აუცილებელია ინვესტორებს ჰქონდეთ მკაფიო პროგნოზი და ინფორმაცია - ლევან ვეფხვაძე ენერგეტიკის 10 წლიანი განვითარების სტრატეგიაზე
ენერგეტიკის 10 წლიანი განვითარების სტრატეგია კონკრეტულ და დეტალურად გაწერილ სამიზნე მაჩვენებლებს ეფუძნება, რაც ინვესტორებისთვის პროგნოზირებად გარემოს ქმნის. აღნიშნულ საკითხზე ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა. როგორც ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, პირველი ხუთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 4000 მეგავატი ახალი სიმძლავრის ინტეგრაცია, რაც ელექტროსისტემის შესაძლებლობების სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა და სექტორისთვის მკაფიო განვითარების ჩარჩოს აყალიბებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ 10 წლიან გეგმაში მკაფიოდ არის გაწერილი ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობისა და ინტეგრაციის ეტაპები. გეგმის პირველი 5 წელი ითვალისწინებს ჯამში 4000 მეგავატის სიმძლავრის აშენებასა და ქსელში ჩართვას. აღსანიშნავია ამ მოცულობის გადანაწილება ენერგიის წყაროების მიხედვით - 3000 მეგავატი მოდის განახლებად ენერგიაზე, საიდანაც 1300 მეგავატი ქარის ენერგიაა, ხოლო 1700 მეგავატი მზის. დამატებით 1000 მეგავატი დაეთმობა ჰიდროელექტროსადგურების ინტეგრაციას. ამ საკითხზე დეტალურად იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ აქამდე მსგავსი კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლები არ გვქონია.
მარტივი სათქმელია და ადვილი ჩამოსაყალიბებელია იმის დაწერა, რომ 2031 ან 2032 წელს ესა თუ ის მაჩვენებელი უნდა გვქონდეს, თუმცა აქამდე მსგავსი გეგმა არ გვქონია.
კონკრეტულ რიცხვებამდე მივედით კომპლექსური შეფასებების საფუძველზე: შევისწავლეთ, თუ რისი მიღება შეუძლია ქსელს რეალურად, რა შესაძლებლობები აქვს ქვესადგურებს სხვადასხვა რეგიონში და ასე შემდეგ. სწორედ ამ კვლევების შედეგად მივიღეთ სწორი სამიზნე მაჩვენებლები, რაც ცხადია არის სწორი სამიზნე მაჩვენებელი, რომ ინვესტორებმა იცოდნენ“, - აღნიშნა ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
როგორც ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯამურად 8000 მეგავატზე განაცხადებია შეტანილი, გადამწყვეტია სახელმწიფოს მხრიდან ზუსტად განსაზღვრული ხედვა, რამდენი სიმძლავრის ინტეგრაცია სჭირდება სისტემას, რადგან სწორედ ეს ზრდის ნდობას და ამცირებს ინვესტორების გაურკვევლობას ბაზრის რეალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
„8000 მეგავატზე იყო განაცხადები შესული. რატომ უნდა იცოდეს ეს ინვესტორმა? როდესაც ბაზარზე ზედმეტად ბევრი პროექტია, ინვესტორებს უჩნდებათ ეჭვი, თუ რამდენად საჭიროა ამდენი პროექტის განხორციელება და ,ვის რაში სჭირდება ამდენი ელექტროენერგია. ან თუ ავაშენეთ ეს ელექტროენერგია ფიზიკურად სად წავა. შესაბამისად, თუ არ არსებობს ნდობა და მთავრობამ ზუსტად არ იცის, რამდენი ელექტროენერგიის ინტეგრირებაა საჭირო, ინვესტორსაც უჩნდება იმედგაცრუება; მას აღარ სჯერა, რომ პროექტები რეალურად განხორციელდება და აღარ შემოდის ამ სექტორში.
