2026 წელი Julius Meinl-ისთვის განსაკუთრებული წელი იქნება - ვენური ყავის ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი "პრემიუმ ტრეიდინგი" ბაზრის ტენდენციებსა და ახალ სტრატეგიაზე
ავსტრიული პრემიუმ ყავის ბრენდის, Julius Meinl-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში "პრემიუმ ტრეიდინგი" აცხადებს, რომ 2026 წელი კომპანიისთვის სტრატეგიულად გარდამტეხი იქნება.

მთავარი აქცენტი ბარისტების განათლებაზე, ხარისხის სტანდარტების გამკაცრებასა და ბაზრის ცნობიერების ზრდაზე გაკეთდება. როგორც Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში "პრემიუმ ტრეიდინგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ალექსანდრე ნარსია აცხადებს, ივნისში საქართველო უკვე მეორედ უმასპინძლებს გლობალურ ჩემპიონატს Julius Meinl Barista Cup 2026.

პარალელურად ბრენდი გააფართოებს პროფესიული ტრენინგების მიმართულებას და გააძლიერებს პოზიციონირებას როგორც გამოცდილების, და არა მხოლოდ პროდუქტის შემქმნელი კომპანია.
აღსანიშნავია, რომ „პრემიუმ ტრეიდინგის“ სადისტრიბუციო ქსელი 16 წელია საქართველოს ბაზარზე Julius Meinl-ის ბრენდს ავითარებს და ასევე არის რეგიონში ოფიციალური დისტრიბუტორი.

Julius Meinl ცნობილია, როგორც „ვენური ყავის სახლების კულტურის ელჩი“. როგორ ახერხებთ ამ ტრადიციული ევროპული სულისკვეთების ადაპტირებას ქართულ ბაზარზე, სადაც ყავის სმის საკუთარი, მყარი კულტურა არსებობს?
საქართველო უნიკალურია, რადგან აქ თანაარსებობს აღმოსავლური და ევროპული ყავის კულტურა. ფართოდ არის გავრცელებული თურქული წესით დაფქული ყავის მირთმევა, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ესპრესოს კულტურისგან.

Julius Meinl წარმოადგენს ვენურ ყავის კულტურას და მუშაობს მოხალვის ორი სტილით - ვენურითა და იტალიურით, რაც განსხვავებულ გემოვნურ პროფილებს ქმნის. ამასთან, სპეციალურად შერჩეული და თურქული წესით დაფქული ყავის მეშვეობით, აღმოსავლური კულტურის მოთხოვნები მარტივად არის ადაპტირებული.
რაც შეეხება ვენური ყავის ტრადიციას, იგი მოიცავს როგორც ვენური ყავის მენიუს, ასევე მისი მირთმევის წესს. ამ ეტაპზე საქართველოში ავთენტური ვენური ყავის მენიუ მხოლოდ რამდენიმე პრემიუმ კლასის სასტუმროში გვხვდება, მათ შორის - Radisson RED Tbilisi, Hilton Garden Inn Tbilisi Riverview და Hilton Batumi. აღნიშნული კონცეფცია საზოგადოებაში ეტაპობრივად დამკვიდრდა და მასზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.

მაგალითად, ვენაში ტრადიციული კაპუჩინოს ნაცვლად ხშირად გვთავაზობენ სასმელ მელანჟს, რომელიც ვიზუალურად და სტრუქტურულად ძალიან წააგავს კაპუჩინოს, თუმცა მასში ესპრესოს არომატული ნოტები უფრო მკაფიოდ იგრძნობა.
ყავის პრემიუმ სეგმენტი საქართველოში საკმაოდ გაჯერებულია. რა არის ის მთავარი ნიშა, რაც Julius Meinl-ს სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდებისგან გამოარჩევს?

