ამჟამად ვმუშაობთ პლატფორმაში AI ასისტენტის ჩაშენებაზე - როგორ ცვლის DMT შენობების მართვის კულტურას საქართველოში
DMT - დიემთი ქართული ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც კომერციული შენობებისთვის სმარტ ავტომატიზაციას ხელმისაწვდომს და ეფექტურს ხდის. მსოფლიოში არსებული შენობის მართვის სისტემებისგან განსხვავებით, DMT კომერციული შენობების მოვლა-პატრონობას ყველაზე მარტივი, ადვილად ინტეგრირებადი, ხარჯთეფექტური და კომფორტული გზით ახერხებს. უფრო კონკრეტულად DMT-ის საქმიანობასა და გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელს ცირა შანავას ესაუბრა.
- როგორ გაჩნდა DMT-ის შექმნის იდეა? რომელი საჭიროების, ან პრობლემის გადაჭრას ისახავდით მიზნად პროექტის დაწყებისას? და რამდენად სწრაფად მოახდინეთ ახალი სერვისების დამატება და ზოგადად გაფართოება?
- DMT-ის შექმნის იდეა პირდაპირ მოდიოდა ქართული ბაზრის რეალობიდან. კერძოდ, საინჟინრო სისტემების სფეროში ჩვენი 15-წლიანი გამოცდილება გვაჩვენებდა, რომ საშუალო ზომის ბიზნესებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი საერთაშორისო ბაზარზე არსებული ძვირად ღირებული შენობის მართვის სისტემები (BMS), რადგან ისინი მოითხოვდა მუდმივ ტექნიკურ პერსონალს, დიდ ინვესტიციებს და მათი გამოყენება ხშირად გაუმართლებელ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
ამასთან, ვხედავდით, რომ HVAC (გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირება) მართვა შეგვეძლო უფრო მარტივი, კომფორტული და ხარჯთეფექტური გაგვეხადა. ამიტომ მიზნად დავისახეთ, შეგვექმნა ისეთი სისტემა, რომელიც არ საჭიროებს ღრმა ტექნიკურ ცოდნას, მაგრამ მაინც იძლევა სრულ კონტროლს ამ სისტემებზე. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზანი მიღწეულია. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი მომხმარებლების უკუკავშირი და მათ შენობებში მიღწეული თვალსაჩინო შედეგები.
როცა ასეთ პროდუქტს ქმნი, უმნიშვნელოვანესია მისი ტესტირება, რომელიც დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა. შედეგებმა კიდევ უფრო ცხადყო ამ პლატფორმის საჭიროება და ეფექტურობა. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში DMT-ის პლატფორმით დაინტერესება მნიშვნელოვნად გაიზარდა. მას უკვე იყენებენ წამყვანი კლინიკები, კერძო სკოლები, სპორტული კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები, მაღაზიათა ქსელები და სხვა. ამასთან, მუდმივად ვავითარებთ პლატფორმას და ვზრდით ფუნქციონალს.
- რა განასხვავებს DMT-ს მსოფლიოში არსებულ ტრადიციულ BMS სისტემებისგან?
- ტრადიციული სისტემები უმეტესწილად არის რთული, ძვირად ღირებული, მოითხოვს სპეციალურ ტექნიკურ ცოდნასა და ხანგრძლივ მონტაჟს, რომელსაც მინიმუმ რამდენიმე თვე სჭირდება.
DMT კი მარტივი და ჭკვიანი პლატფორმაა - სწრაფად მონტაჟდება, ინტუიტიურია გამოსაყენებლად, გათვლილია საშუალო ზომის შენობების საჭიროებებზე და აქვს თვალსაჩინო ამონაგები ინვესტიციიდან (ROI). რაც მთავარია, ინტეგრირდება უკვე არსებულ, თუნდაც დიდი ხნის დამონტაჟებულ ინფრასტრუქტურაში.
- კომპანიის რთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც წინა პლანზე წამოსწიეთ, არის მარტივი ინტეგრაცია და ხარჯთეფექტურობა. როგორ ახერხებთ ამას ტექნიკურად?
- დიახ, მარტივი ინტეგრაცია და ხარჯთეფექტურობა DMT-ის სისტემის არქიტექტურის საფუძველია. სისტემის ჭკვიანი ალგორითმები ოპტიმიზაციას უკეთებს დანადგარების მუშაობას რეალურ დროში; სენსორების საშუალებით არეგულირებს ტემპერატურას შენობის სხვადასხვა სივრცეში, ითვალისწინებს ამინდსა და გარემო პირობებს და ადაპტირდება შესაბამისად. გარდა ამისა, ზღუდავს აგრეგატების მუშაობას არასაჭირო დროს, რის შედეგადაც მცირდება ენერგიის გადახარჯვები და ეს პირდაპირ აისახება ყოველთვიური კომუნალური გადასახადების ოდენობაზე.
- რამდენად მარტივად ხდება სხვადასხვა ბრენდის HVAC სისტემების ერთიან სისტემაში ინტეგრირება?
- DMT-ის სისტემა მუშაობს ღია პროტოკოლებზე - BACnet, Modbus, KNX და სხვა ფართოდ გამოყენებულ სტანდარტებზე. ეს ნიშნავს, რომ თუ შენობაში უკვე მუშაობს სხვადასხვა მწარმოებლის მოწყობილობები - მაგალითად, Midea, Daikin, Mitsubishi Electric, Carrier, Trane ან სხვა - ჩვენ შეგვიძლია ისინი ერთ პლატფორმაში მოვაქციოთ ისე, რომ არ დაგჭირდეთ ძველი სისტემების შეცვლა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ შენობაში არის „ბრენდების კოქტეილი“, DMT ავტომატურად ახდენს ამ მოწყობილობების სინქრონიზაციას ისე, რომ ისინი მუშაობდნენ ოპტიმალურად, როგორც ერთი დიდი ქსელი.
- როგორ მუშაობს დისტანციური დიაგნოსტიკა და რამდენად ზუსტად შეუძლია მას ხარვეზების აღმოჩენა და პრობლემების პრევენცია?
- პლატფორმასთან დაკავშირებული თითოეული მოწყობილობა მუდმივად აგზავნის მონაცემებს ონლაინ, რაც ერთ ეკრანზე უყრის თავს მუშაობის ტენდენციებსა და ცვლილებებს. როგორც კი აგრეგატს უფიქსირდება ხარვეზი, ამის შესახებ DMT-ის მომხმარებელს შეტყობინება ეგზავნება SMS-ით და ელექტრონული ფოსტით. თუ ჭკვიანი მართვის სისტემა არ არის შენობაში, მენეჯერს უწევს დიაგნოსტიკისთვის გამოიძახოს ტექნიკოსი, რაც ბუნებრივია, დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. DMT-ის მომხმარებელი კი ონლაინ ხედავს ხარვეზის მიზეზს და რიგ შემთხვევებში შეუძლია დისტანციურადვე მოაგვაროს პრობლემა.
ასევე, შესაძლებელია ხარვეზების პრევენციაც, რომელიც საბოლოო ჯამში ძვირად ღირებული აგრეგატების სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის.
- რა ტექნოლოგიებს იყენებთ ენერგორესურსების მოხმარების ოპტიმიზაციისთვის? რა საშუალო ენერგოდაზოგვის მაჩვენებელზეა საუბარი თქვენი კლიენტების შემთხვევაში?
- მარტივად რომ ვთქვათ, პლატფორმა იყენებს ჭკვიან ალგორითმებს. რას გულისხმობს ეს? DMT სწავლობს შენობის მუშაობის სპეციფიკას და მისი მობინადრეების ჩვევებს, რათა ოპტიმალურად მართოს გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია, დენი, წყალი და სხვა ენერგომხარჯველი სისტემები. იქმნება ზონირებული მართვის სქემა, სადაც თითოეული სივრცე მუშაობს მხოლოდ მაშინ და იმდენად, რამდენადაც საჭიროა.
ასევე, ახლახან დავამატეთ ენერგომონიტორინგის მოდული, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია, ნახოს, რომელ ზონაში და რომელი სისტემა მოიხმარს ყველაზე მეტ ენერგიას, რათა მიიღოს ოპტიმიზაციის გადაწყვეტილებები.
ჩვენი კლიენტების მონაცემებით, საშუალო ენერგოდაზოგვა 30%-მდე აღწევს. ეს დანაზოგები ფინანსურად განსაკუთრებით თვალსაჩინოა დიდი შენობებისთვის, სადაც ენერგომოხმარება ძალიან მაღალია.
- თქვენი პლატფორმა ძირითადად კომერციულ შენობებზეა ორიენტირებული. როგორია თქვენი გეგმები საცხოვრებელი თუ სხვა ტიპის შენობების მიმართულებით?
- მართალია, ჩვენი მთავარი ფოკუსია კომერციული შენობები - სავაჭრო ცენტრები, ბიზნეს კომპლექსები, კლინიკები, სკოლები, მაღაზიათა ქსელები, რადგან სწორედ აქ არის BMS-ის დანერგვის საჭიროებაც და ეფექტიც ყველაზე თვალსაჩინო.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურად DMT სრულად მზადაა საცხოვრებელი და სხვა ტიპის ობიექტებისთვისაც, ამ ეტაპზე ჩვენი ბიზნეს სტრატეგია არ ითვალისწინებს ამ სივრცეში შესვლას. თუმცა მომავალში განიხილება ამ მხრივ სერვისების გაფართოებაც.
- რა არის თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევა ქართულ ბაზარზე და როგორ ცდილობთ მის გადალახვას?
- ყველაზე დიდი გამოწვევა არის დაბალი ინფორმირებულობა თანამედროვე ჭკვიანი სისტემების ეფექტურობაზე და შესაძლებლობებზე. გარდა ამისა, ტრადიციულად BMS ასოცირდებოდა დიდ ხარჯებთან და ერთგვარ „ფუფუნებად“ ითვლებოდა. ჩვენი ამოცანაა, ეს წარმოდგენა შევცვალოთ.