როდესაც მთავრობა აყალიბებს კონკრეტულ ხედვას, თუ რა მოცულობის ენერგია სჭირდება ქვეყანას, და ამ ხედვის მიღმა დგას დიდი შრომა, გათვლები და ზუსტი შეფასებები - ეს უკვე კონკრეტული ციფრებით გამყარებული პოზიციაა. სწორედ ეს არის სწორი სიგნალი ინვესტორებისთვის, რაც მათ სექტორში შემოსვლისკენ უბიძგებს.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, მომდევნო 5 წელს, რადგან 10 წლიან გეგმაზე ვსაუბრობთ, აქ უნდა შევეხოთ ჩვენს ყველაზე დიდ პრობლემას, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულის ტკივილად იქცა. ეს არის კაშხლიანი, მარეგულირებელი ჰესების მშენებლობა და ინტეგრაცია.
ის, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, დღეს რეალურ პერსპექტივად ისახება. აქამდე ამ პროცესს ბევრი ფაქტორი აფერხებდა: ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა, ისტორიული გაურკვევლობა, ტექნიკური პრობლემები თუ ინვესტორების არარსებობა. თითოეულ ამ პროექტს თავისი ინდივიდუალური გამოწვევა ჰქონდა, ზოგ შემთხვევაში კი ყველა ეს სირთულე ერთდროულად იჩენდა თავს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ამ კონკრეტულ საკითხზე უკვე არსებობს კონკრეტული პასუხები. ჯერ კიდევ 2017 წლიდან მოყოლებული, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, იქნებოდა ეს განახლებადი ენერგიის ასოციაციისა თუ ბიზნეს ასოციაციის ფორმატში, ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭიროა ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი სტიმული გავუჩინოთ, რათა ისინი ჰესების მშენებლობისას გრძელვადიანი ინტერესის თანაზიარნი გახდნენ. ეს გრძელვადიანი ინტერესი შეიძლება გამოიხატოს ქონების გადასახადის ნაწილში, რომელიც პირდაპირ მათ თემში მიიმართება. ადრე ამ საკითხზე პასუხი არ გვქონდა, დღეს კი კანონის პროექტი უკვე არსებობს. ის უკვე გადაგზავნილია პარლამენტში, ან ძალიან მალე გადაიგზავნება. ვხედავთ, რომ ამ ინიციატივამ შესაძლოა ნაწილობრივ მოხსნას მოსახლეობასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც სამინისტრომ, მთავრობამ და უშუალოდ პრემიერ-მინისტრმა მიიღეს, რაც ამ სექტორისთვის ნამდვილად რევოლუციური მიდგომა იქნება“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, წარსულში მხოლოდ კერძო ინვესტიციებზე დაფუძნებული პროექტები ხშირად ვერ სრულდებოდა, მაშინ როცა დღეს სახელმწიფოს პარტნიორობა ინვესტორებისთვის დამატებით სანდოობას ქმნის და არსებული ბარიერების შემცირებას უზრუნველყოფს.
მისივე შეფასებით, ეს მიდგომა აუცილებელია იმისთვის, რომ დაგეგმილი პროექტები რეალურად განხორციელდეს, რადგან მომდევნო ათწლეულში ენერგომოხმარების ზრდა, მათ შორის ენერგოინტენსიური ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, მნიშვნელოვნად დაჩქარდება. შესაბამისად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია დამატებითი საექსპორტო პოტენციალის შექმნაც, რაც მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს უკავშირდება.
„მსხვილი პროექტების მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ მხოლოდ კერძო ინვესტორის ძალისხმევით მათი დაწყება კი ვნახეთ, მაგრამ პროცესის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა.
დღეს გვაქვს ის, რაც გუშინ არ არსებობდა სახელმწიფოს ჩართულობის პოლიტიკური ნება. როდესაც ქვეყანაში მაღალი დონის, სანდო ინვესტორი შემოდის და ხედავს, რომ მისი პარტნიორი სახელმწიფოა, ხვდება, რომ ბევრი ის წინააღმდეგობა, რაც წინა ინვესტორებს შეექმნათ, აქ მოგვარდება. სწორედ ეს არის აუცილებელი წინაპირობა, რომელიც ამ პროექტების განხორციელებას რეალისტურს გახდის.