Julius Meinl 162 - წლიანი ისტორიისა და გამოცდილების მქონე ბრენდია. საქართველოში გუნდი სრულად არის ორიენტირებული ხარისხზე, სერვისსა და მოქნილობაზე. გაგვაჩნია სამი ტექნიკური დეპარტამენტი, რომლებიც პარტნიორებთან ერთად ზრუნავენ სტაბილური ხარისხის უზრუნველყოფაზე, რადგან ტურისტულ ბიზნესში ყავა სტუმრის პირველი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოცდილებაა.
ბრენდი წარმოდგენილია 70 ქვეყანაში და ყოველდღიურად მზადდება დაახლოებით 5 მილიონი ფინჯანი ყავა. პრემიუმ სეგმენტში ჩვენი მთავარი განსხვავება ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომაა - ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ ყავას, ჩვენ ვქმნით გამოცდილებასა და ემოციას.
ვინ არის თქვენი ძირითადი მომხმარებელი საქართველოში და შეიცვალა თუ არა მათი გემოვნება ბოლო წლებში?
საქართველოში ჩვენი ძირითადი მომხმარებელი HoReCa სექტორია: კაფეები, რესტორნები და სასტუმროები.
ბოლო წლებში მომხმარებლის გემოვნება მნიშვნელოვნად შეიცვალა: გაიზარდა ინტერესი მარცვლის წარმოშობის, ე.წ. specialty კლასის მარცვლის, არომატული პროფილების, ალტერნატიული მომზადების მეთოდებისა და ბარისტას პროფესიონალიზმის მიმართ. შესაბამისად, მომხმარებელი გახდა უფრო ინფორმირებული და მომთხოვნიც.
აღსანიშნავია, რომ ამიერკავკასიაში Julius Meinl არის ბრენდი, რომელიც აწარმოებს Specialty Coffee Association (SCA)-ის მეთოდიკის მიხედვით შეფასებულ 90-ქულიან ყავას რაც მიკროლოტებით იწარმოება და ყავის მოყვარულებს პერიოდულად სთავაზობს სხვადასხვა რეგიონიდან განსაკუთრებული სიზუსტით და მეთოდიკით მოხალულ ყავას.

აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ იულიუს მაინლის BIO/Fairtrade სერტიფიცირებული ყავა გახდა 2025 წლის International Taste Institute -ის რჩეული და მოიპოვა ჯილდოც.

თქვენი საქმიანობის დიდი ნაწილი HoReCa სექტორს უკავშირდება, გარდა თავად პროდუქციისა, რა დამატებით სერვისებს სთავაზობთ პარტნიორებს?
ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი საქმიანობა მხოლოდ HoReCa სექტორს მოიცავს. საქართველოს ბაზრის საჭიროებებიდან გამომდინარე, შევქმენით სპეციალური Coffee Station-ი ავტომატური გადახდის მეთოდი, რომელიც დღეს უკვე მრავალ ლოკაციაზეა წარმოდგენილი, მათ შორის - Tegeta Motors-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკში, ასევე სხვა ობიექტებში.

მისი დახმარებით თანამშრომლები და სტუმრები მარტივად იმზადებენ ყავას.
რაც შეეხება ოფისების მიმართულებას, ბოლო პერიოდში გაიზარდა კომპანიების ლოიალური დამოკიდებულება საკუთარი თანამშრომლების მიმართ და ხშირ შემთხვევაში, არჩევანს სწორედ ჩვენს ყავაზე აკეთებენ.
HoReCa სექტორთან თანამშრომლობა მხოლოდ პროდუქციის მიწოდებით არ შემოიფარგლება, პარტნიორებს ვთავაზობთ სრულ სერვისს, რომელიც მოიცავს:
ბარისტების პროფესიულ გადამზადებას;
ტექნიკურ მხარდაჭერას;
აპარატურის შერჩევასა და მოვლას;
მუდმივ კონსულტაციას;
ტრენინგებს;
მარკეტინგულ მხარდაჭერას;
მენიუს ადაპტაციას.
საქართველოში ყავის ინდუსტრიისთვის აუცილებელია დროსთან ერთად სვლა და მუდმივი განვითარება. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი ტრენინგ ცენტრის გახსნა, რომელიც სრულად შეესაბამება და აკმაყოფილებს Specialty Coffee Association (SCA)-ის სტანდარტებს.
ცენტრი როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებს სთავაზობს შესაძლებლობას, გახდნენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული სპეციალისტები და აიმაღლონ კვალიფიკაცია ყავის ინდუსტრიაში.
რამდენად მოქნილია თქვენი შეთავაზებები მცირე კაფეებისა და მსხვილი საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებისთვის?
ვმუშაობთ ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით - თითოეულ პარტნიორთან ერთად ვაფასებთ კონცეფციას, მოცულობასა და სამიზნე აუდიტორიას და ამის საფუძველზე ვთავაზობთ შესაბამის ყავისა და ჩაის გადაწყვეტილებებს.
2024 წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საქართველო საჭიროებდა პროფესიონალური კაფსულების ხაზის დამატებას და მის ბაზარზე ადაპტირებას, რამაც მნიშვნელოვანი და პოზიტიური შედეგები მოიტანა, მათ შორის - ხარისხის მიმართულებითაც.
მოგეხსენებათ, ამ სფეროში კადრების გადინება საკმაოდ ხშირია, რაც ხშირად აისახება სტუმრისთვის მომზადებული ყავის ხარისხზე. ასეთ შემთხვევაში პროფესიონალური კაფსულის აპარატი იდეალური გადაწყვეტაა. ის უზრუნველყოფს სტაბილურ და მუდმივად მაღალ ხარისხს, ოპერატორის გამოცდილებისგან დამოუკიდებლად.