ამისათვის ჩვენ ვცდილობთ სხვადასხვა არხით გავავრცელოთ ინფორმაცია და ავუხსნათ იმ სიკეთეების შესახებ, რაც ახლავს ჭკვიანი სისტემის შენობაში დანერგვას. გარდა ამისა, ქსელური კომპანიებისთვის გვაქვს საპილოტე ინსტალაციის შეთავაზება. როდესაც მომხმარებელი საკუთარი თვალით ხედავს მართვის სიმარტივეს, ოპერაციების გაუმჯობესებას, გამოთავისუფლებულ რესურსს და ენერგოეფექტურობას, სკეპტიციზმი მალევე ქრება. უფრო მეტიც, ხშირად ჩვენი მომხმარებლები სხვებთანაც გვიწევენ რეკომენდაციას და ეს ძალიან გვახარებს.
- როგორია DMT-ის სამომავლო გეგმები? გეგმავთ თუ არა პლატფორმისთვის ახალი ფუნქციების დამატებას, ან სხვა ბაზრებზე გასვლას?
- ამჟამად ვმუშაობთ პლატფორმაში AI ასისტენტის ჩაშენებაზე, რომელიც იქნება ერთგვარი „ტექნიკური მრჩეველი“, რაც მართვას კიდევ უფრო კომფორტულსა და მარტივს გახდის.
რა თქმა უნდა, იგეგმება რეგიონულ ბაზრებზე გასვლა. უკვე გვაქვს დაინტერესება კონკრეტული ქვეყნებიდან, რომელსაც მოგვიანებით გავუზიარებთ ჩვენს გულშემატკივრებს.
- თქვენი აზრით, რა როლს ითამაშებს ჭკვიანი შენობების ტექნოლოგიები მომავალში და როგორ ემზადებით ამისთვის?
- ჩვენთვის აშკარაა, რომ ჭკვიანი შენობების ტექნოლოგიები უახლოეს წლებში გადაიქცევა ინფრასტრუქტურის სტანდარტად და არა „ნოვაციად“.
როგორც დღეს Wi-Fi და ელექტროენერგიაა აუცილებელი ნებისმიერი შენობისთვის, ასე გახდება სმარტ სისტემებიც. შენობები უფრო ინტეგრირებულ ეკოსისტემებად იქცევიან, სადაც ენერგია, კომფორტი და ეკოლოგიურობა ერთიანად იმართება. მსოფლიოში უკვე არის ენერგიის დაზოგვის სისტემებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში უკვე 2025 წლის ბოლოდან ამოქმედდება კანონი, რომელიც შენობების ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემების სავალდებულო დანერგვას მოითხოვს.
DMT ამ ტენდენციებისთვის უკვე მზადაა და მუდმივად უმჯობესდება. როგორც უკვე ვახსენე, ვნერგავთ AI-ზე დაფუძნებულ ანალიტიკას, ვავითარებთ მოდულებს და ვქმნით პლატფორმას, რომლის საშუალებითაც ქართულ კომერციულ შენობებში მომავალი იწყება დღესვე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
20.08.2025.19:00
infoajara.com-ზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიხედვით ბათუმში ყველაზე მეტ სასტუმრო ნომერს Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel-ი ფლობს. პორტალზე განთავსებული. პორტალის მიხედვით Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel-ს 590 სასტუმრო ნომერი და 1180 განთავსების ადგილი გააჩნია. სასტუმროებს შორის მეორე ადგილზე Euphoria Hotel Batumi-ა, რომელსაც 455 სასტუმრო ნომერ და 1500 განთავსების ადგილი გააჩნია.
გთავაზობთ ბათუმში მდებარე TOP 5 სასტუმროს, რომლებიც infoajara.com -ზე განთავსებული მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მეტი სასტუმრო ნომრები გააჩნიათ:
Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel - 590 ნომერი
Euphoria Hotel Batumi - 455 ნომერი
STEPS Batumi - 250 ნომერი
Hilton Batumi Hotel - 247 ნომერი
Sheraton Batumi Hotel - 202 ნომერი
Jrw Welmond Hotel Spa Casino - 194 ნომერი.
www.infoajara.com არის აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი. მისი მიზანია, გაამარტივოს მოგზაურობა აჭარაში და მომხმარებლებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია როგორც საინტერესო ადგილებზე, ასევე იმ სირთულეების შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა მოგზაურობის დაგეგმვისას.
ეს არის ერთგვარი ონლაინ გიდი, რომელიც მუდმივად ახლდება და ფართოვდება.
პორტალი შექმნილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ შეიქმნა. სააგენტოს ძირითადი მიზანია მთიანი აჭარის პოპულარიზაცია, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მარშრუტების მარკირება, თემატური ფესტივალების მოწყობა და საინფორმაციო ცენტრების მართვა.