ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტისთვის გამჭვირვალობა არის და უნდა იყოს ის ქვაკუთხედი, რომელზეც დაფუძნებულია თითოეული ორგანიზაციის განვითარება - ბაზისბანკის გენერალური დირექტორი
BARTA 2025-ის გამარჯვებულები ცნობილია. დღეს „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიაზე 2025 წლის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
მსხვილი საფინანსო კომპანიების კატეგორიაში გამარჯვება სამმა ფინანსურმა ინსტიტუტმა მოიპოვა.
· საპატიო ჯილდო: ბაზისბანკი
· გამარჯვებული: სს საქართველოს ბანკი
· საუკეთესო მდგრადობის ანგარიში: სს მიკრობანკი „კრისტალი“
როგორც ბაზისბანკის გენერალური დირექტორი დავით ცაავა განმარტავს, ეს ბანკისთვის BARTA-ს ფარგლებში უკვე მეორე გამარჯვებაა.
„ბაზისბანკმა დღეს გაიმარჯვა მსხვილ საფინანსო კომპანიებს შორის წლის საუკეთესო ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ჯილდოში. გასულ წელს ვიყავით საუკეთესო დებიუტანტი ორგანიზაცია, აღნიშნული ჯილდო კი წელს მეორედ მივიღეთ. გასულ წელს ეს იყო პირველი შემთხვევა და ეს არის ძალიან დიდი პატივი, ვინაიდან ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტისთვის გამჭვირვალობა არის და უნდა იყოს ის ქვაკუთხედი, რომელზეც დაფუძნებულია თითოეული ორგანიზაციის განვითარება. შესაბამისად, ეს არის დიდი პატივი და ძალიან საამაყოა, რომ სწორედ ბაზისბანკი გახდა გამარჯვებული აღნიშნულ ნომინაციაში“, - განმარტავს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი დავით ცაავა.
BARTA-ს ჯილდო მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რასაც შედეგად უფრო გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა მოჰყვება.
წლევანდელი ღონისძიების ორგანიზატორია BARTA-ს კომიტეტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG), სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (ISSSG), ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) და ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის დაინტერესებულ მხარეთა ფონდის (RSF) წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ღონისძიების მხარდამჭერები არიან მსოფლიო ბანკი და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.
სხვა სიახლეები
Volkswagen-ის ჯგუფი 50 000 სამუშაო ადგილის შემცირებას აანონსებს, სამეთვალყურეო საბჭომ კი რესტრუქტურიზაციის გეგმა დაამტკიცა
10.09.2026.15:00
Volkswagen-ის სამეთვალყურეო საბჭომ ხუთშაბათს დაამტკიცა ტრანსფორმაციის გეგმა, რომელიც დამატებით 50 000 სამუშაო ადგილის შემცირებას ითვალისწინებს. გეგმის მიზანია კომპანიაზე უარყოფითი გავლენის მქონე ტარიფების, ჭარბი საწარმოო სიმძლავრეებისა და აგრესიული ჩინელი კონკურენტებისგან გამოწვეული ზეწოლის საპასუხოდ მდგომარეობის გაუმჯობესება.
გეგმა Volkswagen-ის 89-წლიან ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ რესტრუქტურიზაციას წარმოადგენს და ითვალისწინებს გერმანიაში ოთხი ქარხნისთვის ალტერნატიული განვითარების გზების მოძიებას. აღნიშნულ ქარხნებს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ეტაპობრივად ამოეწურებათ წარმოებისთვის განკუთვნილი ავტომობილების მოდელები.