აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთში ნავთობპროდუქტების მეორე პარტია გააგზავნა
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთში ნავთობპროდუქტების მეორე პარტია გააგზავნა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სომხეთისკენ 2 698 ტონა ნავთობპროდუქტებით დატვირთული 48 ვაგონიანი მატარებელი მიემართება. მატარებელმა სომხეთში უნდა ჩაიტანოს 1 742 ტონა ბენზინი და 956 ტონა დიზელის საწვავი.
აღსანიშნავია, რომ ნავთობპროდუქტების პირველი პარტია აზერბაიჯანმა სომხეთში საქართველოს გავლით დეკემბერში გააგზავნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზამ აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელა.
სხვა სიახლეები
„მეტროპოლს“ გაყიდვების კუთხით ბაზრის 5% უკავია - მამუკა იმედაშვილი
09.01.2026.19:00
„ძირითადი ფინანსური გეგმები, რაც დასახული გვქონდა, თითქმის 100%-ით შევასრულეთ“, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში საუბრისას, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, გაყიდვების კუთხით „მეტროპოლს“ ბაზრის 5% უკავია.
„ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ანალიტიკას და შემიძლია ვთქვა, რომ 2025 წელს ჩვენი ძირითადი ფინანსური გეგმები, რაც დასახული გვქონდა, თითქმის 100%-ით შევასრულეთ. წლის დასაწყისსა და შუა პერიოდში იყო გარკვეული ტურბულენტობა, რასაც ცნობილ ფაქტორებიდან გამომდინარე გამოწვევებს ვეძახით, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად დასტაბილურდა და მგონია, რომ დინამიკა კიდევ უფრო დადებითი იქნება.
რაც შეეხება ჩვენს წილს, როგორც ვაკვირდებით, დღეის მდგომარეობით „მეტროპოლს“ გაყიდვების კუთხით ბაზრის 5% უკავია. ანუ 2025 წელს თბილისში გაიყიდა დაახლოებით 350 ბინა, ხოლო ბათუმში - დაახლოებით 200, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 15–20%-იან ზრდას ნიშნავს“, - აღნიშნა მამუკა იმედაშვილმა.