2026 წელს შიდა ბაზარზე ზრდას ველოდებით - Caucasus Auto
2026 წელს საქართველოს ბაზარზე ავტომობილების კუთხით იმპორტის ზრდას ელოდებიან კომპანია Caucasus Auto-ში, რომელსაც საქართველოში და არა მხოლოდ, ავტომობილები წარმატებით ჩამოჰყავს. როგორც Business Insider Georgia-სთან Caucasus Auto-ს კომერციულმა დირექტორმა, ალექსანდრე ვეკუამ განაცხადა, აშშ-დან ავტომობილების ჩამოყვანაზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია.
„2025 წლის მაჩვენებლების მიხედვით, ავტომობილების იმპორტი 5%-ით გაიზარდა, რეექსპორტი 15%-ით. უფრო კონკრეტულად, ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი 24%-ით გაიზარდა, ხოლო ელექტრომობილების იმპორტი 81%-იანი ზრდას აჩვენებს.
მოგეხსენებათ, საქართველოში ავტომობილების 85% ძირითადად ამერიკის ბაზრიდან შემოდის. შესაბამისად, აშშ-ს ბაზარი წარმოადგენს ავტომობილების მოწოდების ძირითადი წყაროს,“ - აცხადებს Caucasus Auto-ს კომერციული დირექტორი.
მისივე განმარტებით, საქართველოს ბაზარზე მოთხოვნა ახალგაზრდა მოდელებზე თანდათან იზრდება, რასაც ბაზარზე არსებული რეგულაციებიც უწყობს ხელს.
„საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების ასაკი ცალსახად ახალგაზრდავდება. მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც 6 წლამდე ავტომობილის განბაჟება იაფია, ხოლო რაც უფრო ძველია ავტომობილი - გადასახადი იმატებს. 2013 წელზე ქვემოთ ავტომობილების შემოყვანა პრაქტიკულად აკრძალულია - ვერც განაბაჟებ, ვერც ნომრებს დააყენებ. ეს რეგულაციები უბიძგებს მომხმარებელს შედარებით ახალი ავტომობილების შეძენისკენ,“ - განმარტავს ალექსანდრე ვეკუა.
Caucasus Auto-ს მაგალითზე აშშ-დან ელექტრომობილების იმპორტი 80%-ზე მეტით გაიზარდა. საქართველოში ძირითადად Tesla-ს ელექტრომობილები ჩამოდის.
„საქართველოში ელექტრომობილების საერთო რაოდენობა დიდი არ არის, თუმცა წლიური ზრდა პროცენტულად მაღალია. აშშ-დან ძირითადად Tesla-ს მარკის ელექტრომობილებზეა მოთხოვნა - პრაქტიკულად მონოპოლისტია,“ - აღნიშნავს ალექსანდრე ვეკუა.
Caucasus Auto-ს მაგალითზე, რეექსპორტი ყველაზე აქტიურია ყირგიზეთისა და ყაზახეთის მიმართულებით, თუმცა ბოლო თვეებში ტაჯიკეთის ბაზარიც აქტიურია.
„რეექსპორტის კუთხით ლიდერობენ ყირგიზეთი და ყაზახეთი, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი. ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურებულია ტაჯიკეთი, სადაც 2025 წლის დასაწყისში მოთხოვნა არ ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო თვეებში ასობით ავტომობილი გავიდა,“ - აღნიშნავს ალექსანდრე ვეკუა.
Caucasus Auto-ს მაგალითზე, საქართველოში მოთხოვნა ძირითადად 10 ათასი დოლარის ფარგლებში არსებულ ავტომობილებზეა.
„საქართველოში ძირითადად 10 ათასი დოლარის ფარგლებში ღირებულების ავტომობილებზეა მოთხოვნა - საუბარია 10 წლამდე ავტომობილებზე. რეექსპორტის შემთხვევაში მოთხოვნა არის 15 ათასი დოლარი და მეტი ღირებულების ავტომობილებზე, ასაკი კი 5 წლამდეა.
ზოგადად, წლის პირველი და მეორე კვარტალი შედარებით ნაკლებად აქტიური პერიოდი არის. გაზაფხულამდე გაყიდვების ზრდას არ ველოდებით - პირიქით, ამ თვეებში კლება ფიქსირდება. თუმცა ეს ყოველწლიური ციკლია, რომელიც მეორდება; გაყიდვების მკვეთრი ზრდა ჩვეულებრივ გვიანი გაზაფხულიდან, მესამე და მეოთხე კვარტალში ფიქსირდება.
ზოგადად ჩვენს ბიზნესში პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა 2026 წელს შიდა ბაზარზე ზრდას ველოდებით. მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია და ტენდენციურია,“ - აცხადებს ალექსანდრე ვეკუა.
სხვა სიახლეები
წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი
11.03.2026.18:26
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.
მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.
ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.
„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.