2026 წელს Kairos Logistics-ი უზბეკეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს - გადამზიდავი კომპანიის გეგმები
ქართული გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics-ი აქტიურად ფართოვდება და იზრდება. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განუცხადა, Kairos Logistics-ი უკვე ოფიციალურად წარმოდგენილია სომხეთში და ამ ბაზარზე არსებული მოთხოვნა მოლოდინს უკვე გადააჭარბა.
„გეტყვით, რომ ჩვენ აქამდეც ვაქტიურობდით სომხეთის ბაზარზე და აქტიურად გვყავდა დამკვეთები. უბრალოდ ახლა სომხეთში ოფიციალური წარმომადგენლობა დავაფუძნეთ და დავარეგისტრირეთ შპს. ავიყვანეთ ადგილობრივი გამოცდილი კადრები და მაქსიმალურად ფოკუსი ავიღეთ სფეროს განვითარებაზე, რადგანაც ლოგისტიკურად სომხეთი მიბმულია საქართველოზე. სომხეთის ბაზარზე ჩვენს კომპანიას საკმაოდ დადებითად აღიქვამენ, სანდოობა და რეპუტაციაც მაღალი გვაქვს. სომხეთის ბაზარზე საკმაოდ სწრაფად ვითარდებით და პირველი ორი თვის შედეგებმა ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბა“, - განაცხადა ნამადოვმა.
როგორც Kairos Logistics-ის თანადამფუძნებელი აცხადებს, სომხეთის ბაზარზე ექსპორტისა და იმპორტის კუთხით მოთხოვნა ევროპის მიმართულებებზეა.
„ძირითადი ექსპორტი, რასაც ჩვენ ვემსახურებით, ეს არის სომხეთი–ევროპის მიმართულება, ხოლო რაც შეეხება იმპორტს, აქაც ფოკუსი გვაქვს აღებული უკრაინისა და ევროპის მიმართულებაზე. ასევე ფოთიდან ტვირთების მომსახურებაზე, რადგანაც ისინი ფოთს განიხილავენ, როგორც საზღვაო არტერიას“, - განმარტავს Kairos Logistics-ის თანადამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ Kairos Logistics-ი 2013 წლიდან საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ოპერირებს და უკვე 6 ქვეყანაში ჰყავს ოფიციალური წარმომადგენლობა: საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში და ახლა უკვე სომხეთშიც.
საგულისხმოა, რომ Kairos Logistics-ი არსებულ მიღწევებზე არ ჩერდება და კიდევ მორიგი გაფართოებისთვის ემზადება.
„აქტიურად ვუყურებთ უზბეკეთის მიმართულებას და სავარაუდოდ, მომავალ წელს უზბეკეთის ბაზარზე უკვე დაგეგმილად შევალთ. ეტაპობრივად ვფიქრობთ, რომ შუა დერეფნის მიმართულებაზე თითქმის ყველა ქვეყანაში ვიყოთ წარმოდგენილები - ინფრასტრუქტურულად საქართველოს გამოვიყენებთ, როგორც ჰაბს და უფრო მეტ სიახლეს შევთავაზებთ ბაზარს, როგორც სერვისების კუთხით, ისე ინფრასტრუქტურულად“, - განმარტავს მიხეილ ნამადოვი.
კომპანია Kairos Logistics ახორციელებს ნებისმიერი სირთულის გადაზიდვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შედეგად, კომპანია მოწინავე ადგილს ინარჩუნებს ქართულ სატრანსპორტო ბაზარზე. პროფესიონალურ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს 200-მდე მსხვილ ქართულ და საერთაშორისო ბრენდს.
კომპანიის მისია დაარსების დღიდან უცვლელია - „პროფესიონალური ლოგისტიკური სერვისის შეთავაზებით ხელს ვუწყობთ კომპანიებს გაზარდონ წარმადობა და მუდმივად იდგნენ განვითარების გზაზე“.
სხვა სიახლეები
„წნული“ მომხმარებელს ხელნაკეთი კალათების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს
09.04.2026.14:00
„წნული“ მომხმარებელს ხელნაკეთი კალათების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს სოციალური საწარმო „წნულის“ დამფუძნებელმა დავით პარკაძემ განუცხადა.
შევიძინეთ ლაზერული დანადგარი, რომლის მეშვეობით სამუშაო პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდა და დაჩქარდა. ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო - შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც სწრაფად მზადდება და ამავდროულად ინარჩუნებს ხარისხსა და ესთეტიკას.
პროდუქცია გადავიყვანეთ ხის ძირზე, რაც გულისხმობს, რომ კალათები შესრულებულია ხისა და წნულის კომბინაციით - ძირი არის ხის, ხოლო დანარჩენი ნაწილი მოქსოვილია წნულისგან. შედეგად, პროდუქტი გამოდის უფრო მყარი, ფორმაში სწორად დაცული და ვიზუალურად გამორჩეული.

დღესდღეობით განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა მსგავსი ტიპის პროდუქციაზე, რადგან მომხმარებლისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სხვადასხვა პროდუქტის როგორც ესთეტიკურად, ისე პრაქტიკულად განთავსება.
ვთანამშრომლობთ არაერთ კომპანიასთან - არა მხოლოდ სააღდგომო პერიოდში, არამედ მთელი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით აქტიურია თანამშრომლობა პურ-ფუნთუშეულის მწარმოებლებთან და იმ ბიზნესებთან, რომლებიც კალათებს ბოსტნეულისა და სხვა პროდუქციისთვის იყენებენ. ამ მიმართულებით, ვთანამშრომლობთ ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილთან“, „სუპერმარკეტ საბურთალოსთან“ და სხვა მსხვილ კომპანიებთან.

ამჟამად, ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია როგორც ინდივიდუალური კალათები, ასევე სამეული კომპოზიციები. გვაქვს სხვადასხვა ფორმა: მრგვალი, ოთხკუთხედი და მართკუთხედი, სადაც მარტივად თავსდება სააღდგომო კვერცხები, პასკები და სხვა პროდუქტები.

კალათები გამოირჩევა როგორც პრაქტიკულობით, ისე ესთეტიკით, რაც მათ იდეალურ არჩევანად აქცევს როგორც საჩუქრისთვის, ისე სადღესასწაულო სუფრისთვის.
ფასი იწყება 19 ლარიდან, სამეული კალათების ღირებულება 150–200 ლარის ფარგლებში მერყეობს. კორპორატიული შეკვეთების შემთხვევაში, ფასი რაოდენობის მიხედვით იცვლება.
მოთხოვნა მუდმივად მაღალია. ახალი პროდუქციის გამოშვებისას კი განსაკუთრებით მატულობს “, - აცხადებს დავით პარკაძე.

ინფორმაციისთვის, სოციალური საწარმო „წნული“ 2017 წელს შეიქმნა.