ჩვენი მიზანი საშუალო ზომის წარმოება და მაღალი ხარისხია - „ჭოტიაშვილის ღვინის სახლი“
მიუხედავად კლიმატური გამოწვევებისა და წვიმიანი შემოდგომისა, 2025 წელი წარმატებით დავასრულეთ , - განაცხადა „ჭოტიაშვილის ღვინის სახლის“ თანადამფუძნებელმა კახა ჭოტიაშვილმა Business Insider Georgia - სთან საუბრისას.
„მიუხედავად კლიმატური გამოწვევებისა და წვიმიანი შემოდგომისა, 2025 წელს სტაბილურად გავართვით თავი და მაღალი ხარისხის მოსავალი დავაბინავეთ.
მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვართ მსხვილი ღვინის მწარმოებელი კომპანია, ჩვენი წლიური წარმადობა დაახლოებით 50 000 ბოთლს შეადგენს. ყურძენს მხოლოდ საკუთარი ვენახებიდან ვიღებთ. 2025 წელს არსებული საექსპორტო ბაზრები სრულად შევინარჩუნეთ, კლების ტენდენცია არ გვქონია, ხოლო ამერიკის ბაზარზე პოზიციები კიდევ უფრო გავაძლიერეთ. ისეთ რესტორნებსა და ქსელებში შევედით, სადაც ღვინის მიმართ უფრო მაღალი პასუხისმგებლობა და მკაცრი, თუმცა ობიექტური შეფასების სტანდარტებია, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. სტაბილურად დავფუძნდით ხარისხიან და ძლიერ ბაზრებზე.
ჩვენ არ ვაპირებთ მსხვილ საწარმოდ ჩამოყალიბებას, ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ საშუალო ზომის წარმოება და მაღალი ხარისხი “, - აცხადებს კახა ჭოტიაშვილი.
კომპანია ამ ეტაპზე ახალი ბაზრების მოძიებას არ გეგმავს. ძირითადი აქცენტი არსებულ ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებაზე კეთდება.
„ჩვენი გეგმები წლიდან წლამდე რადიკალურად არ იცვლება. ჩვენი ძირითადი ინტერესი იშვიათი ყურძნის ჯიშების წარმოებაა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს სანტელოგრაფიულ ვენახში მრავალი მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშია.
წარმოებაში ამჟამად 16 სახეობა გვაქვს ჩაშვებული, ხოლო დანარჩენი უფრო ექსპერიმენტალური ხასიათისაა.

თუ რამეს შევცვლით, ეს ძველი, მივიწყებული ვაზის ჯიშის დამატება იქნება ჩვენს ვენახში. რაც შეეხება ბაზრებს, ახალი ბაზრების მოძიებით არ ვართ დაინტერესებულნი. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია არსებულ ბაზრებზე პოზიციების გაძლიერება და მათთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება არა მხოლოდ ჩვენს ღვინოზე, არამედ ზოგადად ქართულ ღვინოზე “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ცნობისთვის, საოჯახო მარანი თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ სანიორეში მდებარეობს. მეღვინეობაში მუდმივად 12 ადამიანი მუშაობს, ხოლო რთველის პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება.
სხვა სიახლეები
ემიგრანტი ქალების ფინანსური განათლება - მიკრობანკი „კრისტალისა“ და Lib.ge აკადემიის ერთობლივი ინიციატივა
23.02.2026.11:34
მიკრობანკი „კრისტალი“ და lib.ge აკადემია, პარტნიორობის ფარგლებში, კიდევ ერთ საგანმანათლებლო ინიციატივას ახორციელებენ. ერთობლივი აქტივობები ამჯერად ემიგრაციაში მყოფი ქალებისთვის ფინანსური ცნობიერების ამაღლებას, მათი სამეწარმეო უნარების გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება.
ინიციატივა მოიცავს ონლაინშეხვედრას, რომელთა მიმდინარეობისას მონაწილეები ფინანსებისა და მეწარმეობის საფუძვლებს, ფინანსური მიზნის დასახვას, წარმატებული მეწარმის თვისებებს, მენეჯმენტსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ.
