ბაზისბანკს და საქართველოს ბანკს შორის მომენტალური გადარიცხვების სისტემის დასანერგად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ციფრული სერვისების განვითარებისა და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, ბაზისბანკს და პარტნიორ ბანკებს შორის, საქართველოს ბანკის მიერ მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური სისტემის დასანერგად, თანამშრომლობის მემორანდუმდი გაფორმდა. სერვისი მომხმარებლებისთვის სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი.
მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური სისტემა საქართველოში პირველად ინერგება და მისი დახმარებით ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, თანხა ბაზისბანკის, საქართველოს ბანკის, პროკრედიტ ბანკისა და კრედო ბანკს შორის მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით გადარიცხონ. ტრანზაქცია მიმღების ანგარიშზე მომენტალურად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს აისახება. საგულისხმოა, რომ თანხის გადარიცხვა როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე ევროსა და დოლარში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ეროვნულ ვალუტაში ერთჯერადად გადარიცხვისას მაღალი, 10,000 ლარის ოდენობის ლიმიტი იმოქმედებს. მომხმარებლები შეძლებენ დღის განმავლობაში გადარიცხვის შესრულება შეუზღუდავი სიხშირით განახორციელონ.
„ბაზისბანკისთვის პრიორიტეტულია, რომ საკუთარ მომხმარებელს მუდმივად შესთავაზოს სწრაფი და მოქნილი საბანკო მომსახურება და მაქსიმალურად გაუმარტივოს ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ოთხ ქართულ ბანკს შორის დაწყებული თანამშრომლობა, შესაძლებლობას მისცემს თავიანთ მომხმარებლებს, რომ მომენტალურად, მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით გადარიცხონ ან საკუთარ ანგარიშებს შორის მიიღონ თანხა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ეს კი, ერთი მხრივ არის ინოვაციური შესაძლებლობა და მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, ბიძგს მისცემს მსგავსი ტექნოლოგიური სერვისების განვითარებას ქართულ საბანკო სფეროში.“ - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
„აღნიშნული სიახლე სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი მეშვეობით პარტნიორ ბანკებთან ერთად მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, მარტივად შეასრულონ გადარიცხვები და თანხა სასურველ დროს მიიღონ. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში საქართველოს ბანკთან ერთად სამი ბანკი ჩაერთო, რითაც ჯამში ასეულობით ათას მომხმარებელს უფრო სწრაფი და ეფექტიანი საბანკო სერვისის მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ. ვფიქრობ, ეს ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპია და იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა ისარგებლოს ამ სიახლით, საჭიროა სხვა ბანკებიც ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენ ამ სიახლით არ ვჩერდებით და მომავალში ამ მიმართულებით არაერთ სიახლეს შევთავაზებთ როგორც ფინანსურ სექტორს, ისე ჩვენს მომხმარებლებს“, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
08.07.2025.21:00
Georgian Kvevri • ქართული ქვევრი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა ღვინის წარმოებასთან ერთად ქვევრების წარმოებასაც გულისხმობს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia „ქართული ქვევრის“ დამფუძნებელს ოთარ მუმლაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი კომპანიის საქმიანობა სიყვარულზე, მემკვიდრეობასა და მუდმივ განვითარებაზეა დაფუძნებული. ყველაფერი 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, როცა პირველი რთველი ჩავატარეთ და 2021 წელს ჩამოვასხით ჩვენი პირველი ღვინო, სულ 250 ბოთლი. ამ ნაბიჯმა უდიდესი გამოცდილება მოგვცა და მიგვახვედრა თუ რა გზა უნდა აგვერჩია.
დღეს ჩვენი საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულებით ვითარდება:
გარდა ამისა, ყოველწლიურად ვმასპინძლობთ ტურისტებს და ვთავაზობთ სხვადასხვა აქტივობებს, როგორიცაა რთველში ჩართვა, ყურძნის კრეფა, ტრადიციული მეთოდებით დაწურვა და ცქრიალა ღვინის დეგუსტაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ პროდუქტი, არამედ ის გამოცდილება, რომელსაც სტუმრები ჩვენთან ვიზიტისას იღებენ.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
დღეს კომპანიას ცქრიალა ღვინოების მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს, რომელიც სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივი ჯიშის ყურძნიდან იწარმოება.
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ წვენს. პირველადი ფერმენტაცია ყოველთვის ტრადიციულ ქვევრში მიმდინარეობს. წარმოების პროცესში გამოიყენება როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე მიდგომები, თუმცა შენარჩუნებულია ქართული საფუძველი.
ასორტიმენტი მოიცავს:
განსაკუთრებულ ხაზს წარმოადგენს ჩვენი ლიმიტირებული სერია "ჭაროფი" - ცქრიალა ღვინო, რომელიც იწარმოება უნიკალური ქართული მიდგომით, „ჭაროფის მეთოდით". ამ პროცესში ვიყენებთ თაფლს, რომელსაც თავადვე ვაწარმოებთ და ხარისხს სრულად ვაკონტროლებთ. ეს მეთოდი გამოირჩევა ბუნებრივობით და მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობით გამოდის.
