ავიაკომპანია Myway Airlines-ი სამგზავრო გადაყვანებს უბრუნდება
ავიაკომპანია Myway Airlines-ი სამგზავრო გადაზიდვებს უბრუნდება. კომპანიის დირექტორის რატი ბაკურაძის თქმით, სამგზავრო Boeing 777-ზე სალიზინგო ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და ბორტი თბილისში დაახლოებით 3 თვეში იქნება.
„უკვე გაფორმებული გაქვს სალიზინგო ხელშეკრულება და დაახლოებით 2-3 თვეში თვითმფრინავი თბილისში ჩამოვა. ეს იქნება სამგზავრო საჰაერო ხომალდი. Boeing 777-ით საწყის ეტაპზე ჩარტერულ ფრენებს განვახორციელებთ“, - აღნიშნა რატი ბაკურაძემ.
Myway Airlines-ის მენეჯმენტს Boeing 777-ის „დასაქმების“ გარკვეული გეგმა უკვე შემუშავებული აქვს და ხომალდის ეკიპაჟის წევრებსაც უკვე ინტენსიურად ეძებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული მოდელის თვითმფრინავი არის ახალი საქართველოს ავიაციისთვის და აქამდე არავის არ ჰყოლია, ჩვენ ბაზრის კვლავა დავიწყეთ შარშან და ფაქტობრივად არის გარკვეული პროექტები და გეგმები, რომლის რეალიზებასაც ეტაპობრივად მოვახდენთ“, - განაცხადა რატი ბაკურაძემ.
როგორც ცნობილია რეგულარული ფრენების დასაწყებად ავიაკომპანიის ფლოტში მინიმუმ 2 საჰაერო ხომალდი უნდა ირიცხებოდეს. Myway Airlines-ის განმარტებით, მეორე ხომალდი შემოყვანაზე მუშაობა Boeing 777-ის ჩამოყვანიდან რამდენიმე თვეში დაიწყება.
„მთავარია, რომ პირველი თვითმფრინავი ჩამოგვეყვანა და გაგვეცოცხლებინა ეს მიმართულება და რამდენიმე თვეში მეორეზეც ვიფიქრებთ“, - განაცხადა Myway Airlines-ის დირექტორმა.
Boeing 777, რომელსაც Myway Airlines-ი მიიღებს 2003 წლის მოდელია და ხომალდი 312 მგზავრზეა გათვლილი, საიდანაც 28 სავარძელი ბიზნეს კლასია. თვითმფრინავი არის შორმაგისტრალური, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შორ დისტანციებზე უწყვეტი ფრენების განხორციელება შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე ავიაკომპანია ასრულებდა როგორც ჩარტერულ ისე რეგულარულ რეისებს. პანდემიის პერიოდში კი სარეპატრიაციო ფრენებშიც იყო ჩართული. კომპანია საკუთარ ბორტებს სველი ლიზინიგითაც გასცემდა.
პანდემიის შემდეგ კი ავიაკომპანია ძირითადად სატვირთო გადაზიდვებზე იყო ორიენტირებული, თუმცა გასულ წელს სუდანში განვითარებულ მოვლენებს Myway Airlines-ის ორი ხომალდი შეეწირა.
Myway Airlines-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა (OL) 2018 წლის დასაწყისში მიენიჭა და მისი ავიაპარკი Boeing 737-800 ტიპის ორი სამგზავრო და Boeing 737-700 ტიპის სატვირთო თვითმფრინავს აერთიანებდა.
2022 წელს კი მარეგულირებელმა ავიაკომპანია Myway Airlines-ს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) შეუჩერა, რისი მიზეზიც არაგეგმური აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები გახდა. ავიაკომპანიამ gcaa-ს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ავიაკომპანიის ფრენები დროებით აღდგენილია.
სხვა სიახლეები
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს MIPIM 2026-ზე, უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე წარადგენს
06.03.2026.20:51
9-დან 13 მარტის ჩათვლით, კანში, „ფესტივალების სასახლეში,“უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და საპროექტო არეალის 84 ჰა ტერიტორიიდან, 48 ჰა უკვე ფორმირებულია ზღვაში.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს“ - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
საფესტივალო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კუნძულის პრეზენტაცია, სადაც პარტნიორებს, დაინტერესებულ ინვესტორებსა და სფეროს ექსპერტებს, კუნძულზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.