Ajet-ის ავიარეისები საქართველოს ტურისტულ ბაზარზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს - მაია ომიაძე
თურქეთის ავიაკომპანიამ AJet თურქეთის დედაქალაქ ანკარიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.
თბილისის მიმართულებით ავიარეისების განახლებას დადებითად აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. მისი თქმით, ფრენები ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადის გაზრდას.
„კომპანია AJet-მა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირველი რეისი შეასრულა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს სამოგზაურო სტატისტიკაში, პირველ სამეულში ყოველთვის უჭირავთ ადგილი. AJet-ის ავიარეისები, ეს ახალი მიმართულება ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს საქართველოს ტურისტულ ბაზარზე და შესაძლებელი გახდება სწორედ ანკარიდან საქართველოში ბევრად მეტი, როგორც საქმიანი, ასევე ტურიზმის მიზნით მგზავრი ჩამოიყვანოს“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
პირველი რეისით თბილისში ავიაკომპანია AJet-ის გენერალური დირექტორი ქერემ სარფი ჩამოვიდა. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, თურქეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას წინ უძღოდა მოლაპარაკებები ორი ქვეყნის მთავრობებს, მათ შორის, საავიაციო ხელისუფლებებს შორის. ავიაკომპანია Ajet - ის მიერ ანკარა - თბილისის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტისას გავრცელდა. ეს საკითხი ასევე განიხილეს საქართველო - თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად თანავმჯდომარეობდა. ანკარასა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება მარიამ ქვრივიშვილმა ასევე „თურქეთის ავიახაზების“ ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა.
Ajet თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის Turkish Airlines-ის შვილობილი კომპანიაა.
სხვა სიახლეები
ExpoGeorgia-ს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის წიგნის დღეები 2025 გაიმართა
17.11.2025.17:22
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, 14-16 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს ორგანიზებულ თბილისის წიგნის დღეები 2025 -ის გენერალური სპონსორი იყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 60-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია. შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ:
• გასცნობოდნენ უახლეს ლიტერატურულ ნაშრომებს;
• შეხვედროდნენ ცნობილ ავტორებს;
• მიეღოთ ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები;
• დასწრებოდნენ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებს.
თბილისის წიგნის დღეების ფესტივალი ExpoGeorgia-ს მე 11 პავილიონში გაიმართა. სპეციალურად ამ დღეს, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბანკის ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდათ.
ინფორმაციისთვის, თბილისის წიგნის დღეები აერთიანებს გამომცემლებს, წიგნისა და აქსესუარების მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურისა და განათლების ცენტრებს. ღონისძიება ქმნის სივრცეს, სადაც ლიტერატურა, კულტურა და ადამიანები ერთიანდებიან.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ერთ–ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს ბანკი ერთ წელზე მეტია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 21 პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ Fulbright-ის, CHEVENING-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი უკვე 60 ახალგაზრდა გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, აშშ–ში და გერმანიაში სასწავლებლად. საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge.