აგვისტოში სასტუმროს დატვირთულობა 80%-ია - "ბანგურიანი მესტიაში"
აგვისტოში სასტუმროს დატვირთულობა 80%-ია - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმრო „ბანგურიანი მესტიაში“ დირექტორმა ლაშა ჯაფარიძემ განუცხადა.
„ივლისის მეორე ნახევარი განსაკუთრებით დატვირთული იყო და ეს ტენდენცია აგვისტოშიც სტაბილურად გრძელდება. ჯავშნები აგვისტოს თვეში აქტიურად მატულობს და ამ დროისთვის უკვე 80%-იან ნიშნულს უახლოვდება.
მოთხოვნა იზრდება როგორც ადგილობრივი ვიზიტორების, ისე უცხოელების მხრიდან. ლიდერობენ სტუმრები ჩინეთიდან, კორეიდან და პოლონეთიდან “, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
სასტუმროს ტერიტორიაზე მოხდა ღია ტერასის დამატება, რომელიც გამოირჩევა უალამაზესი ხედებით.
„დავამატეთ ღია ტერასა ულამაზესი ხედებით, რაც დამატებით კომფორტს ქმნის სტუმრებისთვის. ამ ეტაპზე გვყავს 36 ნომერი და დაახლოებით 100-მდე სტუმრის მიღება შეგვიძლია, ასევე გვაქვს რესტორანი, ღია და დახურული სივრცეები, ეზოს ბარი და ძალიან დიდი ეზო, რაც განსაკუთრებით მოსწონთ ოჯახებით ჩამოსულ სტუმრებს.
ამასთან, გვაქვს დაგეგმილი პროექტი აუზისა და საუნის დამატებასთან დაკავშირებით. ტერიტორიაზე შესაძლებელია სასტუმროს გაფართოება 100-მდე ნომრამდე. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა გარკვეული დროით პანდემიის გამო გადაიდო, თუმცა ველოდებით ვითარების დასტაბილურებას და დავიწყებთ როგორც აუზისა და საუნის მშენებლობას, ასევე სასტუმროს დიდი მასშტაბით გაფართოებას “, - აცხადებს ლაშა ჯაფარიძე.
ცნობისთვის, სასტუმრო „ბანგურიანი“ მდებარეობს ქალაქ მესტიის ცენტრში, შემაღლებულ გორაზე. ტურისტულ ობიექტზე 14 ადამიანია დასაქმებული.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.08.2025.11:27
სილქ როუდ ჯგუფმა, ბაკურიანში აჭარა ჯგუფის მფლობელობაში მყოფი სასტუმრო “Rooms Kokhta Bakuriani” შეიძინა. ახალ ბრენდზე, სასტუმროს მართვასა და განვითარებაზე სილქ ჰოსფითალითი იზრუნებს. სასტუმრო ბაკურიანში კიდევ უფრო აძლიერებს სილქ ჰოსფითალითის მართვაში არსებული სასტუმროების პორტფელს.
სილქ როუდ ჯგუფი მრავალი წელია აქტიურ მონაწილეობას იღებს საქართველოს მთიანი რეგიონების ტურისტული და სპორტული პოტენციალის განვითარებაში, როგორც საერთაშორისო სათხილამურო ღონისძიებების მხარდაჭერის, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით მთის კურორტების სააგენტოსთან და სათხილამურო ფედერაციასთან ერთად. ბაკურიანი ამ ხედვის განუყოფელი ნაწილია და ჯგუფი აგრძელებს ინვესტირებას მისი მომავლისთვის.
გიორგი რამიშვილი - სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი:
"ჩემი თაობის სათხილამურო სპორტის მოყვარულებს კოხტასთან ბავშვობის ბევრი კარგი მოგონება გვაკავშირებს. ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ შევიძინეთ ეს ულამაზესი სასტუმრო. სილქ როუდ ჯგუფი ათწლეულებია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სათხილამურო ფედერაციას და ნაკრებს. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ბაკურიანში 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარებულიყო და რომ ეს ისტორიული კურორტი მსოფლიოს გაეცნო. ჩემპიონატის შემდეგ აქ ყოველწლიურად ტარდება მსოფლიო თასის ეტაპები, რომელიც შეტანილია საერთაშორისო სათხილამურო ფედრაციის კალენდარში. კოხტა ფრისტაილის და კერძოდ მოგულის საუკეთესო ტრასების ათეულში მოხვდა, ბაკურიანი კი მსოფლიოში ზამთრის სპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილი გახდა.
ჩვენი სურვილია, რომ ეს სატუმრო გახდეს მიმზიდველი ოთხივე სეზონზე, რომ ეს იყოს მთასთან , კოხტასთან და მიტარბისთან, ინტეგრირებული სასტუმრო, რომელიც მოიზიდავს არა მხოლოდ ზამთრის სპორტის მოყვარულებს, არამედ სხვადასხვა ინტერესის და ასაკის სტუმარს შესთავაზებს მრავალფეროვან გამოცდილებას და იქნება სპორტის და ლაიფსთაილის მაღალი დონის კურორტი.”
სასტუმროს ეკოსისტემის განვითარებისთვის პროექტზე სილქ როუდ ჯგუფი პროფესინალების საერთაშორისო გუნდთან ერთად მუშაობს. მათ შორისაა ცნობილი ფრანგი სპორტული ჟურნალისტი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი პატრიკ ლანგი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში 2023 წელს ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაში.
პარტიკ ლანგი: „კურორტს მომავალში ექნება გართობისთვის, დასვენებისთვის და სპორტული აქტივობისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იმ ტურისტების მოსაზიდად, რომლებიც გამორჩეულ ადგილებს ეძებენ. სამხრეთ კავკასიის ეს შესანიშნავი რეგიონი ნამდვილად არის ადგილი, რომელიც უცხოელ სტუმრებს გააოცებს თავისი იდუმალებით, სუფთა ჰაერით, უბადლო სტუმარმასპინძლობით დაუგემრიელესი კერძებით და ღვინით. მიხარია, რომ კოხტა შეემატა სილქ როუდ ჯგუფის არაჩვეულებრივი სასტუმროების რიცხვს და დარწმუნებული ვარ, რომ მათი ხედვის შედეგად სასტუმრო და გარშემო ინფრასტრუქტურა ისე გაუმჯობესდება, რომ აქცევს ბაკურიანს ოთხი სეზონის შესანიშნავ კურორტად საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბაკურიანისთვის ახალი ეპოქის დასაწყისია და უაღრესად ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ვარ იმ პროექტის ნაწილი, რომელიც კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს მთის პოპულარიზაციაში.”
პირველ ეტაპზე ზამთრის სეზონისთვის სასტუმროს ახალი საერთაშორისო სტანდარტის სპა შეემატება, ისევე, როგორც დამატებითი კეთილმოწყობა ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის. ასევე, იგეგმება სპორტული სათაგადასავლო სკოლის დაარსება, რომელიც ბავშვებს, ბევრ სიახლეს და მრავალფეროვან პროდუქტს შესთავაზებს, სპორტული და შემეცნებითი აქტივობების ჩათვლით.
სილქ როუდ ჯგუფის გუნდი მოუთმენლად ელის ახალ ეტაპს თანამედროვე სტანდარტების სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების გასაგრძელებლად Silk-ის ხარისხით და ხედვით.