500-მდე სერვისი, რომელიც შემოსავლების სამსახურს გააჩნია იქნება ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლში - ვახტანგ ჟვანია
500-მდე სერვისი, რომელიც შემოსავლების სამსახურს გააჩნია იქნება ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლში, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ განაცხადა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე 90 ყველაზე მოთხოვნადი სერვისი დაინერგება, ხოლო საბოლოოდ მოქალაქეებსა და ბიზნესს იუსტიციის სახლებში შემოსავლების სამსახურის დაახლოებით 500-მდე სერვისით სარგებლობა შეეძლებათ. პროცესის სრულად ამოქმედებამდე დაგეგმილია ტექნიკური უზრუნველყოფა და თანამშრომლების გადამზადება.
„როცა ვსაუბრობთ ბიზნესზე შემოსავლების სამსახურის სერვისები მათთვის არის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ შემოსავლების სამსახურის სერვისები ბევრად უფრო მასშტაბურად დაფარვადი გახადოს მთელს ქვეყანაში. მოგეხსენებათ ამ მომენტისთვის გვაქვს 126 სერვისი - 126 იუსტიციის სახლი, სადაც სერვისებს გავცემთ. ასევე 20-მდე მობილური იუსტიციის სახლი და ბუნებრივია აქ იუსტიციის სახლში შემოსავლების სამსახურის სერვისების გაჩენა ნიშნავს იმას, რომ ყველა ლოკაციაზე ეს სერვისები ხელმისაწვდომი იქნება. აქედან გამომდინარე, 500-მდე სერვისი, რომელიც შემოსავლების სამსახურს გააჩნია იქნება ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლში. როცა სერვისების ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ ეს არ გახლავთ პროცესი, რომელიც შესაძლოა 1 და 2 დღეში შესაძლოა განხორციელდეს. პირველ რიგში საჭიროა ტექნიკური უზრუნველყოფა, ასევე ჩვენი თანამშრომლების გადამზადება და მხოლოდ ამის შემდეგ გაეშვება ეს სერვისები.
პირველ ეტაპზე ვგეგმავთ 90 სერვისის ინტეგრაციას. ეს 90 სერვისი გახლავთ ის სერვისები, რომელიც ყველაზე მეტად სასურველია ბიზნესისთვის. ბუნებრივია ამ გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად ედო კვლევა, რის შედეგადაც გამოიკვეთა ის 90 სერვისი, რომლითაც უნდა დავიწყო.
ბუნებრივია ეტაპობრივად გავყვებით და 500-მდე სერვისის იქნება ჩვენთან ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ვახტანგ ჟვანიამ.
სხვა სიახლეები
სილქ როუდ ჯგუფს დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო საქართველოში შემოჰყავს
20.02.2026.14:33
კომპანია David Chipperfield Architects იმუშავებს ბობოყვათის კურორტის გენერალურ გეგმაზე. ეს იქნება ახალი, გამორჩეული საკურორტო ზონა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმსა და ქობულეთს შორის მდებარე 15.4 ჰექტარი ფართობის ბობოყვათი-ბობო ბიჩის ტერიტორია გარდაიქმნება სიცოცხლით სავსე, მრავალფუნქციურ ზღვისპირა სივრცედ.
შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება შედგა 2026 წლის 11 თებერვალს. გენერალური გეგმა ითვალისწინებს უნიკალური საკურორტო გარემოს შექმნას, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ შენობებს, სპა და ველნეს ცენტრს, სანაპირო საზღვაო ინფრასტრუქტურას, გასართობ და საზოგადოებრივ სივრცეებს, ბავშვებისთვის განკუთვნილ რეკრეაციულ ზონებსა და მრავალფეროვან დასასვენებელ ინფრასტრუქტურას. საცხოვრებელ და სასტუმრო კომპონენტებთან ერთად, პროექტი მოიცავს ნავმისადგომისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის განვითარებას იახტინგისა და წყალის აქტივობების უზრუნველსაყოფად. პროექტის მიზანია შეიქმნას მიმდებარე ლანდშაფტთან ჰარმონიულად ინტეგრირებული გამორჩეული საკურორტო სივრცე, რომელიც ასახავს რეგიონის ბუნებრივ სილამაზესა და ბიომრავალფეროვნებას.
პროექტი განხორციელდება სამ ეტაპად. პირველი ეტაპის დასრულება დაგეგმილია 2029 წელს.
„ძალიან გვიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა დავიწყოთ ჩვენი პირველი მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. ახალ კულტურულ კონტექსტში მუშაობას მოაქვს ახალი შთაგონება, ახალი იდეები და ასევე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. მოუთმენლად ველით სილქ როუდ ჯგუფთან და მის ხელმძღვანელთან, გიორგი რამიშვილთან, მჭიდრო თანამშრომლობით ღრმად გააზრებული და ხანგრძლივი ღირებულების მქონე არქიტექტურული პროდუქტის შექმნას“, - აცხადებს ჩიპერფილდი, David Chipperfield Architects-ის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში შემოგვყავს შეუდარებელი არქიტექტორის დევიდ ჩიპერფილდის ბიურო, რათა ჩვენი ქვეყნის სანაპირო ზოლი გარდაიქმნას შესანიშნავ საკურორტო ზონად, რაც მის სილამაზეს და ბუნებრივ მრავალფეროვნებას ნამდვილად შეეფერება. მქონდა პატივი, პირადად შევხვედროდი სერ დევიდ ჩიპერფილდს და გვესაუბრა მისი ჩართულობის შესახებ ბობოყვათი-ბობო ბიჩის პროექტში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროექტი ძალიან წარმატებული იქნება და მოუთმენლად ველით თანამშრომლობის დაწყებას ბობოყვათში და, იმედია, მის გაფართოებას სხვა ჩვენ პროექტებზეც. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი რანგის არქიტექტორები საქართველოში პროექტებს შექმნიან“, - განმარტავს გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.
1985 წელს დაარსებული David Chipperfield Architects საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული არქიტექტურული ბიუროა, რომელიც ცნობილია ხანგრძლივი ღირებულების და უმაღლესი ხარისხის არქიტექტურით კულტურული, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი პროექტების სფეროში. სტუდიას ხელმძღვანელობს 2023 წლის პრიცკერის პრემიის ლაურეატი სერ დევიდ ჩიპერფილდი. კომპანია გლობალურად წარმოდგენილია ლონდონის, ბერლინის, მილანის, შანხაისა და სანტიაგო-დე-კომპოსტელას ოფისებით. მათ მნიშვნელოვან ნამუშევრებს შორისაა Neues Museum ბერლინში, Amorepacific-ის სათავო ოფისი სეულში და The Bryant ნიუ-იორკში. ბიუროს მიღებული აქვს 100-ზე მეტი ჯილდო დიზაინის უმაღლესი ხარისხისთვის.
სილქ როუდ ჯგუფი, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კონგლომერატი, ცნობილია იმით, რომ თავის პროექტებზე მუშაობისთვის იწვევს მსოფლიოში აღიარებულ უმაღლესი რანგის არქიტექტორებს და დიზაინერებს. სილქ როუდ ჯგუფის უძრავი ქონების განვითარების ყველა პროექტის განხორციელებას აწარმოებს კომპანია სილქ დეველოპმენტი.