ადგილობრივი ბაზრის 70%-ს ვფარავთ - „ჰერბიას“ დამფუძნებელი წელს აჯამებს
კოვიდპანდემიის შემდგომ პერიოდში ჩვენი გაყიდვები ყოველწლიურად 35-40%-ის ფარგლებში იზრდება, იგივე ტენდენცია შენარჩუნდა 2023 წელსაც. ვფიქრობთ, რომ თუ გავითვალისწინებთ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კლიმატურ ცვლილებებს, 2023 წელი კომპანიისთვის ცუდი არ ყოფილა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ჰერბიას“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ განიცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის კომპანიის მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი ბაზარია.
„ჩვენ ექსპორტზე გასასვლელად ჯერ კიდევ პანდემიამდე ვემზადებოდით, მაგრამ იმდენად გაიზარდა ადგილობრივ ბაზარზე ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა, რომ უცხოეთში გასატანად მარაგები არ გვრჩება და ეს ტენდენცია გრძელდება დღემდე. ვიდრე ქართულ ბაზარს 100%-ით არ ავითვისებთ, ევროპაში ექსპორტზე არ ვიფიქრებთ. ამ დროისთვის ადგილობრივი ბაზრის 70%-ს ვფარავთ.
ყოველ წელს გაყიდვების ზრდას 35-40%-ის ფარგლებში ვახერხებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი საწარმოო ჯაჭვი ამ მოცულობით იზრდება. ეს გულისხმობს პროდუქციის მოყვანას, მოვლა-შენახვას, შეფუთვას, ტრანსპორტირებასა და ლოგისტიკის საკითხებს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
თუმცა ამავდროულად, „ჰერბია“ აქტიურად მონაწილეობს გლობალურ ბაზრებზე, რაც ცნობადობის ამაღლებისა და სამომავლოდ ექსპორტზე დაწინაურების კუთხით მნიშვნელოვანია.
,,სახელმწიფოს მხრიდან დარგს დიდი ხელშეწყობა აქვს და მაქსიმალურად გვეხმარებიან, რომ საერთაშორისო გამოფენებზე წარვდგეთ. ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად და პარტნიორების მოსაზიდად ეს უნიკალური საშუალებაა. როდესაც ექსპორტს ვახორციელებდით, გამოფენებში მონაწილეობა ძალიან გვეხმარებოდა. სამომავლოდ ამ ნიშასაც დავიბრუნებთ, როცა რეზერვების შექმნის შესაძლებლობა გაჩნდება, ექსპორტსაც განვაახლებთ, რადგან ევროპის ბაზრებიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ამჟამად ჩვენთვის პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობაა და მერე უკვე გარე ბაზრებზე გასვლა“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.
ჰერბია Global Gap სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელსაც სასუქის გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. კომპანია ახდენს წარმოებული პროდუქციის დაფასოებას და დისტრიბუციას საქართველოს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში. ჰერბიამ საქმიანობა დაიწყო 2006 წელს და მას შემდეგ ძალიან მალე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება. ჰერბიას სათბურები წყალტუბოში 3 ჰექტარზეა გაშენებული, კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საამქრო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით.
სხვა სიახლეები
ქუთაისსა და ვენეციას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
03.12.2025.10:43
2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატა. ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაშიორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით ასრულებს. ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის პირველი რეისით 340 მგზავრმა ისარგებლა. ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით, რომისა და მილანის შემდეგ, იტალიის უკვე მესამე ქალაქში არის მოხვედრა შესაძლებელი.
ვენეციიდან პირველი რეისით ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარი დევიძე მიესალმნენ. პირველი რეისის მგზავრებს აეროპორტების გაერთიანებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულების ამოქმედება კიდევ უფრო ზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ხელმისაწვდომობას და აძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ევროპასთან.