ახალი საექსპორტო მიმართულება - „მარანი ზოდი“ კორეის ბაზარზე შესასვლელად ემზადება
Winery Zodi – მარანი ზოდი, რომელიც საკუთარ ღვინოებს ექსპორტზე კანადაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, დანიაში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ყიდის, აზიის ბაზარზე შესასვლელად ემზადება.
„მარანი ზოდი“ 2019 წელს დაარსდა და ის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდში მდებარეობს.
„ჩვენი ვენახები განთავსებულია აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში. ვაწარმოებთ 6 სახეობის ღვინოს, მათგან 3 არის მშრალი, 2 – ნახევრად მშრალი, ხოლო 1 – ნახევრად ტკბილი. ვაწარმოებთ როგორც წითელ, ასევე თეთრ ღვინოს. ღვინის გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე 2021 წლიდან დავიწყეთ,“ – განაცხადა Business Insider Georgia-სთან საუბრისას „მარანი ზოდის“ დამფუძნებელმა და მეღვინემ, გიგა ჭიღლაძემ.
მისივე განმარტებით, „მარანი ზოდის“ ღვინოები უკვე წარმოდგენილია ექვს საექსპორტო ბაზარზე და კომპანია ძირითადად გრძელვადიან კონტრაქტებით არის დაინტერესებული.
„ამ დროისთვის საექსპორტო ბაზრებიდან ყველაზე დიდი გაყიდვები გვაქვს ნიდერლანდებში, თუმცა საფრანგეთიდან იმდენი შეკვეთა შემოგვივიდა, რომ სავარაუდოდ საფრანგეთი დაიკავებს პირველ ადგილს. საფრანგეთში მორიგი გადაზიდვისთვის უკვე მზად ვართ — პროდუქცია გამზადებულია და მალე უნდა წავიდეს,“ – აცხადებს „მარანი ზოდის“ დამფუძნებელი.
ირკვევა, რომ 2025 წელს „მარანი ზოდის“ მიერ შედარებით ნაკლები ყურძნის გადამუშავება მოხდა, ვიდრე 2024 წლის სეზონზე.
„ჩვენი წარმოებისთვის საკუთარ ვენახებში მოწეული ყურძენი არ გვყოფნის, ამიტომ ვიბარებთ ფერმერებისგანაც. სიმართლე გითხრათ, წელს მოსავალი შედარებით ნაკლები იყო და შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით ნაკლები ნედლეული გადავამუშავეთ,“ – აღნიშნავს გიგა ჭიღლაძე.
2025 წლის მოსავლით დამზადებული ღვინოების რეალიზაციას „მარანი ზოდი“ 2026 წლის მაისიდან დაიწყებს. დღეს კომპანიის გაყიდვების დაახლოებით 30–40% მოდის საექსპორტო ბაზრებზე, თუმცა „მარანი ზოდი“ აქტიურად მუშაობს ბაზრების დივერსიფიკაციაზე და მალე აზიის ბაზარზე შესვლის იმედი აქვს.
„აზიის ბაზარზე შესასვლელად ვცდილობთ პოზიციონირებას. ამის გამო კონკურსში Asia Wine Trophy მივიღეთ მონაწილეობა და ჩვენს ცოლიკაურს ოქროს მედალი მიენიჭა. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც დაგვეხმარება აზიის ბაზარზე შესვლასა და პოზიციონირებაში.
პირველ რიგში ვცდილობთ კორეის ბაზარზე მოხვედრას. უკვე გვქონდა რამდენიმე ადამიანთან შეხვედრა და მათი სურვილი იყო, რომ Asia Wine Trophy-ში მიგვეღო მონაწილეობა. გვითხრეს, რომ თუ გავიმარჯვებდით, გზა გაიხსნებოდა და მართლაც ასე მოხდა,“ – ამბობს „მარანი ზოდის“ დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ „მარანი ზოდის“ ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე იყიდება სპეციალიზებულ ღვინის მაღაზიებში, მაგალითად ისეთებში, როგორიცაა „8000 მოსავალი“. გარდა ამისა, ღვინო წარმოდგენილია „კარფურის“ და „გუდვილის“ ჰიპერმარკეტებში.
„ჩვენი ღვინო ინდუსტრიული წარმოების არ არის. ვცდილობთ, რომ ვაწარმოოთ მაღალხარისხიანი ღვინოები. ამიტომ დიდ რაოდენობას არ ვქმნით და ორიენტირებულები ვართ ხარისხზე. ფასიც ძალიან მაღალი არ გვაქვს, თუმცა არც მასობრივი ღვინოების კატეგორიაში ვექცევით. ჩვენი ღვინოების ფასი საშუალოდ 35–50 ლარის ფარგლებში მერყეობს.
ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია ნახევრად ტკბილი და მშრალი ღვინოები,“ – განმარტავს გიგა ჭიღლაძე.
სხვა სიახლეები
წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი
11.03.2026.18:26
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.
მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.
ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.
„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.