თუ ეს პროექტები მომდევნო 10 წელიწადში არ განხორციელდა, ჩვენ ვერ ვუპასუხებთ გამოწვევებს. ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე, სადაც ენერგოინტენსიური ტექნოლოგიების წილი იზრდება, ელექტროენერგიის მოხმარება გაცილებით მაღალი, ექსპონენციალური ტემპით მოიმატებს, ვიდრე აქამდე. ამ გამოწვევებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავუმკლავდებით, თუ მყარად დავეყრდნობით საკუთარ ენერგორესურსებს. ეს უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას და, ამავდროულად, შექმნის საექსპორტო პოტენციალს, რომელიც უკვე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს უკავშირდება“, - განმარტა ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
სხვა სიახლეები
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
21.04.2026.11:07
იურიდიული პროცესების ძირითადი გამოწვევები
კორპორაციების იურიდიულ გუნდებში ხელშეკრულებებზე მუშაობა ხშირად მრავალსაფეხურიანი და ხანგრძლივი პროცესია, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ იურისტებს უწევთ დოკუმენტების არაერთხელ გადამუშავება, კომენტარების ასახვა, ცვლილებების კოორდინაცია, შიდა თანხმობების მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ დოკუმენტების მეორე მხარისთვის გადაგზავნა. მეორე მხარის კომენტარების მიღების შემდეგ კი იგივე პროცესი ხელახლა იწყება. ერთი ხელშეკრულების სამუშაო ვერსია ხშირად რამდენჯერმე იცვლება, ხოლო საბოლოო ვერსიის შეთანხმების პროცესი ხანგრძლივდება.
როგორც წესი, აღნიშნული გამოწვევა პროცესების არასისტემურ მართვას უკავშირდება. როდესაც დოკუმენტების გადახედვის ერთიანი შიდა სტანდარტი არ არსებობს, ხოლო ვერსიების მიმოცვლა ფრაგმენტულად, ხშირად ელფოსტითა და არაერთი შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობს, ინფორმაცია იფანტება, პროცესი რთულდება, ხოლო დრო და რესურსი, რომელიც სტრატეგიულ და ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხებს უნდა ეთმობოდეს, საოპერაციო კოორდინაციასა და ტექნიკურ სამუშაოებში იხარჯება.
შედეგად, იურიდიული გუნდები გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, ხოლო ბიზნესი კარგავს როგორც დროს, ისე ფინანსურ რესურსს.
სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ „თეგეტა ჰოლდინგმა“ Lawformer-თან პარტნიორობით იურიდიული პროცესების სისტემური გარდაქმნა დაიწყო.

რატომ Lawformer
პარტნიორის შერჩევისას „თეგეტასთვის“ მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოყენებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა მორგებული ყოფილიყო ქართულ სამართლებრივ რეალობასა და ადგილობრივ ბიზნესსაჭიროებებზე. კომპანიას სჭირდებოდა არა ზოგადი AI ინსტრუმენტი, არამედ პლატფორმა, რომელიც მიესადაგებოდა ქართულ სამართლებრივ გარემოსა და დოკუმენტბრუნვის სპეციფიკას.
ქართულ იურიდიულ პრაქტიკაში ტერმინოლოგიურ სიზუსტეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: ზოგჯერ ერთი ფორმულირების შეცვლამაც კი შეიძლება დოკუმენტის შინაარსი და სამართლებრივი შედეგი არსებითად შეცვალოს. ასეთ პირობებში ზოგადი AI ინსტრუმენტები ვერ უზრუნველყოფს იმ სიზუსტეს, რომელიც საჭიროა ქართული სამართლებრივი ტექსტის ნიუანსებისა და ადგილობრივი პრაქტიკის სწორად გასააზრებლად.
სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს Lawformer, გლობალური LegalTech სტარტაპი, რომელიც, სხვა ენებთან ერთად, ხელოვნურ ინტელექტს - Legal AI ასისტენტს - ქართულ ენასა და ქართულ სამართლებრივ დოკუმენტებზე ავითარებს. ამასთანავე, აქვს წვდომა საქართველოს საკანონმდებლო ბაზასთან, რაც ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
Lawformer-ის ერთ-ერთი საგრძნობი უპირატესობა ისიცაა, რომ AI ასისტენტს შეუძლია, ტექსტი სწორედ ისეთი სტილითა და ფორმულირებით მოამზადოს, როგორსაც კონკრეტული იურისტი გამოიყენებდა სამუშაო პროცესში. ამისთვის სისტემა აანალიზებს არსებულ სახელშეკრულებო მუხლებს, რის შედეგადაც გენერირებული პასუხი ასახავს არა მხოლოდ წერის სტილს, არამედ ფორმულირების ლოგიკასა და პროფესიულ სპეციფიკას.
პარტნიორის შერჩევისას „თეგეტასთვის“ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მონაცემთა დაცვის საკითხიც. Lawformer სრულ შესაბამისობაშია როგორც ქართულ, ისე ევროპულ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან. კლიენტის დოკუმენტებზე წვდომა მხოლოდ თავად კლიენტს აქვს, ხოლო სისტემაში დამუშავებული ინფორმაცია არასოდეს გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის მოდელების დასატრენინგებლად.

პრაქტიკული შედეგები
„თეგეტასთვის“ Lawformer იურიდიული ოპერაციების მართვის სისტემურ ნაწილად ჩამოყალიბდა. პლატფორმა კომპანიის შიდა წესებისა და პოლიტიკების შესაბამისად მუშაობს, რაც ხელშეკრულებების გადახედვისას ერთიანი სტანდარტის დაცვასა და გადაწყვეტილებათა თანმიმდევრულობას უზრუნველყოფს.
Lawformer-ის გამოყენებით, „თეგეტას“ იურიდიულ გუნდს შეუძლია ხელშეკრულებების გადახედვა, რისკების ავტომატური იდენტიფიცირება და შესაბამისი ალტერნატიული ფორმულირებების მომზადება „თეგეტას“ შიდა სტანდარტების დაცვით. შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება დრო, რომელიც დოკუმენტის მომზადებიდან საბოლოო შეთანხმებასა და ხელმოწერამდეა საჭირო.
„თეგეტა ჰოლდინგის“ იურიდიული გუნდის შეფასებით, პლატფორმის დანერგვამ შიდა ეფექტურობა საგრძნობლად გაზარდა და შედეგად, კომპანიის წარმომადგენლებს მეტი დრო რჩებათ სტრატეგიულ სამართლებრივ მხარდაჭერაზე და ნაკლები დრო სჭირდებათ დოკუმენტების ტექნიკურირედაქტირებისთვის.
პარტნიორობის ექვსთვიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტექნოლოგიის სწორად დანერგვა იურიდიულ პროცესებს არა მხოლოდ ამარტივებს, არამედ მათ უფრო სტრუქტურირებულსა და სტანდარტიზებულსაც ხდის, რაც პირდაპირ აისახება ბიზნესის ოპერაციულ ეფექტიანობაზე.
ბაზრის ტენდენცია
საქართველოში LegalTech განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესისთვის უკვე არჩევანი აღარ არის, ის კონკურენტუნარიანობისა და ეფექტურად ოპერირებისთვის აუცილებელი პირობაა.
კომპანიებმა ნათლად დაინახეს, რომ ძლიერი, სწრაფი და მოქნილი იურიდიული ოპერაციები ბიზნესის ზრდისა და მდგრადობის ერთ-ერთი საფუძველია. ამ ვითარებაში კი სწორი ტექნოლოგიური პარტნიორის არჩევა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.