ბელგრადში გავეცანით კომპანია „იგლ ჰილსის" მასშტაბურ ურბანულ პროექტს, რომელთანაც, სახელმწიფო ინტერესების დაცვით, უპრეცედენტო, 6,6 მლრდ აშშ დოლარის საინვესტიციო ხელშეკრულება გავაფორმეთ - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იაგოდა ლაზარევიჩმა Eagle Hills - Belgrad Waterfront-ში უმასპინძლა.
Belgrade Waterfront-ი მასშტაბური ურბანული პროექტია, რომელიც სერბეთის მთავრობისა და კომპანია Eagle Hills Properties-ის პარტნიორობით ხორციელდება. პროექტი ქმნის ქალაქის ახალ ცენტრს და საერთაშორისო დანიშნულების ადგილს, რომელიც სასტუმრო და სავაჭრო სივრცეებს, საფეხმავლო ბულვარს, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს მოიცავს. ბიზნესის 68%-ს Eagle Hills-ი ფლობს, ხოლო სერბეთის მთავრობა 32%-იანი წილის მფლობელია.
„გვქონდა შესაძლებლობა, სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მასპინძლობით ბელგრადში დაგვეთვალიერებინა იმ კომპანიის მასშტაბური, ურბანული პროექტი, რომელთანაც, სახელმწიფო ინტერესების დაცვით, უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. „იგლ ჰილსისგან" მივიღებთ უპრეცედენტო, 6,6 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას. „იგლ ჰილსის" სერბეთში მიმდინარე პროექტის საინვესტიციო მოცულობა ამ ეტაპისთვის 4 მილიარდი ევროა. ძალიან ბევრი კომპონენტია, რომელიც თანხვედრაშია ქართულ პროექტთან, მათ შორის, აღსანიშნავია განთავსების ობიექტები, ისევე როგორც საცხოვრებელი, სავაჭრო, გასართობი და სარეკრეაციო სივრცეები. რა თქმა უნდა, გვაინტერესებდა, თუ რა ეფექტი და გავლენა ჰქონდა ამ ინვესტიციას სერბეთის ეკონომიკაზე. მოვისმინეთ არაერთი დადებითი შეფასება, მათ შორის, დასაქმების ზრდის კუთხით - დაახლოებით 25 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და დაახლოებით 9 მილიარდი ევროს ეფექტი ჰქონდა ამ ინვესტიციას სერბეთის ეკონომიკაზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრი გაეცნო როგორც უშუალოდ Belgrade Waterfront-ის პროექტს, ისე მისი განხორციელების ეტაპებს, ასევე, დაათვალიერა Belgrade Waterfront-ის შოურუმი და კომპანიის სათავო ოფისი, რომელიც ბელგრადის ცენტრში, 1907 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში მდებარეობს.
„იგლ ჰილსის" პროექტი მარიამ ქვრივიშვილმა დელეგაციასთან ერთად დაათვალიერა. ორი ქვეყნის მინისტრებს „იგლ ჰილს ბელგრადის" გენერალურმა მენეჯერმა ზორანა ბურლიცმა უმასპინძლა.
სხვა სიახლეები
IG Development Georgia ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე სავაჭრო ცენტრ „სითი მოლს“ ააშენებს - მინდია საბანაძე
23.12.2025.12:00
„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გამოცდილი ოპერატორია სავაჭრო და ბიზნეს ცენტრების მიმართულებით, საკუთარ პორტფელს აფართოებს და ახალი მოლების მშენებლობას ბათუმსა და ქუთაისში გეგმავს.
როგორც „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ (IG Development Georgia) დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე განმარტავს, სითი მოლი ბათუმი Ambassadori Island Batumi-ის ტერიტორიაზე აშენდება, სადაც კომპანიამ მიწა უკვე შეიძინა.
„მოზიდული კაპიტალი ძირითადად წავა როგორც სითი მოლი საბურთალოს განვითარებაზე, ასევე სითი მოლი გლდანის განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს ასევე ორი დიდი პროექტი ბათუმში - ამბასადორი აილანდზე შევიძინეთ ტერიტორია და იქ ავაშენებთ დაახლოებით 120 ათას კვ. მ სავაჭრო ცენტრს, რომელიც აბსოლუტურად დააკმაყოფილებს არამხოლოდ ბათუმს, არამედ რეგიონსაც, იქიდან გამომდინარე, რომ იქნება სრული მრავალფეროვნება, სრული ასორტიმენტი და ასე შემდეგ. ეს იქნება სრულიად განსხვავებული სიტყვა, ვიდრე ადრე თქმულა და ვიდრე დღემდე გაკეთებულა. ჩვენ გვაქვს ასევე კიდევ ერთი პროექტი - ქუთაისში, სადაც ყოფილი კადეტების კორპუსი შევიძინეთ და სადაც ასევე ვაპირებთ სავაჭრო ცენტრის განვითარებას. პარალელურად ჩვენ სხვადასხვა მიმართულებებით ვითარდებით, მაგრამ მოზიდული კაპიტალი სწორედ აქ მიდის, ხოლო სხვა დანარჩენი ჩვენი პირადი სახსრებით ხორციელდება“, - აღნიშნა მინდია საბანაძემ.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ სითი მოლის ბათუმის მშენებლობა დაახლოებით 2–2,6 წელში დასრულდება, ხოლო რაც შეეხება ინვესტიციას, მინდია საბანაძის თქმით, ინვესტიციის მოცულობა პროექტის განხორციელებისას ყოველთვის იზრდება.
„არ მინდა წინასწარ ვისაუბრო, რადგან შესაძლოა შემდეგ ცვლილებები მოხდეს, რადგან როცა ვგეგმავთ, ვფიქრობთ, რომ 200–250 მლნ-ის ფარგლებში ჩავეტევით, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა ამ თანხაში ვერ ვეტევით და პროექტი ცოტა გვიძვირდება. იმიტომ, რომ, როგორც ქართველებმა ვიცით, მადა ჭამაში მოდისო და სულ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ, რაღაც ახალი შევქმნათ და აქედან გამომდინარე იზრდება“, - ამბობს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
რაც შეეხება სითი მოლი გლდანის გაფართოების პროექტს, პროცესი დაახლოებით 1 წელში დასრულდება.
„ძალიან მალე დასრულდება. ყველა სირთულე, რაც იყო, უკვე გადატეხილია. ეს ხომ არსებული მოლია და ძირითადი სირთულე იყო გადაბმები. ეს ყველა სირთულე უკვე გადაჭრილია და მიმდინარეობს ძალიან მარტივი სამუშაოები, და ალბათ 1–1,5 წელიწადში სრულიად გაიხსნება თავისი კინო-თეატრებით, ჯიმით, ბავშვთა გასართობი ცენტრებით და კაფეებისა და რესტორნების მრავალფეროვნებით“, - აცხადებს საბანაძე.
შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან კომერციული უძრავი ქონების სექტორის წამყვანმა კომპანიამ „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური ჩართულობით, ჯამურად 82 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, პირველი და მეორე ტრანშების სახით 25 მილიონი დოლარისა და 15 მილიონი ევროს საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
დღეისათვის „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ პორტფელში შედის ორი წამყვანი სავაჭრო ცენტრი - სითი მოლი საბურთალო და სითი მოლი გლდანი, ასევე სითი თაუერი, რომლებიც 100%-მდე დატვირთულობით ფუნქციონირებენ.