აქტიურად ვმუშაობთ ახალი ბაზრების მოძიებაზე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია დაინტერესება ქართული ღვინის მიმართ - Winery PI
მეღვინეობა პი - Winery PI ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან წარმატებით ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „მეღვინეობა პი -ს“ დამფუძნებელს თეონა ომარაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
შემოდგომაზე ყველაზე დიდი სიახლე, როგორც ყოველთვის, არის წლის მთავარი მოლოდინი: ხარისხიანი მოსავლის მიღება და რთველის წარმატებით ჩატარება. ეს განსაკუთრებული დროა ყველა მევენახისა და მეღვინისთვის და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი.
წარმატებით ჩავატარეთ რთველი ჩვენს აკურას ვენახში. ყურძენი დავწურეთ, უკვე დაღვინების პროცესიც წარმატებით დასრულდა და ახლა, ჩვენი ღვინოები მშვიდად ელიან გამოზამთრებას.
ზამთრის მიწურულს კი ისევ ვუბრუნდებით ვენახს, ვიწყებთ ახალი სეზონის მოსამზადებელ სამუშაოებს, რათა მომავალ წელს კიდევ უკეთესი მოსავალი მივიღოთ.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბოლო წლებში, ღვინის სექტორში მსოფლიო მასშტაბით ფიქსირდება კლება, მცირდება როგორც ვენახების ფართობი, ისე ღვინის წარმოებისა და მოხმარების მაჩვენებლები. ეს ტენდენცია შეინიშნება როგორც ტრადიციულ, ისე ახალ მეღვინეობის ქვეყნებში.
მთავარი მონაცემები (OIV, 2024):
• ვენახების საერთო ფართობი შემცირდა 0.6%-ით, 7.1 მილიონ ჰექტარამდე- კლება მეოთხე წელია გრძელდება.
• ღვინის წარმოებამ შეადგინა 225.8 მილიონი ჰექტოლიტრი, რაც ბოლო 60 წლის მინიმუმია.
• მოხმარება შემცირდა 3.3%-ით, და შეადგინა 214.2 მილიონი ჰექტოლიტრი.
• საერთაშორისო ვაჭრობაში ექსპორტის მოცულობა დარჩა 99.8 მილიონ ჰექტოლიტრზე, თუმცა ღირებულებით გაიზარდა 35.9 მილიარდ ევროდე, საშუალო ფასი — 3.60 ევრო ლიტრზე — კვლავ ისტორიულად მაღალია.
ამ ფონზე, საქართველო გამონაკლისია 2024 წელს ღვინის წარმოებამ ქვეყანაში მიაღწია 2.4 მილიონ ჰექტოლიტრს, რაც 26.6%-ით მეტია წინა წელთან და 19.7%-ით აღემატება ბოლო ხუთწლიან საშუალოს.
ეს ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ღვინო კვლავ პოპულარული და კულტურულად მნიშვნელოვანი პროდუქტია. ბოთლის ღვინის მოხმარება იზრდება, თუმცა არა საკამრისად, რაც მცირე მეწარმეებისთვის კვლავ გამოწვევად რჩება. თუმცა მიუხედავად ამისა, ინტერესის ზრდა და ცნობიერების ამაღლება ხარისხიანი ღვინის მიმართ, აჩვენებს რომ ქართული საზოგადოება განაგრძობს თავის 8000-წლიან მეღვინეობის ტრადიციის ახალი სიცოცხლით აღდგენას.
სტატისტიკური მონაცემები აღებულია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) 2024 წლის ანგარიშიდან —State of the World Vine and Wine Sector in 2024, OIV.int
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები საექსპორტო ბაზრებისა და ასორტიმენტის ზრდის თვალსაზრისით?
რამდენიმე წელი ასორტიმენტის გაფართოებას არ ვგეგმავთ. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია სრული ყურადღება მივაქციოთ არსებული ვენახებიდან ხარისხიანი მოსავლის მიღებას, და ღვინის მაღალი ხარისხის სტაბილურობას. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის საექსპორტო ბაზრების გაფართოება. აქტიურად ვმუშაობთ ახალი ბაზრების მოძიებაზე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია დაინტერესება ქართული ღვინით და გამორჩეულია მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობა მათ შორის აშშ-ში და იაპონიაში.
სხვა სიახლეები
სამომავლოდ ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას - „ოდლისი“
17.11.2025.14:00
შვეიცარიული ტექნოლოგიით, ადგილობრივი რძისგან დამზადებული ყველი ,,ოდლისი" ქართველ მომხმარებლებში და უცხოელ ტურისტებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანიის თანადამფუძნებელი მაკა გიორგანაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს რომ შემოდგომის სეზონი „ოდლისისთვის“ საკმაოდ დატვირთულია.
„დატვირთვა ნამდვილად დიდია, ბევრი სტუმარი გვყავს. ზაფხული საკმაოდ აქტიური იყო, თუმცა შემოდგომის სეზონი კიდევ უფრო დატვირთული აღმოჩნდა. ქართველები ხშირად გვსტუმრობენ, თუმცა ყველის ტურს ძირითადად უცხოელი სტუმრები ირჩევენ. ქართველ სტუმრებს კი უფრო უყვართ ჩვენს ყველის ბარში მოსვლა, ყველისა და ღვინის დაგემოვნება. ტურში ქართველებიც გვყოლია, თუმცა ყველაზე დიდი ინტერესი მაინც უცხოელების მხრიდან მოდის “, - ამბობს მაკა გიორგანაშვილი.
ყველის ტური რამდენიმე ეტაპს მოიცავს და გულისხმობს როგორც „ოდლისის“ ისტორიის გაზიარებას სტუმრებისთვის, ისე საწარმოს დათვალიერებას.
„სტუმრებს ტურს ჩვენი შვილები უტარებენ და უზიარებენ ისტორიას თუ როგორ დავიწყეთ საქმიანობა. შემდეგ ვაჩვენებთ საწარმოს და ვუხსნით, როგორ მზადდება ყველი, რამდენი ტიპის ყველს ვაწარმოებთ და როგორ ვუვლით თითოეულს. ამის შემდეგ ვუზიარებთ, როგორ გაიხსნა ჩვენი ყველის ბარი. ტური ბარში დეგუსტაციით სრულდება, სადაც სომელიე სტუმრებს ურჩევს, რომელ ღვინოსთან რომელი ყველი უნდა დააგემოვნონ. ბოლოს სტუმრები ლამაზად გაწყობილ სუფრასთან იკავებენ ადგილს და ყველისა და ღვინის დაგემოვნებას აგრძელებენ “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.
„ოდლისი“ ამჟამად აწარმოებს სამი ტიპის ყველს: მაგარს, ნახევრად მაგარს და რბილს. რაც შეეხება გემოს, ასორტიმენტი მოიცავს 33 გემოს, რომლის გაზრდაც სამომავლოდ იგეგმება.
„ამჟამად გვაქვს 33 გემო, თუმცა ახალი წლის შემდეგ რამდენიმე ახალი გემოს დამატებას ვგეგმავთ, ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ “, - აღნიშნავს მაკა გიორგანაშვილი.