ემიგრანტი ქალების მიერ განხორციელებული ფულადი გზავნილები საქართველოში დარჩენილი ოჯახებისთვის ხშირად შემოსავლის მთავარი ან ერთადერთი წყაროა. შესაბამისად, მათ შრომას არა მარტო ცალკეული ადამიანების კეთილდღეობისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკისთვისაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ამავდროულად, ემიგრანტი ქალები გამომუშავებულ თანხებს უმეტესად მთლიანად საქართველოში გზავნიან და ფინანსური დანაზოგის გაკეთებას ვერ ახერხებენ, რის გამოც ემიგრაციაში, საკუთარი ოჯახებისგან შორს, განუსაზღვრელი დროით რჩებიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოგზავნილი თანხების ხარჯვის კონტროლიც მათთვის ფაქტიურად შეუძლებელია.
შეხვედრებზე მიღებული ცოდნა მონაწილეებს თანხების გონივრულად დაზოგვაში, საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებასა და გონივრულად ინვესტირებაში დაეხმარება. მეწარმეობის უნარ-ჩვევების გაძლიერება კი ქალებსა და გოგოებს საშუალებას მისცემს, საკუთარ თავში აღმოაჩინონ და განავითარონ ახალი შესაძლებლობები და დაზოგილი თანხა საკუთარი საქმის დასაწყებად გამოიყენონ.
საგულისხმოა, რომ ამ პროცესში ინტენსიურად ჩაერთნენ “კრისტალის” გუნდის წევრები, რომლებიც უშუალოდ ატარებენ ონლაინ შეხვედრებს და მონაწილეებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.
ემიგრანტი ქალებისა და გოგოების ფინანსური ცნობიერების ამაღლების ინიციატივა ეფუძნება პროექტ Buzz Georgia-ს, რომლის ფარგლებშიც, 2020-2024 წლებში, „კრისტალის“ დახმარებით, პიროვნული, სამეწარმეო და ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგების გავლის საშუალება 5000 -მდე ქალს მიეცა.
„ქალებისა და გოგოების ფინანსური ცოდნითა და სამეწარმეო უნარებით გაძლიერება „კრისტალისთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მრავალწლიანი, სტრატეგიული მიმართულებაა. თუმცა, კონკრეტულად ემიგრაციაში მყოფი ქალებისა და გოგოების მხარდაჭერას კიდევ უფრო შორს მიმავალი მიზნები და ამოცანები აქვს: მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს ჰქონდეთ ცოდნა, რომელიც დაეხმარება მათ, სწორად განკარგონ საკუთარი ფინანსები და აღმოაჩინონ ახალი გზები როგორც საკუთარი, ისე ოჯახების მატერიალური სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნავენ „კრისტალში“.
''Lib.ge და კრისტალის თანამშრომლობა არაერთ ასპექტს მოიცავს. მათ შორის არის სხვადასხვა საგნის სწავლება ბავშვებისთვის, ეთნიკურად არაქართველი ჩვენი მოქალაქე მასწავლებლების გადამზადება და სხვა საგანმანათლებლო მიმართულებების მხარდაჭერა. მათ შორის ცალკე აღნიშვნის ღირსია ემიგრაციაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის ფინანსური მიმართულების ცნობიერების ამაღლების სემინარები. ასეთი საგნობრივი შეხვედრები, მით უფრო ამ ადამიანებისთვის უკიდერუსად სასურველი და საჭიროც კია.'' - გიორგი კეკელიძე,Lib.ge-ს დამფუძნებელი.
“კრისტალისა” და Lib.ge აკადემიის პარტნიორობას საფუძველი გასული წლის შემოდგომაზე ჩაეყარა. თანამშრომლობა სამ მიმართულებას მოიცავს და ემიგრანტი ქალებისა და გოგოების ფინანსური ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს.
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.