„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ თავისი კონცეფციით, ხედვითა და მასშტაბური გათვლებით ნამდვილად მომავლის პროექტია - გოჩა კამკია
რეგიონში პირველად ვნერგავთ ევროპაში ძალიან აქტუალურ - „ჭკვიანი ქალაქის“ განვითარების კონცეფციას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ განაცხადა. მისი თქმით,
კომპანია აქტიურად წარადგენს პროექტს ევროპის ბაზრებზე - მათ შორის მონაკოში, კანში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. ხოლო „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფცია კუნძულს გრძელვადიან, თანამედროვე და ეკომეგობრულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტად აქცევს.
„წელს მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება, აქტიურად ვყოფილიყავით წარმოდგენილი დასავლეთის, კერძოდ კი ევროკავშირის ქვეყნებში. ამ მიზნით, მხოლოდ საუკეთესო რეპუტაციის მქონე უძრავი ქონების საგამოფენო პლატფორმები შევარჩიეთ.
ბოლო ორი თვე ძალიან დატვირთული იყო - მოვასწარით საქართველოსა და ჩვენი პროექტის წარდგენა მონაკოსა და კანში; ასევე, ვიყავით ჰოლანდიასა და გერმანიაში, სადაც ადგილობრივ კულტურულ კონტექსტში განვმარტავდით პროექტის უპირატესობებს.
ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი ისაა, რომ რეგიონში პირველად ვნერგავთ ევროპაში ძალიან აქტუალურ - „ჭკვიანი ქალაქის“ განვითარების კონცეფციას. ეს თავიდანვე ქმნის მყარ გარანტიას, რომ კუნძული დასრულებიდან 30-40 წლის შემდეგაც იქნება აბსოლუტურად თანამედროვე, ეკომეგობრული და მოწინავე სისტემებზე აგებული. შესაბამისად, ეს პროექტი, როგორც ფინანსური, ისე გარემოსდაცვითი და ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სრულად მომავალზეა ორიენტირებული“, - აცხადებს გოჩა კამკია.
კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, პროექტი სრულად მომავლის კონცეფციაზეა დაფუძნებული და მის საინვესტიციო მიმზიდველობას საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის 2024 წლის რეკორდული GDP-ის ზრდა, ასევე ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და დაბალი ბიუროკრატია განაპირობებს, რაც უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან სტიმულს წარმოადგენს.
„ეს ნამდვილად მომავლის პროექტია - თავისი კონცეფციით, ხედვითა და მასშტაბური გათვლებით, რაც მას მართლაც გამორჩეულს ხდის. პროექტის უპირატესობებთან ერთად, ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ფიქსირდება.
2024 წელს ჩვენ გვქონდა მშპ-ის (GDP) რეკორდული ზრდა, რაც მსოფლიო მასშტაბითაც კი იშვიათი პრეცედენტია. როდესაც უცხოელი ინვესტორი ან მომხმარებელი იღებს გადაწყვეტილებას პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებაზე, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.
ჩვენ აქტიურად ვახდენთ ამ მაჩვენებლების პოპულარიზაციას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს მხოლოდ მთავრობის ამოცანა არ არის - ამაზე პირველ რიგში ბიზნესმა უნდა ისაუბროს. ჩვენ უნდა გავაზიაროთ ინფორმაცია იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ამ ქვეყანაში ვქმნით. გარდა ამისა, დაბალი ბიუროკრატია და ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები მართლაც შთამაგონებელია. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ქმნის მყარ სინთეზს დანარჩენ მსოფლიოსთან, რაც სწორედ ამ წარმატებულ შედეგებს განაპირობებს“, - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.
სხვა სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
06.04.2026.11:13
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2026 წლის საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები გამოავლინა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
აღნიშნული ჯილდოს ფარგლებში, გავლენიანმა გამოცემამ საქართველოს ბანკი 2026 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.
ჯილდო ფინანსური გამოცემის - Global Finance-ის მხრიდან გაიცემა და იმ ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენას ისახავს მიზნად, რომლებიც ინოვაციური მიდგომებით, მდგრადი ზრდითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიებით გამოირჩევიან.
“გლობალური საბანკო სექტორი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის და ფინტექში კონკურენციის ზრდის ფონზე კვლავ ინარჩუნებს მდგრადობას. 2026 წლის საუკეთესო ბანკების ჯილდო აღიარებს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ეფექტურად მართავენ აქტივებს და ამასთანავე აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ციფრულ ინოვაციებსა და ხელოვნურ ინტელექტში, რათა მომხმარებელთა მუდმივად ცვალებად საჭიროებებს ეფექტურად უპასუხონ“, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.
„Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკის საუკეთესო ბანკად დასახელება საქართველოში ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის ძალისხმევას, სწორ სტრატეგიულ ხედვასა და ინოვაციებზე მუდმივ ფოკუსს. ამასთან, ხაზგასმით აჩვენებს, რომ ჩვენი პროდუქტები და სერვისები მომხმარებლებისთვის გამორჩეულ საბანკო გამოცდილებას ქმნიან. Global Finance-ის მიერ მონიჭებული ჯილდო ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ეს კი გვაძლევს უფრო დიდ მოტივაციას, არ გავჩერდეთ, შევქმნათ ახალი და გავაუმჯობესოთ უკვე არსებული სერვისები და პროდუქტები, რათა მუდმივად ფეხი ავუწყოთ ჩვენი მომხმარებლების ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი. FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.