რამდენად დიდ როლს თამაშობს თქვენი წარმომადგენლობა ბარისტების განათლებაში და როგორ აკონტროლებთ ყავის მომზადების ხარისხს თქვენს პარტნიორ ობიექტებში?
ეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, თებერვლის თვიდან Julius Meinl Barista Training Center-ში როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ბარისტები მიიღებენ შესაძლებლობას, გაიღრმავონ ცოდნა ან, თუნდაც ნულიდან, მიიღონ შესაბამისი პროფესიული მომზადება.

ხარისხის კონტროლი ხორციელდება რეგულარული ტრენინგებით, პრაქტიკული სესიებითა და პარტნიორ ობიექტებში პერიოდული, დაგეგმილი მონიტორინგის მეშვეობით, რათა ყავის მომზადების სტანდარტი მუდმივად მაღალი იყოს.
საქართველოში ძირითადად მარცვლოვანი ყავით ხართ ცნობილი. როგორია მოთხოვნა კაფსულებზე, ჩაის ასორტიმენტსა და აქსესუარებზე?
როგორც HoReCa, ასევე Retail მიმართულებითაც საკმაოდ აქტიურად ვართ ჩართულები ბაზარზე, რადგან ბრენდის ცნობადობა მაღალია. ამ ნდობიდან გამომდინარე, ხშირია მოთხოვნა ჩვენს 100%-იან ბიოდეგრადირებად, ევროპული ფორმატის კაფსულებზე და უმაღლესი ხარისხის ბიო სერტიფიცირებულ ჩაიზე.
Julius Meinl-ის პროდუქციას შეხვდებით და შეიძენთ ჩვენს პარტნიორ მაღაზიაში Vienna Corner • ვიენა ქორნერი, Agrohub, Woltmarket-სა და საიტზე www.premiumcoffee.ge.
Julius Meinl პრემიუმ ჩაის ხაზითაც არის წარმოდგენილი. რამდენად მაღალია მოთხოვნა ჩაის ასორტიმენტზე და რომელი სახეობაა ლიდერი?
ჩაის პორტფოლიო ბოლო პერიოდში განვაახლეთ - დავამატეთ თეთრი ჩაი „Touch of White“, დასაყენებელი პროდუქტი, რომელმაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ასევე შევთავაზეთ „Blue Sky Island“, რომელიც გამდიდრებულია ნამდვილი ტროპიკული ხილით.
რაც შეეხება სასტუმროებში ჩაის გამოცდილებას, ხშირ შემთხვევაში არჩევანი კეთდება პაკეტირებულ ჩაიზე. ჩვენი 11 სახეობის ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა ორგანულ და ბიო ჩაის, მათ შორის - ერლ გრეი, ინდური ჩაი და ჩემი ფავორიტი, ხილის ჩაი.
აქვე, ექსკლუზიურად, სიახლესაც გაგიზიარებთ - ბაზარზე შემოგვაქვს უალტერნატივო იულიუს მაინლის მატჩა (Matcha) და ჰოჯიჩა (Hojicha).

