2026 წლისთვის ჩვენ საერთაშორისო გაფართოებას კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელებთ და შევეცდებით, რომ ამ მიმართულებაში მეტი რესურსი ჩავდოთ - „გორგია“
2026 წლისთვის ჩვენ საერთაშორისო გაფართოებას კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელებთ და შევეცდებით, რომ ამ მიმართულებაში მეტი რესურსი ჩავდოთ და უფრო მეტი დრო დავხარჯოთ საერთაშორისო ოპერირებისთვის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „გორგიას“ გენერალურმა დირექტორმა თორნიკე გურულმა განაცხადა. მისი თქმით, 2026 წლის ძირითადი თემებია ასევე ქსელის გაფართოება საქართველოში
„2025 წელი „გორგიასთვის“ იყო ისტორიული, რადგან ჩვენ საცალო მიმართულებით 3 000 კვ/მ ობიექტი გავხსენით ერევანში და უფრო მეტად გავაფართოვეთ საერთაშორისო მიმართულება. სომხეთის გარდა აქტიურობა დავიწყეთ აზერბაიჯანშიც და ეს ორი მიმართულება „გორგიასთვის“ 2025 წელს ყველაზე პრიორიტეტული იყო.
2026 წლისთვის ჩვენ საერთაშორისო გაფართოებას კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელებთ და შევეცდებით, რომ ამ მიმართულებაში მეტი რესურსი ჩავდოთ და უფრო მეტი დრო დავხარჯოთ საერთაშორისო ოპერირებისთვის.
რაც შეეხება საქართველოს, ადგილობრივ ბაზარზე სტანდარტული ზრდა გვქონდა
2026 წლისთვის ძირითადი თემებია ასევე ქსელის გაფართოება საქართველოში. ჩვენ რამდენიმე ობიექტს დავამატებთ. ამ ეტაპზე ვმუშაობთ თბილისში კიდევ ერთი ობიექტის დამატებაზე. ასევე უახლოეს პერიოდში გავხსნით ჩვენს ჰიპერმარკეტს ფოთში. თბილისში მალე გვექნება - გლდანში „სითი მოლის“ რემონტის გამო დაკეტილი იყო ჩვენი ობიექტი და ამ ობიექტს ახლიდან გავხსნით. შესაბამისად 2026 წელს თბილისში 2 ობიექტი დაგვემატება. ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ ორ სხვადასხვა ქალაქში ობიექტის გახსნაზე, რომელსაც მოგვიანებით დავაანონსებთ“, - განმარტავს თორნიკე გურული.
დღის ტოპ 10 სიახლე
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის ბოლოს ₾66.93 მილიარდი შეადგინა - სებ
სხვა სიახლეები
მუდმივი განვითარება და სიახლეების შეთავაზებაა - როგორ აფასებს Lopota Lake Resort & Spa 2025 წელს
27.01.2026.17:00
2025 წელი Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტი-სთვის საკმაოდ წარმატებული იყო, ისევე როგორც წინა წლები, - ასე აფასებს Lopota Lake Resort & Spa-ს კომერციული დირექტორი მაკა ღლიღვაშვილი ტურისტული ობიექტის ოპერირებას 2025 წლის განმავლობაში. მისი თქმით, Lopota Lake Resort & Spa-მ ყველაზე მეტი სტუმარი ადგილობრივი ბაზრიდან მიიღო
„დატვირთულობის მხრივ დადებითი დინამიკა გვაქვს საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით. განსაკუთრებული პიკი ივლისი-ოქტომბრის პერიოდში დაფიქსირდა. ივნისზე ნეგატიურად იმოქმედა ისრაელი-ირანის კონფლიქტმა.
რაც შეეხება სტუმრების გეოგრაფიას, პირველობას კვლავ საქართველოს ბაზარი ინარჩუნებს, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ისრაელის მიმართულებიდან. ასევე, მზარდი ინტერესი შეინიშნება ინდოეთიდან, თუმცა ჯერ ბიზნეს კონვერსია ამ მიმართულებიდან ჯერ დაბალია. ხოლო GCC-ის ქვეყნებიდან ვიზიტები სტაბილურობას ინარჩუნებს. ბაზრების დივერსიფიცირება ერთ-ერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება“, - აცხადებს Lopota Lake Resort & Spa-ს კომერციული დირექტორი.
მაკა ღლიღვაშვილის განმარტებით, Lopota Lake Resort & Spa-ს ხელწერა მუდმივი განვითარება და სიახლეების შეთავაზებაა.
„წელს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სიახლეა პარტნიორობა მსოფლიოში აღიარებულ შვეიცარიულ ბრენდთან - Valmont-თან. 28 ნოემბრიდან Lopota Lake Resort & Spa-ს სწორედ Valmont-თან კოლაბორაციით მუშაობს. ჩვენმა გუნდმა სრული გადამზადება გაიარა საერთაშორისო ტრენერებთან და სტუმრებს უკვე ვთავაზობთ ექსკლუზიურ პროცედურებს Valmont-ის პროდუქციითა და უნიკალური მეთოდოლოგიით.
გარდა ამისა, ზაფხულის სეზონს განახლებული ინფრასტრუქთურით შევხვდით: სტუმრების კომფორტისთვის განახლდა ოთახები და საცურაო აუზი. უკვე მეორე სეზონია, რაც უქმეებზე ჩვენი ჯაზკლუბი ცოცხალი მუსიკის საღამოებს მასპინძლობს, ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მყუდრო რუფტოპ ბარი და, რა თქმა უნდა, Green Aqua ზაფხულის ცხელ დღეებში“, - აცხადებს ტურისტული ობიექტის კომერციული დირექტორი.