ამ დროისთვის კურორტ "გოდერძიზე" 29 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 250 მლნ ლარს აღემატება - ჯაბა ფუტკარაძე
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, აჭარის უმაღლეს საბჭოში, აჭარის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების და სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა. "მინისტრის საათის" ფორმატში, ჯაბა ფუტკარაძემ, ასევე, 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტებზე ისაუბრა.
▪️ბიუჯეტის 2024 წლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი,საერთო შემოსავლების 97,1% მოდის გადასახადებზე, რომელიც მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს მოიცავს. 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის გეგმა 575 000 000 ლარით განისაზღვრა, ფაქტიური შესრულება 609 385 600 ლარს, გეგმის 106,0% შეადგენს.
▪️2024 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 596 100 000 ლარით განისაზღვრა, ფაქტიური შესრულება 627 751 600 ლარს, 105,3% შეადგენს.
▪️2025 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და 908 520 000 ლარს შეადგენს. 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ბიუჯეტი 18,8%-ით არის გაზრდილი.
▪️2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 685 100 000 ლარით განისაზღვრა. 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა - 14,93%.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აგრძელებს აჭარაში სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას:
▪️აჭარაში წყლის და წყალარინების სისტემის განვითარების პროექტით, აჭარის 39 სოფლის 37 800 მოსახლე, თანედროვე სტანდარტების კომუნალური ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
▪️2024 წელს დასრულდა "ოცნების ქალაქის" მშენებლობის პირველი ეტაპი. ტერიტორიაზე სამი, 12 სართულიანი საცხოვრებელი ბინა აშენდა. 582 ოჯახს ბინა საკუთრებაში უკვე გადაეცა. "ოცნების ქალაქის" მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დამატებით 1077 ბინა მოეწყობა.
▪️ქობულეთში ნარჩენების მართვის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ეს არის საქართველოში პირველი თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი. პროექტი ბათუმსა და ქობულეთში არასტანდარტული ნაგავსაყრელების კონსერვავიასაც მოიცავს, რომლის პროცედურები უკვე დაწყებულია.
▪️დასკვნით ეტაპზეა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება. პროექტის ფარგლებში ბუნებრივი აირით, აჭარის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები, 27 100 აბონენტი ისარგებლებს.
▪️აქტიურად მიმდინარეობს მაღალმთიანი აჭარის განვითარება. ამ დროისთვის კურორტ "გოდერძიზე" 29 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 250 მლნ ლარს აღემატება. შედეგად, კურორტს დამატებით 1500 ახალი სამუშაო ადგილი და 1000 განთავსების ადგილი ექნება. დაგეგმილია ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია
▪️ყველ წელს, რესპუბლიკური ბიუჯეტში, აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მობილიზება ხდება. 2024 წელს ბათუმმა World Travel Awards-ზე კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და ის მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. 2023 წელს, კი ბათუმი და აჭარა ევროპის ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.
▪️2024 წ. მონაცემით 3 886 საერთაშორისო ფრენა განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +50%-ით არის გაზრდილი. 2024 წელს მთიანი აჭარის მარშრუტზე ვიზიტების რაოდენობა 44.61% -ით გაიზარდა.
▪️2024 წელს, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები 58 524 980 ლარით დაფინანსდა. 4 მიმართულებით 11,95 კმ. გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო, აშენდა 101 ხელოვნური ნაგებობა, 3 ახალი ხიდი და 83 საყრდენი კედელი.
სხვა სიახლეები
14.07.2025.16:54
ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელოვნად განვითარებამ მთელ რიგ ინდუსტრიებში მუშაობის სპეციფიკა შეცვალა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა მკვეთრად შეამცირა დრო, გაზარდა ეფექტიანობა და გახსნა სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის. „თეგეტა ჰოლდინგი“, კომპანია, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრიაში არაერთი პრეცედენტი შექმნა, ამ შემთხვევაშიც ინოვატორია: AI საკუთარ საქმიანობას მოარგო და იურიდიული დეპარტამენტის სამუშაო პროცესში ჩააინტეგრირა. შემცირებული დრო და მეტი სიზუსტე - ინოვაციური მიდგომით კომპანიამ დოკუმენტებზე მუშაობის პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა.
