართ ფარმაცევტულ სფეროში?
- ჩვენი საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაც კი შეიძლება ჩაითვალოს ინოვაციად იქედან გამომდინარე, რომ არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, ავტომატიზირებული, სრული ციკლის ინდუსტრიული საწარმო, რომელიც GMP ფაგებს (წამლის სტერილური სითხოვანი ფორმები) აწარმოებს არ არსებობს. ბიოქიმფარმის ისტორიული საწარმო, რომელიც თბილისში მდებარეობს არის ფაქტობრივად ერთადერთი ამ მასშტაბის და ამ წარმადობის, GMP სტანდარტის შესაბამისი ფაგების საწარმო და ეს არის საკმაოდ დიდი მიღწევა, სავიზიტო ბარათი საქართველოსთვის ბიოტექნოლოგიების მიმართულებით. ყველა აღნიშნული აქტივობა, ფაგების აღმოჩენა-წარმოებიდან - აფთიაქის დახლამდე მიტანამდე არის ინოვაციური პროცესი მთელი მსოფლიოსთვის.
- როგორია კომპანიის გრძელვადიანი ბიზნეს-სტრატეგია?
- ჩვენი სტრატეგია არის, რაც შეიძლება მეტ პაციენტთან მივიტანოთ ფაგიო და ფაგები მთელ მსოფლიოში. იმ პაციენტებთან რომლებიც საჭიროებენ ფაგოთერაპიას, დღევანდელ „პოსტ-ანტიბიოტიკურ“ ერაში, როდესაც ანტიბიოტიკები ხშირ შემთხვევაში ვეღარ კურნავენ სხვადასხვა დაავადებებს. მივიტანოთ მათთვის საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაგები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია.
- რა გავლენა მოახდინა ბოლო წლების გლობალურმა პანდემიამ თქვენი კომპანიის სტრატეგიაზე და ოპერაციებზე?
საკმაოდ რთულად დაეტყო ჩვენს ოპერაციებს. თუმცა ოპერაციებს ნაკლებად, უფრო მოდერნიზაციის პროცესს, რადგან სწორედ ამ პერიოდში ხორციელდებოდა ჩვენი საწარმოს რენოვაცია, მოდერნიზაცია, სადაც განხორციელდა სრული გადაიარაღება საწარმოო ხაზების, ინფრასტრუქტურის, დანადგარების, ასევე ხარისხის უზრუნველმყოფი სისტემის ცვლილება. პრობლემები შეიქმნა მიწოდების ჯაჭვის თვალსაზრისით, მასალების კუთხით, დაიგვიანა სხვადასხვა დანადგარმა და მნიშვნელოვნად შეაფერხა მოდერნიზაციის პროცესი. თუმცა მიუხედავად ამისა მცირედით, სულ რამდენიმე თვით გახანგრძლივდა პროცესი, გადასცდა წინასწარ დადგენილ ვადას და დაახლოებით 2,5 წელიწადში მოდერნიზაციის პროექტი უკვე დასრულებული იყო. ამ ეტაპზე ვართ ამიერკავკასიაში ერთადერთი წამლის სტერილური სითხოვანი ფორმების სრული ციკლით მწარმოებელი კომპანია, რომელიც შეესაბამება ევროპულ GMP-ი სტანდარტს.
- როგორია ბიოქიმფარმის თანამშრომლობის გამოცდილება ადგილობრივ ან საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუტებთან და უნივერსიტეტებთან?
- ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ჩვენ ხშირად ვაცხადებთ სტაჟირების პროგრამებს. შეიძლება ითქვას, რომ ყოველ წელს რამდენიმე ათეული ადამიანის შერჩევა სწორედ უნივერსიტეტებიდან ხდება. და ასევე კვლევისა და განვითარების მიმართულებით ხდება თანამშრომლობა, როგორც ქართულ ისე უცხოურ უნივერსიტეტებთან. თუმცა იგეგმება, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ეს თანამშრომლობა.
- როგორია მომხმარებელთა უკუკავშირის როლი თქვენი პროდუქციის განვითარებაში და როგორ იღებთ ამ ინფორმაციას?
- კომპანიაში დანერგილი გაქვს ფარმაკოზედამხედველობის პრაქტიკა, რაც გულისხმობს, რომ არსებულ ბაზრებზე მომხმარებელს შეუძლია როგორც სატელეფონო, ისე ციფრული არხების საშუალებით დაგვიკავშირდნენ და შესაბამისი გამოხმაურება მივიღოთ. ეს არის ბევრ ქვეყანაში რეგულაციით გათვალისწინებული პრაქტიკა, შესაბამისად ჩვენ მნიშვნელოვან ინსპირაციას, ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ სწორედ ამ არხების საშუალებით. მეამაყება, რომ გამოხმაურება არის ძალიან დადებითი და შეიძლება ითქვას, რომ ფაგიო საქართველოშიც გახდა სახალხო პროდუქტი და ზუსტად იგივე გზას გავდივართ სხვა ბაზრებზეც.
- რა ნაბიჯებს დგამთ მდგრადი განვითარების და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის კუთხით წარმოების პროცესში?
- მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გამოყენებული იყო, პრაქტიკების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დანადგარები, ენერგოეფექტური მასალები, რაზეც ჩვენი პარტნიორების მოთხოვნაც იყო და მათგან მხარდაჭერაც. ფაგების ისტორიული საწარმოს ევროპულ სტანდართებთან შესაბამისობის პროექტი განხორციელდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერითა და თანამშრომლობით. ჩვენი საქმიანობა პირდაპირ არის მდგრადი განვითარების მიზნებთან თანხვედრაში, რადგან ფაგის პრეპარატები სრულად ეკოლოგიურია და ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი კაცობრიობის წინაშე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის, ანტიბიოტიკური რეზისტენტობის დაძლევა და დამარცხებაა.
- როგორ აფასებთ ფაგიოთერაპიის როლს თანამედროვე მედიცინაში – ხედავთ თუ არა, რომ ფაგები გახდებიან მთავარი მოთამაშეები მომავალში ანტიმიკრობული წინააღმდეგობის წინააღმდეგ ბრძოლაში?
- ჩვენ მაშინაც კი, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცნობიერება ამ დონეზე, საქართველოშიც და უცხოეთშიც, მაშინაც სრულად გვქონდა გაცნობიერებული მსოფლიოსთვის ფაგის ტექნოლოგიის მნიშვნელობა და სწორედ ამან მოიყვანა ჩვენი საწარმო დღევანდელ განვითარების დონემდე. სწორედ აღნიშნული მნიშვნელობის გაანალიზება გვაძლევს ყოველდღიურ მოტივაციას, რომ შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ჩვენს სფეროში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
02.10.2025.20:26
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ.
ინვესტორები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.
დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“ „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.