უახლოეს მომავალში საქართველოში Starbucks-ის შემოსვლასთან დაკავშირებით საერთო განცხადებასაც გავავრცელებთ - თორნიკე ზირაქიშვილი
არაერთი ტექნიკური ვიზიტი შედგა კომპანიის მხრიდან, — ამის შესახებ „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა საქართველოში Starbucks-ის ბრენდის შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები აქტიურია და იგი გარკვეული პერიოდია, რაც მიმდინარეობს.
„კომპანიას ნამდვილად ვემუშავებთ, სამუშაო პროცესები აქტიურია. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქუვეითში საქართველოს საელჩოს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში და ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს. რეალურად პროცესი მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არაერთი ტექნიკური ვიზიტი შედგა კომპანიის მხრიდან და უახლოეს მომავალში საერთო განცხადებასაც გავავრცელებთ“, — აღნიშნა ზირაქიშვილმა.
მისი თქმით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქვეყანაში ახალი კომპანიების და ინვესტორების შემოყვანის პროცესს აგრძელებს.
„ჩვენი სააგენტოს ერთ-ერთი საქმიანობის ნაწილია, რომ დიდწილად გვიწევს ბევრი რაღაცის კონფიდენციალურად შენახვა, რადგან კომპანიების ინტერესიდან გამომდინარე ვერ ვასაჯაროებთ, ვიდრე არ გვაქვს თანხმობა ამ კომპანიებიდან. არაერთი კომპანიისგან გვაქვს უკვე ინტერესი, წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი პროექტი მოვიტანეთ — 20-ზე მეტი მნიშვნელოვანი ბრენდის, კომპანიის შემოყვანა მოხდა. დაწყებული IT მიმართულებიდან, ბიზნესპროცესების აუთსორსინგიდან და სხვა სექტორებიდან. ამიტომაც სამომავლოდაც გპირდებით, რომ იქნება ძალიან სასიხარულო სიახლეები“, - აღნიშნა ზირაქიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სააგენტო ინტენსიურად თანამშრომლობს Alshaya Group-თან Starbucks-ის ბრენდის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით.
„საქართველოს ბაზარზე ბრენდის შემოსვლის საკითხი აქტიურ ეტაპზე გადავიდა, 2025 წელს საქართველოს რამდენჯერმე ეწვია კომპანიის მაღალი რანგის დელეგაცია. სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობს ბაზრის სიღრმისეული შესწავლა, ლოკაციების დათვალიერება და პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრები“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ინფორმაციით, ბაზრის კვლევის პროცესი მოიცავს როგორც თბილისის, ასევე ბათუმისა და სხვა მსხვილი ქალაქების შეფასებას, სადაც კომპანია რამდენიმე ობიექტის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს.
სხვა სიახლეები
საქართველოში პირველად: Café del Mar-ის სახელობის Beach Club
12.03.2026.12:00
საქართველოში, ტურიზმის განვითარების ნაწილში, იწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი - პროექტ VR Shekvetili Forest~Beach-ის ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე იგეგმება საერთაშორისო ბრენდის - Café del Mar-ის სახელობის VR Signature Beach Club-ის გახსნა, რომელიც მსგავსი კონცეფციის მქონე პირველი სივრცე იქნება, ქვეყნის მასშტაბით.
Café del Mar-ის Beach Club-ები და კონცეფციური სივრცეები წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს მასშტაბით, მაგალითად ესპანეთში, მალტაზე, ტაილანდში, მექსიკასა და სხვადასხვა ცნობილ ლოკაციებზე. ლეგენდარული Ibiza-ს ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია განსაკუთრებული მუსიკალური ატმოსფეროთი, ლაუნჯ კულტურითა და მზის ჩასვლის უნიკალური ხედებით, ახლა უკვე საქართველოს სტუმრებსა და ადგილობრივებს სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

VR Shekvetili Forest~Beach-ის სივრცეში შექმნილი Beach Club სტუმრებს შესთავაზებს ხმელთაშუა ზღვის ატმოსფეროს, ავთენტურ ლაუნჯ გამოცდილებას, მსოფლიო დონის DJ სეტებსა და განსაკუთრებულ საღამოებს მზის ჩასვლის ფონზე. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ეს სივრცე მიზნად ისახავს არა მხოლოდ გართობის, არამედ ცხოვრების ახალი სტილის შექმნას, სადაც ბუნება, მუსიკა და მსოფლიო ბრენდის ენერგია ერთიანდება.

VR Holding-ში აღნიშნავენ, რომ ეს ინიციატივა საქართველოს ტურისტულ რუკაზე ახალ, საერთაშორისო მნიშვნელობის მიმართულებას შექმნის და ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მაღალი დონის დასვენებისა და გასართობი გამოცდილების მაძიებელი სტუმრებისთვისა და ინვესტორებისთვის.
VR Holding-ის მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი - თინათინ სამხარაძე აღნიშნავს:
„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში პირველად ვმასპინძლობთ ისეთ საერთაშორისო ბრენდს, როგორიცაა Café del Mar. ეს არის სივრცე, რომელიც მხოლოდ Beach Club არ იქნება - ეს არის ემოცია, ცხოვრების სტილი და გამოცდილება, რომელიც აერთიანებს მუსიკას, ბუნებასა და მაღალი ხარისხის გასართობ კულტურას. გვჯერა, რომ VR Shekvetili Forest~Beach-ში შექმნილი ეს ახალი ადგილი სწრაფად იქცევა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების საყვარელ ლოკაციად”.
ახალი Beach Club-ის გახსნა სტუმრებს დაუვიწყარ ზაფხულს ჰპირდება 2026 წელს. ეს არის ადგილი, სადაც ზღვა, ტყე და მსოფლიო ბრენდის ენერგია ერთიანდება.