ბევრისთვის შესაძლოა ჰოჯიჩა უცნობი იყოს, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, გაგაცნოთ ეს უნიკალური პროდუქტი. ჰოჯიჩა იგივე მწვანე ჩაია, მაგრამ, მატჩასთან განსხვავებით, მოხალულია, რაც მას კიდევ უფრო არომატულსა და განსხვავებულს ხდის.
როგორც წესი, მატჩას დილას მიირთმევენ, ჰოჯიჩას კი საღამოს, რადგან ის გამოირჩევა დამამშვიდებელი ეფექტით და იდეალურია შინაგანი ჰარმონიის მისაღწევად.
როგორ იცვლება მოთხოვნადი პროდუქტების სია სეზონების მიხედვით?
სეზონების მიხედვით მოთხოვნადი პროდუქტების სია მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განიცდის, რადგან იულიუს მაინლის ძირითადი აქცენტი ხარისხიან მარცვლოვან ყავაზეა და ბაზარს მზა ცივ ყავას არ ვთავაზობთ. ცვლილება ძირითადად მომხმარებლის არჩევანსა და მომზადების სტილში აისახება.
ზაფხულის პერიოდში კაფეები ხშირად ანიჭებენ უპირატესობას მსუბუქ, დაბალანსებულ ბლენდებსა და არომატულად გამოკვეთილ არაბიკას, რომლებიც კარგად ერგება ცხელ ამინდს და ალტერნატიულ მომზადების მეთოდებს.
შემოდგომა-ზამთრის სეზონზე იზრდება მოთხოვნა ინტენსიურ, მკვრივ და სხეულიან ბლენდებზე, კლასიკურ ესპრესოებზე და ღრმა პროფილებზე. ამასთან, ცივ სეზონზე განსაკუთრებით აქტიურდება პრემიუმ ჩაის ასორტიმენტი. შესაბამისად, სეზონურობა ჩვენს შემთხვევაში არ გამოიხატება პროდუქტის ცვლილებაში, არამედ გემოს პროფილების არჩევასა და მოხმარების ინტენსივობაში.
ამჟამად ძირითადი აქცენტი თბილისსა და ბათუმზეა, გაქვთ თუ არა გეგმაში სხვა ტურისტულ ან დიდ ქალაქებში აქტიური შესვლა?
საქართველოში კომპანიის დაარსების დღიდან, ჩვენი თანადამფუძნებლისა და დირექტორის, თამაზ მეგრელიშვილის მთავარი მიზანი იყო არამარტო ტურისტულ ადგილებში, არამედ საქართველოს ყველა ქალაქში, მათ შორის ლოჯისტიკურად რთულად მისაღწევში, დაგვენერგა ვენური ყავის მიმართულება.

