80-მდე პროექტი და 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი - ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს Tegeta.care შედეგებს აჯამებს
80-მდე პროექტი, 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი, 350 000 ლარზე მეტი ინვესტიცია და 70-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია - ასეთია „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმის Tegeta.care-ის სამწლიანი საქმიანობის შედეგები. ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს, რომელიც 5 სექტემბერს აღინიშნება, „თეგეტა ჰოლდინგმა“ ზრუნვის პლატფორმის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები შეაჯამა. უკეთესი საზოგადოების შექმნაზე ზრუნვა - ეს არის მისია, რომლის საფუძველზეც Tegeta.care შეიქმნა.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „Tegeta.care დონაციის პლატფორმაა, რომელიც სოციალურ და გარემოსდაცვით საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, საქველმოქმედო ფონდებს, სოციალურ საწარმოებსა და პროექტებს აერთიანებს. ვებგვერდის საშუალებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანოს იმ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ადგილობრივი თემის გაძლიერება და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ, ამ მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ - 2022-2025 წლებში, საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვის მიმართულებით, 80-მდე პროექტი განვახორციელეთ, რომლებსაც, ჯამში, 5 000-მდე ბენეფიციარი ჰყავს. პროექტები კი მრავალმხრივია და საქველმოქმედო, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, გარემოსდაცვითი, ქალთა გაძლიერების, საგზაო უსაფრთხოების, ცხოველთა უფლებების დაცვისა და სხვა არაერთი მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს“.
Tegeta.care-ის პარტნიორებს შორისაა საქველმოქმედო ფონდები, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, ხანდაზმულების, ქალებისა და ბავშვების მხარდამჭერი ორგანიზაციები,სოციალური საწარმოები, გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, მიუსაფარი ცხოველების უფლებებზე მომუშავე ცენტრები, საგანმანათლებლო პროექტები, გოგონათა საფეხბურთო კლუბები და მრავალი სხვა.
მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR მენეჯერი“: „Tegeta.care-ის პლატფორმით ერთ სივრცეში გავაერთიანეთ საერთო ღირებულებების მქონე ორგანიზაციები, საქველმოქმედო ფონდები, ისეთი ინიციატივები, რომლებიც ეხმარებიან მათ, ვისაც საზოგადოებისა და კომპანიების მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ. Tegeta.care, როგორც პროექტი, უნიკალური შესაძლებლობაა, რომ საერთო მიზნის გარშემო გავერთიანდეთ და სისტემური მიდგომით ვიზრუნოთ უკეთესი გარემოს შექმნაზე.
პროექტი, ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, საზოგადოებაზე ზრუნვის იდეით შეიქმნა. ვეცადეთ, სასიკეთო ცვლილებების თანამონაწილეებად გვექცია როგორც ჩვენი თანამშრომლები, ისე ნებისმიერი სხვა პირი. გარდა დონაციის შესაძლებლობისა, წლების განმავლობაში, Tegeta.care-ის პარტნიორებთან ერთად, არაერთი საინტერესო პროექტი თუ ინიციატივაც განვახორციელეთ. ვფიქრობ, ამ კუთხით მართლაც შთამბეჭდავი შედეგები ვაჩვენეთ“.
Tegeta.care-ის სამწლიანი საქმიანობის შედეგად 45-ზე მეტი სოფლის ბიბლიოთეკა შეივსო წიგნებით და აღიჭურვა ტექნიკით, 40-მდე ქალი პროფესიულად განვითარდა, 10 სტუდენტი გოგო დაეუფლა ისეთ მაღალანაზღაურებად პროფესიებს, როგორებიცაა პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, ინფორმაციული ტექნოლოგიები და გრაფიკული დიზაინი, კომპანიამ მხარი დაუჭირა 450 ხანდაზმულსა და ონკოლოგიური დაავადების მქონე 100-მდე ბავშვს, გაძლიერდნენ ახალგაზრდა სპორტსმენები, მათ შორის, „თეგეტას“ სტიპენდიატი ქალი ფეხბურთელები, დაირგო 3 000 ხე და მწვანე პროექტებში ჩაერთო 300-ზე მეტი მოხალისე და თანამშრომელი, 400-ზე მეტ მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროცედურები და შეიქმნა მათთვის უკეთესი პირობები, განხორციელდა ათობით პროექტი გარემოზე ზრუნვის, საგზაო უსაფრთხოების, ჰუმანიტარული მიმართულებით და სხვა.
სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიის პარალელურად, „თეგეტა ჰოლდინგმა“ ზრუნვის საკუთარი პლატფორმა 2022 წელს საზოგადოების მხარდამჭერი პროექტების გარშემო ადამიანების გაერთიანების მიზნით შექმნა. პლატფორმა Tegeta.care უნიკალური შესაძლებლობაა როგორც „თეგეტა ჰოლდინგისთვის“, ისე საზოგადოებასა და გარემოზე მზრუნველი ადამიანებისთვის, გაერთიანდნენ სასიკეთო ცვლილებებისთვის.
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
სხვა სიახლეები
05.09.2025.20:00
ბატონმა მერმა წარმოადგინა 4-წლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რაც ჩვენი ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - განაცხადა კომპანია „კონტრაქშენ სერვისის“ დირექტორმა გიორგი გაბუნიამ, კახა კალაძის მიერ ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.
გაბუნიას თქმით, მთავრობის გეგმების ცოდნა ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ დაგეგმოს საკუთარი საქმიანობა და ადეკვატურად მოემზადოს მოსალოდნელი პროცესებისთვის.
„მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ჩვენთვის, ბიზნესისთვის. ბატონმა მერმა და მერის მოადგილემ წარმოადგინეს 4 წლის სამოქმედო გეგმა, სადაც დიდი ადგილი უკავია ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რაც ჩვენი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პირველ რიგში ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენ დავგეგმოთ და მოვემზადოთ ყველა იმ გამოწვევისთვის, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში იქნება“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მომდევნო ოთხ წელში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.
საზოგადოებას განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მიაწოდა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტისთვის ძირითადი მიმართულება არის გზების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ფერდების გამაგრება, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, „თბილსერვის ჯგუფის“, ბაგა-ბაღების სააგენტოსა და რაიონული გამგეობების მიერ დაგეგმილი პროექტები.
„რაც შეეხება უშუალოდ გზებს, ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლას არ ვგულისხმობთ და საუბარია ფუნდამენტურად, სრულად კომუნიკაციების შეცვლაზე. კერძოდ, გზების მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე, კოჯრის გზატკეცილზე. დაგეგმილი გვაქვს კოჯრისა და წყნეთის ცენტრების სრული განახლება. სრულად რეაბილიტირდება რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და გურამიშვილის გამზირები, ასევე, თამარაშვილის, გორგასლისა და გოძიაშვილის ქუჩები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მერის მოადგილის თქმით, ხიდების, გვირაბებისა და ფერდების გამაგრების მიმართულებით დედაქალაქის მერია აქტიურად მუშაობდა წინა წლების განმავლობაში და ამას მომდევნო ოთხ წელშიც გააგრძელებს.
„არაერთი ხიდისა და გვირაბის რეაბილიტაცია მოხდა. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, რომელიც ქალაქისთვის გამორჩეულია.
მომავალ ოთხ წელში კი ვგეგმავთ მინდელის სახელობისა და გალაკტიონის ხიდების სრულ რეაბილიტაციას. ასევე, ვაპირებთ თამარ მეფის ხიდის რეაბილიტაციას. ხიდამდე მისასვლელი ესტაკადა რამდენიმე წლის წინ განვაახლეთ, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. ამასთან, სამომავლოდ ვაკის რაიონში, ახალდაბის მიმდებარედ საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების სამუშაოებს განვახორციელებთ. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტერიტორიაზე პერიოდულად მეწყრულ პროცესებს აქვს ადგილი. ბუნებრივია, მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, რათა მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.