„თეგეტა ჰოლდინგმა“ თანამშრომლობისთვის ქართული სტარტაპი შეარჩია - Lawformer. განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა - პარტნიორობა სწორედ საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ამავდროულად, ეყრდნობა „თეგეტას“ ხედვას - მხარი დაუჭიროს ქართულ, ინოვაციურ სტარტაპებს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებაში.
Lawformer იურიდიული გუნდებისთვის შეიქმნა. ის Silicon Valley-ზე ოპერირებს და მომხმარებელიც უკვე არაერთ ქვეყანაში ჰყავს.
გიორგი ღუღუნიშვილი, Lawformer-ის თანადამფუძნებელი, პროდუქტების ლიდი: „Lawformer იურიდიული ტექნოლოგიების პლატფორმაა, რომელიც ქმნის ღრმა სპეციალიზაციის მქონე AI აგენტებს იურიდიულ დოკუმენტაციასთან სამუშაოდ. ეს აგენტები ადგენენ კომპლექსურ იურიდიულ დოკუმენტებს, აკეთებენ ანალიზს და რევიზიის ციკლს სრულიად ავტომატურ პროცესად გარდაქმნიან, რაც არსებითად ზრდის იურიდიული გუნდების ეფექტიანობას. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მაქსიმალურად გაგვეუმჯობესებინა მათი პროდუქტიულობა, ეფექტიანობა და შეგვემცირებინა იურისტების დახარჯული დრო არასტრატეგიულ და რუტინულ დავალებებზე.
Lawformer-ის ძირითადი მომხმარებლები ამერიკული კორპორაციები და იურიდიული კომპანიები არიან. განსაკუთრებით წარმატებული და საინტერესო აღმოჩნდა Lawformer-ისა და „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორობა. „თეგეტა“ პირველი ქართული კომპანიაა, სადაც დაინერგა ჩვენი პროდუქტი დოკუმენტების შექმნის, მოდიფიკაციისა და რევიზიის ავტომატიზაციისთვის. გვეამაყება, რომ ამ წარმატებული პროცესის ნაწილი ვართ“.
„თეგეტას“ იურისტები უკვე ორი თვეა, Lawformer-ს სამუშაო რეჟიმში იყენებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ პლატფორმა ერგება ყველა იმ დოკუმენტს, სადაც სამართლებრივი პირობაა გასაწერი.
Microsoft Word-თან ინტეგრირებული ტექნოლოგია ჩატბოტ ასისტენტის სახით არის მიწოდებული, რომელიც სხვადასხვა სირთულის დავალებებს ავტომატურად ასრულებს. ჩატბოტს შეუძლია, რამდენიმე წამში მოამზადოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რისკების სიღრმისეული ანალიზი და ასევე დეტალური რეპორტები, უზრუნველყოს მუხლების ცვლილების ავტომატიზაცია და შესაბამისობაში მოიყვანოს კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობასთან ხელშეკრულებები და ინდივიდუალური მუხლები.
თორნიკე ფიფაიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე: „ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Lawformer-ის დანერგვის შემდეგ დოკუმენტებთან მუშაობის პროცესი ბევრად გაგვიმარტივდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ანალიზის ფუნქცია, რომელიც გვეხმარება, დიდი მოცულობის ხელშეკრულებები შემცირებულ ვადებში დავამუშაოთ, გამოვყოთ სარისკო ან პრობლემური ჩანაწერი და ჩვენი საჭიროებების შესაბამისად გავაუმჯობესოთ.
„თეგეტას“ ბიზნესპორტფელის გათვალისწინებით, ხშირად გვიწევს საზღვარგარეთ ოპერირებადი მომწოდებლების ხელშეკრულებების ანალიზი ან ჩვენი დოკუმენტების მომზადება. Lawformer ამ მხრივ საჭირო ინსტრუმენტია, რომელიც სანდო და გამართული სამართლებრივი ინგლისური ტერმინოლოგიით გვეხმარება ჩვენზე მორგებული სახელშეკრულებო პირობების ჩამოყალიბებაში.
მისი კიდევ ერთი უპირატესობა Microsoft Word-ის პროგრამაში ინტეგრირებული Plug-In-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის საჭირო რაიმე ვებპლატფორმის გამოყენება და დოკუმენტაციის ატვირთვა. პროცესი უფრო სწრაფი და, რაც მთავარია, სრულიად უსაფრთხოა“.
ინფორმაციის დაცულობა და უსაფრთხოება ის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია, სადაც იურისტების გუნდს აბსოლუტური გარანტია სჭირდება. „თეგეტაში“ აცხადებენ, რომ სენსიტიური ინფორმაცია, რომელიც მათ დეპარტამენტში იყრის თავს, უმეტესწილად კონფიდენციალურია. თუმცა იციან, რომ მონაცემთა უსაფრთხოებას იურიდიული ტექნოლოგიების პლატფორმა სრულად უზრუნველყოფს.
„ინფორმაცია ჩვენამდე მოდის დაშიფრული (encrypted) სახით, რაც სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვის რისკს ფაქტობრივად გამორიცხავს. ასევე, ხაზგასასმელია, რომ ჩვენი პროდუქტი მომხმარებლის სერვერზეა ხელმისაწვდომი, რაც სრულიად გამორიცხავს ინფორმაციის დაცულობასთან დაკავშირებულ რისკებს“, - ამბობს Lawformer-ის თანადამფუძნებელი.
უსაფრთხოებასთან და სისწრაფესთან ერთად, აუცილებელი პირობა ტექნოლოგიის გამოყენების სიმარტივეა. დამხმარე ხელსაწყო ასათვისებლად და სამუშაოდ ადვილი, თუმცა ამავე დროს, კონკრეტული მიზნობრიობის გათვალისწინებით, ფუნქციურად დატვირთული უნდა იყოს.
გიორგი ღუღუნიშვილი, Lawformer-ის თანადამფუძნებელი, პროდუქტების ლიდი: „Lawformer ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს. პირველი ცოდნის მენეჯმენტია. ის იურიდიულ გუნდებს შესაძლებლობას აძლევს, ატვირთონ ხელშეკრულების ბაზები, რომლებიც, როგორც წესი, სხვადასხვა ფაილსა და მეილშია გაბნეული. ბაზები რამდენიმე წამში ინტუიციურ ბიბლიოთეკად იქცევა, რომელშიც შესაბამისი მუხლებისა და დოკუმენტების ძიება ჩატბოტის საშუალებით შეიძლება. ამასთან ერთად, შეგიძლიათ სთხოვოთ, ცვლილება შეიტანოს კონკრეტულ მუხლში, რომელიც თქვენი ინსტრუქციების შესაბამისად შეიცვლება.
მეორე მიმართულება AI Drafting ასისტენტია, რომელიც Microsoft Word-თან ინტეგრაციის ფარგლებში, Word-ის დოკუმენტში ჩატის სახით გამოდის და სხვადასხვა დავალებას ასრულებს. ამასთანავე, Lawformer-ის კიდევ ერთი უნიკალური ფუნქციონალია Call-to-Contract. AI drafting ასისტენტს შეუძლია, დაესწროს ხელშეკრულების მოლაპარაკების ონლაინშეხვედრას, შეადგინოს შეხვედრის ტრანსკრიპტი და ღილაკზე ერთი დაჭერით ხელშეკრულებად გარდაქმნას. ამ ფუნქციონალს დღეს იურიდიული ტექნოლოგიების ბაზარზე ანალოგი არ აქვს“.
თორნიკე ფიფაიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე: „ვცდილობთ, Lawformer-ის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. მის მრავალფუნქციურ შესაძლებლობებთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პლატფორმის სიმარტივეა, რაც მაღალი დატვირთვის პირობებშიც კი შეუფერხებლად და სწრაფად მუშაობის შესაძლებლობაა. ნავიგაცია ადვილია, ფუნქციური ბლოკები - ლოგიკური, ეს კი საშუალებას გვაძლევს, ხელოვნური ინტელექტი დამატებითი რესურსების გარეშე ავითვისოთ და სრულყოფილად გამოვიყენოთ“.
„თეგეტაში“ აცხადებენ, რომ Lawformer-ის დანერგვა მხოლოდ დროითი რესურსის დაზოგვის საშუალება არ არის, ის კონკურენტული უპირატესობაა, რომელიც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, სამართლებრივი პროცესები ბევრად უფრო სწრაფად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად წარმართოს.
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.