ჩვენთვის თითოეული ღვინო განსაკუთრებულია - ყველა განსხვავდება სტილით, ხასიათით, ბუნებით და სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის ჩვენს სრულად ავთენტურ ხელწერას.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნა ბევრად აღემატება წარმოების მოცულობას. სწორედ ეს ფაქტი გვაძლევს ყველაზე დიდ მოტივაციას. ვხედავთ, რომ ადამიანები გემოს მიღმა ხედავენ და აფასებენ იმ შრომასა რომელიც თითოეულ ბოთლში დევს.
მიუხედავად იმისა, რომ მცირე ექსპორტის გამოცდილება დაგვიგროვდა (მათ შორის ბერლინში და ამერიკაში), ჩვენი მთავარი ფოკუსი ყოველთვის ქართული ბაზარი იყო და ეს უცვლელია. ჩვენი პროდუქცია ლიმიტირებულია და გვსურს, ქართველ მომხმარებელს უკეთ გავაცნოთ ქართული ცქრიალა ღვინის შესაძლებლობები.
ასევე საქართველოში მყოფ ტურისტებში ჩვენი ღვინო დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით ფესტივალებსა და ღია დეგუსტაციებზე. იყო შემთხვევა, როცა ექსპორტმა სრულად წაიღო მარაგი და ადგილობრივ ბაზარზე აღარ დაგვრჩა პროდუქტი. ეს გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი აღმოჩნდა და მას შემდეგ ვცდილობთ გადაწყვეტილებები უფრო გააზრებულად და სტრატეგიულად მივიღოთ.
ჩვენი მიზანია, ერთის მხრივ, გავაძლიეროთ პოზიციები ქართულ ბაზარზე, ხოლო მეორეს მხრივ, წავახალისოთ ახალი თაობის ჩართვა მეღვინეობაში და ხელი შევუწყოთ ინოვაციური იდეებისა და მიდგომების განვითარებას ამ სფეროში.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი კომპანიის მთავარი უპირატესობა მიზანმიმართულობაშია. ვმუშაობთ ცქრიალა ღვინის ტექნოლოგიებზე, რაც გვაძლევს საშუალებას ბოლომდე დავიხარჯოთ ამ სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა მარტივი არ არის, იგი გვანიჭებს სიღრმისეულ პროფესიულ გამოცდილებას და გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ უნიკალური პროდუქტები, რომლებიც გამორჩეულია ბაზარზე. ჩვენი მომხმარებელი განსაკუთრებით აფასებს ამ ყველაფერს. მათი მხარდაჭერა და პატივისცემა ჩვენი მთავარი ძალაა.
ამავდროულად, ვცდილობთ მხოლოდ საკუთარი ბრენდისთვის არ ვიმუშაოთ. გვინდა, ცქრიალა ღვინის იდეა გავავრცელოთ ქართულ მეღვინეობაში. შედეგიც სახეზეა: 2024 წელს, ოფიციალური მონაცემებით, ცქრიალა ღვინის წარმოება საქართველოში 46%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით. ეს ზრდა გვიჩვენებს, რომ ჩვენც მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს დარგის ჯანსაღ განვითარებაში.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანაა საწარმოს და ტექნიკური პროცესის დახვეწა. გვსურს, რომ ეს სივრცე გახდეს ღია, სადაც ადამიანები თავად შეძლებენ ღვინის წარმოების პროცესში მონაწილეობის მიღებას ან თუნდაც დაკვირვებას.
ჩვენ არსად არ გვეჩქარება ვმოძრაობთ „იჩქარე-ნელას" პრინციპით, რაც გვაძლევს საშუალებას, მომავალში დავგეგმოთ სიღრმისეული გაფართოება: მაგალითად, კონკრეტული ქალაქის ბაზრის შესწავლა (როგორიცაა ბერლინი ან სანქტ-პეტერბურგი) და იქაური მომხმარებლისთვის რაიმე განსაკუთრებული ცქრიალა ღვინის შექმნა. მაგრამ ეს ჯერ იდეის დონეზეა რომლის სისრულეში მოყვანასაც დიდ დრო და შრომა დასჭირდება.
დღეს გვაქვს ბევრი იდეა, მაგრამ გვესმის, რომ რეალობაში მათი გადმოტანა გაცილებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
მოკლედ რომ ვთქვათ გამარჯვებას ვაპირებთ და ვინც ამ გზაზე გამოგვყვება, ისიც ჩვენთან ერთად იზეიმებს.
ცნობისთვის, ოთარ მუმლაძეს მეღვინეობის იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც ბაბუას სოფელში ესტუმრა. ბაბუის გარდაცვალებამ ეს ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა და ღვინოსთან კავშირის სურვილი გააღრმავა. ამ ისტორიას თან ახლავს ოთარის ბავშვობის წლები , როდესაც 10 წლის იყო, ბიძასთან ერთად, რომელიც ქვევრის ოსტატია, საკუთარი ხელით დაამზადა 7 ლიტრიანი ქვევრი და სწორედ მაშინ დაწურა პირველად ღვინო.