ბაზრის რა წილს აკონტროლებენ Wolt და Glovo
„ფინსპოტი“ საქართველოში მიტანის სერვისის წამყვან კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების შედარებას აკეთებს და განმარტავს, რომ Wolt-ს და Glovo-ს თითქმის თანაბარი ბაზრის წილი უკავიათ.
Wolt-ს ქვეყანაში შპს „ვოლტ ჯორჯია“ წარმოადგენს, ხოლო და Glovo-ს შპს „გლოვოაფფ ჯორჯია".
„ბიზნეს მოდელი: შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს საქონლის ღირებულებიდან გარკვეული საკომისიოს მიღება (ჩვენი დაშვებით — საშუალოდ 25%). ხარჯების ძირითადი ნაწილი კი მოდის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, კურიერების ანაზღაურებასა და მარკეტინგულ ხარჯებზე.
2021 წელს, Wolt და Glovo-ს საშუალებით, სავაჭრო ობიექტებმა ჯამურად ₾274 მილიონის ღირებულების პროდუქცია გაყიდეს. [აქ დაშვებას ვაკეთებთ, რომ საშუალოდ 25%-იან საკომისიოს იღებს ორივე კომპანია მერჩანტებისგან].
Wolt და Glovo-ს თითქმის თანაბარი ბაზრის წილი უკავიათ. ვოლტის 2021 წლის შემოსავალმა ₾34.5 მილიონი შეადგინა; გლოვოს შემოსავალმა კი ₾33.9 მილიონი.
ბაზრის ამ ორ მოთამაშეს შორის ძირითადი სხვაობა მათი ზრდის ტემპი და ხარჯების სტრუქტურაა.
თუ 2019 წელს Wolt-ს გაცილებით მცირე დაფარვა ჰქონდა და Glovo-ს შემოსავლების მხოლოდ 64%-ის გენერირებას ახერხებდა, 2 წელიწადში, საკმაოდ სწრაფი ზრდის ტემპით, მოახერხა, რომ კონკურენტს დაწეოდა.
თითქმის თანაბარი შემოსავლიანობის მიუხედავად, Wolt-ის ბიზნესი მომგებიანია, Glovo კი ამ ეტაპისთვის ზარალზე მუშაობს.
„ფინსპოტის“ ანალიზით, Glovo-ს შემთხვევაში, მისი ზარალიანი ოპერაციების ძირითადი მიზეზი (i) მაღალი მარკეტინგული ხარჯები, (ii) მაღალი საკონსულტაციო ხარჯები და (iii) დედა კომპანიისთვის პროგრამული უზრუნველყოფისა თუ სხვა მომსახურებებისთვის გაწეული მაღალი დანახარჯებია.
Glovo-მ ₾5.2 მილიონით მეტი დახარჯა მარკეტინგულ საქმიანობაში, ვიდრე Wolt-მა. მცირებიუჯეტიანი მარკეტინგული აქტივობების მიუხედავად, Wolt-ი ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა.
პროფესიულ/საკონსულტაციო მომსახურებაში, Glovo-მ კონკურენტზე ₾2.3 მილიონით მეტი დახარჯა“, - აღნიშნულია „ფინსპოტის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კომპანიებს კაპიტალის სტრუქტურა:
• Wolt-ს არ აქვს სესხი ბალანსზე და ძირითადად მშობელი კომპანიის მიერ ჩადებული კაპიტალით ფინანსდება. მთლიანი აქტივების ღირებულება ₾13 მილიონია.
• Glovo-ს დაფინანსების ძირითად წყაროს მშობელი კომპანიისგან მიღებული სესხი წარმოადგენს. სესხის ბალანსმა ₾24.5 მილიონი ლარი შეადგინა 2021 წლის ბოლოს. მთლიანი აქტივების მოცულობა ₾15 მილიონია.
„ვოლტ ჯორჯია“ საქართველოში 2018 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მშობელი კომპანია ფინეთში დაფუძნებული Wolt Enterprises Oy-ია. 2022 წლის ივნისში ამერიკის წამყვანმა მიტანის სერვისის კომპანიამ, DoorDash-მა, Wolt Enterprises Oy იყიდა.
ასევე 2018 წლიდან ოპერირებს „გლოვოც“ მისი მშობელი კომპანია ესპანეთში დაფუძნებული კომპანია Glovoapp 23 SL არის.
2022 წლის ივლისში, Glovoapp 23 SL-ის 94%-იანი წილი მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა მიტანის სერვისის კომპანიამ, Delivery Hero-მ შეისყიდა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
26.05.2026.19:34
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში „მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის“, საქართველოს ბანკის ვიდეორგოლის მთავარი გმირი მომავალი თაობაა. თაობა, რომელიც მოძრაობას არ აჩერებს, არ უშინდება დაბრკოლებებს და ყველა დაკეტილი კარის მიუხედავად, საკუთარ გზას მაინც პოულობს.
ამ იდეის გაგრძელებად, 26 მაისს, საქართველოს ბანკმა ვიდეორგოლის მთავარი გზავნილი რეალურ ქმედებად აქცია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ემიგრანტებს მომავალი თაობის ხმებით მიმართა.
კამპანიის ფარგლებში, ბანკი მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში 100 000-მდე მომხმარებელს დაუკავშირდა. ზარებში გამოყენებულია მომავალი თაობის ხმები, რომლებიც ემიგრანტებს გულწრფელი და ემოციური გზავნილით მადლობას უხდიან იმ ძალისხმევისა და ღვაწლისთვის, რომელიც მათ საკუთარი ოჯახების, მომავალი თაობისა და ქვეყნის მომავლის შენებაში შეაქვთ, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ დღეს.
გზავნილი „მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის“ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არა მხოლოდ წარსულში მოპოვებულ ისტორიულ მოვლენად, არამედ ყოველდღიურ პასუხისმგებლობად, არჩევანად და უწყვეტ პროცესად ხედავს - სწორედ ამ ხედვის ნაწილი არიან ემიგრანტებიც, ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მომავალს საზღვრებს ფარგლებს გარეთ ქმნიან.