ამ მოტივაციით, 2024 წელს ჩავედით დასავლეთ საქართველოში და ქალაქ წალენჯიხაში აღმოვაჩინეთ ძალიან კარგი ქართველი ქალი მეწარმის ყავის ბიზნესი, რომლის პარტნიორიც გავხდით და დღეს, როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტულ ჯგუფებს წალენჯიხაში აქვთ შესაძლებლობა გზად გაიარონ და მიირთვან გემრიელი ფინჯანი ყავა.
რა არის 2026 წლის მთავარი მიზანი და რის გაკეთებას აპირებს კომპანია ბაზრის წილის კიდევ უფრო ზრდისთვის?
2026 წელი Julius Meinl-ისთვის განსაკუთრებული წელი იქნება. ამ წლის მთავარი ფოკუსი არის HoReCa-სა და FMCG სფეროში დასაქმებული ადამიანების ყავის ცნობიერების გაზრდა, რაც პირდაპირ კავშირშია ხარისხიანი ყავის პოზიციონირებასთან, რადგან საქართველოში გვხვდება არასწორი გადაწყვეტილებები ფასიდან გამომდინარე, იმის კვალობაზე, რომ მსოფლიო მასშტაბით ყავის, ჩაისა და კაკაოს ფასმა თითქმის 30%-იანი მატება განიცადა. ხშირად გვხვდება ისეთი ფერმებიდან ჩამოტანილი ყავები, რომლებსაც სერთიფიკატები არ გააჩნია და გაურკვეველი წარმომავლობისაა, რაზეც უკვე მუშაობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სააგენტო.
ჩვენ გვჯერა ეთიკური ბიზნესის ძალის, რასაც სამწუხაროდ უმრავლესობა სულაც არ აქცევს ყურადღებას და თვალს ხუჭავს იმაზე, თუ რის ფასად იკრიფება ეს მარცვლები, ვინ დგანან ამ ყველაფრის უკან და რა მდგომარეობაში და სამუშაო პირობებში ამყოფებენ მათ. იულიუს მაინლი ამ ყველაფერს გმობს და აქვს შემუშავებული სპეციალური პროგრამა Julius Meinl Generations Program, რითიც მხარს უჭერს ამ ადამიანებს და იმ ფერმებში, საიდანაც ჩვენი მარცვლების მოწოდება ხდება, მუდმივად აკონტროლებს გარემო-პირობებს.
ამ წლის მთავარი მოვლენა იულიუს მაინლის ბარისტა ჩემპიონატია, Julius Meinl Barista Cup 2026. ივნისში საქართველო უკვე მეორედ უმასპინძლებს გლობალურ ღონისძიებას, რომელიც აერთიანებს ყავის ცოდნას, პროფესიონალიზმსა და არტისტიზმს.
ამ ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია, ყველას, ვისაც ესმის და უყვარს ყავა. მათ ეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა მიიღონ საუკეთესო გამოცდილება, ისწავლონ უამრავი რამ, დასაჩუქრდნენ შესანიშნავი პრიზებით და გამარჯვების შემთვევაში გაემგზავრნონ თავიან მენეჯერთან ერთად ვენაში, სადაც გაიმართება ჩემპიონატის ფინალი.
2024 წლის Julius Meinl-ის ბარისტა ჩემპიონატი განსაკუთრებული მოვლენა იყო ისტორიაში, რადგან საქართველოს პირველად ჰქონდა შესაძლებლობა ღირსეულად წარმდგარიყო იულიუს მაინლის მსოფლიო რუკაზე.

ჩვენი პარტნიორი კომპანიის, ამასადორი თბილისის ბარისტამ გაიმარჯვა ადგილობრივ ჩემპიონატში, რის შემდეგაც, მის მენეჯერთან ერთად გავემგზავრეთ ვენაში, გრანდ ფინალზე , სადაც ბარისტები 14 ქვეყნიდან ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას. მათ შორის საუკეთესოებს კი, მიეცათ შესაძლებლობა, იულიუს მაინლის მეხუთე თაობის წევრთან ერთად გამგზავრებულიყვნენ იულიუს მაინლის, ზემოხსენებულ, ჰონდურასის ფერმაში და ენახათ ყავის მომზადების მთელი პროცესი, მარცვლების კრეფიდან დაწყებული, მისი მოხალვით დამთავრებული, რაც უნიკალური შანსი და გამოცდილება იყო თითოეული მათგანისთვის.
წლევანდელ ღონისძიებას დაესწრება კრისტინა მაინლი, მაინლის მეხუთე თაობის წარმომადგენელი და მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელი, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის წლევანდელ ღონისძიებას.

2026 წლის მთავარი მიზანია ბაზრის ხარისხობრივი ზრდა, ბარისტების განათლებაში ინვესტირება, სტრატეგიული პარტნიორობების გაფართოება და იულიუს მაინლის პოზიციონირება, როგორც ბრენდის, რომელიც ქმნის გამოცდილებას და არა მხოლოდ პროდუქტს.
სხვა სიახლეები
საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადება საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით
24.03.2026.13:24
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული საწარმოები ვალდებულნი არიან, საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემები 2026 წლის 1 აპრილამდე მოიყვანონ ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეებზე და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე. ვადის გახანგრძლივება არ იგეგმება.
საქართველოს საბანკო ასოციაცია შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად, საწარმოს მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას უჩერდება რეგისტრაცია და ეზღუდება საბანკო მომსახურება, რაც მოიცავს საბანკო ანგარიშის მართვის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, კრედიტის აღების შესაძლებლობის შეზღუდვას.
საწარმოებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოება და დროულად უზრუნველყონ სარეგისტრაციო მონაცემების ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, რათა თავიდან იქნეს აცილებული საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებული შეფერხებები.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზს ნომერზე 032 2 405 405 ან ეწვიოთ ვებგვერდს my.gov.ge.