„აქვა გეო“ არომატიზირებული „სნოს“ ასორტიმენტის და ექსპორტის ზრდას გეგმავს
მიმდინარე წელს Water Sno • წყალი სნო გაყიდვების 20%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში „სნოს“ მწარმოებელი კომპანია „აქვა გეოს“ კომერციულმა დირექტორმა, ირაკლი ჟვანიამ განაცხადა, „სნოს“ გაყიდვები მზარდია, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.
„სნო“, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია როგორც მტკნარი წყლის, ასევე არომატიზირებული წყლების სახით, ასორტიმენტს აფართოებს.
„არომატიზირებული წყლის მიმართულებით 2026 წლის იანვრიდან ვგეგმავთ, რომ გავაფართოოთ ასორტიმენტი და ასევე მისი ჩამოსხმა მოხდეს სხვა სახის ჭურჭელშიც. დღეისათვის არომატიზირებული წყლების მიმართულებით გვაქვს ლიმონის, ბროწეულის და ფეიხოას არომატი, თუმცა მომავალი წლიდან კიდევ რამდენიმე არომატის დამატება მოხდება. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება „სნო“ პიტნის არომატით და ასევე იქნება სხვა 2 არომატიც. სამივე ახალი არომატის გამოტანა ბაზარზე იანვრიდან დაიწყება“, - აცხადებს „აქვა გეოს“ კომერციული დირექტორი.
ირაკლი ჟვანიას თქმით, „სნოს“ არომატიზირებული წყლების ჩამოსხმა დღეისათვის მხოლოდ პეტის ბოთლებში ხდება, თუმცა საექსპორტო ბაზრებისთვის იგეგმება მისი ჩამოსხმა შუშის ბოთლებშიც.
„ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც ჩვენ ექსპორტზე გავდივართ, „სნოს“ არომატიზირებული წყლები ძალიან მოთხოვნადია. მით უმეტეს, იქაური ტემპერატურის გათვალისწინებით გვთხოვეს მინის ჭურჭელში ჩამოსხმა. დღეისათვის არომატიზირებული წყლების ექსპორტი ხორციელდება ძირითადად ჰორეკა სექტორისთვის ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, და რადგან მალე დაემატება ახალი ასორტიმენტი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შუშის ბოთლებშიც აქტიურად ჩამოვასხათ და გავიტანოთ საექსპორტო ბაზრებზე“, - განმარტავს ირაკლი ჟვანია.
კომპანიის მენეჯერი აცხადებს, რომ „აქვა გეოს“ სურს, როგორც „სნოს“, ისე „კობის“ ნაწილში, ჩინეთის ბაზარი უფრო აქტიურად აითვისოს.
„გვინდა, რომ ჩინური E-Commerce პლატფორმები აქტიურად ავითვისოთ. უკვე გვაქვს რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკება და სავარაუდოდ ისინიც 2026 წლიდან აქტიურად დაიწყებენ შეკვეთების წარმოებას.“
ყველაზე აქტიურად „სნო“ ექსპორტზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გადის - ესენია არაბეთის გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი. ამ ქვეყნებში „სნოს“ ჰორეკა სექტორის ძირითადი ნაწილი ათვისებული აქვს. გვყავს საკმაოდ კარგი პარტნიორები და ახლა მიდის მოლაპარაკებები, რომ ასორტიმენტი გავზარდოთ - ვუკეთებთ თავიანთი დიზაინით ბოთლებს, რაც „აქვა გეოს“ კიდევ ერთი დიდი პლუსია, რადგან შეგვიძლია მოვერგოთ ჰორეკა სექტორს და მათ მოთხოვნებს, სარესტორნო მიმართულებებს“, - აცხადებს ირაკლი ჟვანია.
კომპანია „აქვა გეო“ 2009 წელს შეიქმნა. კომპანიის მესვეურებმა მიზნად დაისახეს ქართული უნიკალური წყლის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
„სნო“ კამკამა და გემრიელი წყალია, რომელიც მთებში იბადება, შემდეგ დაბლა ბარისკენ ეშვება და მუხრანის ველის ქვეშ წყლის აუზს ქმნის. კომპანია „აქვა გეოს“ ქარხანაც სწორედ აქ, მუხრანის ველზე მოიპოვებს მას.
წყლის მოპოვება 150 მეტრის სიღმიდან ხდება. წყლის რესურსი მიწის ზედაპირიდან 4 წყალგაუმტარი შრით არის იზოლირებული და ამის გამო ბუნებრივად არის დაცული ნებისმიერი სახის დაბინძურებისგან.
სხვა სიახლეები
თუ გსურს გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, დაესწარი ონლაინ ვებინარს და გაიგე მეტი როგორ მოიპოვო სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 უნივერსიტეტში
25.11.2025.11:32
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის 21 პარტნიორ უნივერსიტეტში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. თუ გსურს, გაიგო უფრო მეტი, თუ როგორ მოიპოვო საქართველოს ბანკის სტიპენდი და სრულად ან ნაწილობრივ დაიფინანსო სწავლა, დაესწარი ონლაინ ვებინარს – 26 ნოემბერს, 19:00 საათზე და დაუსვი კითხვები საქართველოს ბანკის სტიპენდიატს - ანა მაჭავარიანს და საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერს - ანუკი ხონელიძეს.
რას გაიგებ ვებინარიდან:
• როგორ მოიპოვო საქართველოს ბანკის სტიპენდია 21 პარტნიორ უნივერსიტეტში;
• მიიღებ ინფორმაციას რა კრიტერიუმებით ხდება სტიპენდიატების შერჩევა;
• მოისმინ რჩევებს, რომლებიც აპლიკაციის შევსების და გასაუბრების დროს გამოგადგება.
რა უნდა იცოდე საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ?
• სწავლის დაფინანსების მიღება შეუძლია საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს საქართველოს ბანკის 21 პარტნიორ უნივერსიტეტში;
• სტიპენდია მოიცავს სწავლის ერთწლიან, სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას;
• სტუდენტები შეირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ლიდერობის პოტენციალით;
• პირველ ეტაპზე უნივერსიტეტები გადაარჩევენ აპლიკაციებს GPA-სა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე;
• შემდეგ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებთან ჩაინიშნება გასაუბრება, რის შემდეგაც გამოვლინდებიან საქართველოს ბანკის სტიპენდიატები;
• სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს;
• თითო უნივერსიტეტიდან დაფინანსდება მინიმუმ 4-5 სტუდენტი.
რაც შეეხება ბანკის პარტნიორ 21 უნივერსიტეტს, მათი სია ასე გამოიყურება:
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• თავისუფალი უნივერსიტეტი;
• აგრარული უნივერსიტეტი;
• აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
• ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU);
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
• საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU);
• სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU);
• საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU);
• შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
• საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
• თბილისის სახელმწიფო კონსერავტორია;
• შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი;
• სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• საქართველოს უნივერსიტეტი.
შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია: შეხვედრის ბმულს ვებინარის დაწყებამდე, მეილზე მიიღებთ.