2025 წლის მეორე კვარტალში APM Terminals Poti-ს მიერ დამუშავებული ტვირთების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა
2025 წლის მეორე კვარტალში, ფოთის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაზრდილია. ამის შესახებ ინფორმაციას APM Terminals Poti ავრცელებს.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში 167 056 TEU კონტეინერი დამუშავდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 145 666 TEU, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში - 146 468 TEU.
ამავდროულად, გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 175 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 158.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე (2020-2025წწ), წლის პირველ ნახევარში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2025 წელს დაფიქსირდა (313 524 TEU), ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა.
რაც შეეხება ნაყარ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 154 167 ტონა ტვირთი დამუშავდა, შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 120 144 ტონას შეადგენდა.
საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით მომატებულია: 2025 წლის პირველ ექვს თვეში 84 564 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 81 816 ტონა.
სხვა სიახლეები
„ფრუტერა“ წარმოების ზრდას და ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გამყარებას გეგმავს
05.06.2026.18:00
„ფრუტერა“, რომელიც 2021 წელს დაარსებული ქართული საოჯახო ბიზნესია, პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს და მომხმარებელს ახალ პროდუქტებსა და განახლებულ შეფუთვებს სთავაზობს. კომპანიამ ბაზარზე მრავალჯერადი გამოყენებისთვის განკუთვნილი zip ტიპის შეფუთვები წარადგინა, ასორტიმენტს კი პომიდვრის ჩირი ზეითუნის ზეთში და პომიდვრის პესტო დაამატა. მზარდი მოთხოვნის, სუპერმარკეტებთან თანამშრომლობის გეგმებისა და წარმოების განვითარების შესახებ Business Insider Georgia-ს „ფრუტერას“ დამფუძნებელი დავით გელუტაშვილი ესაუბრა.
„გამოვუშვით ახალი zip ტიპის შეფუთვები, რომლებიც მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და მომხმარებელს საშუალებას აძლევს პროდუქტი გახსნის შემდეგაც კომფორტულად შეინახოს ისე, რომ ჩირი არ გამოშრეს. ჯამში წარმოდგენილია 8 სახის შეფუთვა, მათ შორის 240 გრამიანი და 100 გრამიანი ვარიანტები.

ასორტიმენტს ასევე დაემატა პომიდვრის ჩირი ზეითუნის ზეთში, რომელიც 100 გრამიან შეფუთვაში იქნება ხელმისაწვდომი და პომიდვრის პესტო. პროდუქცია უკვე იყიდება ერთ-ერთ მცირე მაღაზიაში და საკმაოდ მოთხოვნადია, რაც განპირობებულია მაღალი ხარისხის ნედლეულითა და გემოვნური თვისებებით “, - აცხადებს დავით გელუტაშვილი.
კომპანიის პროდუქციას შორის ყველაზე მაღალი მოთხოვნა ქლიავის ჩირზე ფიქსირდება.

„ყველაზე დიდი რაოდენობით ქლიავის ჩირი იყიდება. მიუხედავად შარშანდელი რთული სეზონისა და ნედლეულის მაღალი ფასისა, ქლიავის ჩირი კვლავ რჩება ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად, რასაც მოსდევს ვაშლის ჩირი. ზოგადად, სხვა პროდუქტებზეც მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება. გასულ წელს ასორტიმენტს დაემატა ლეღვის ჩირი, ლეღვის ტყლაპი და ნატურალური წვენები. მთლიანობაში, მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, რაც, ჩვენი შეფასებით, განპირობებულია ბრენდის ცნობადობის ზრდითა და პროდუქციის დაგემოვნების შემდეგ მომხმარებელთა ლოიალობით “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანია სამომავლოდ პროდუქციის განთავსებას სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელში გეგმავს.
„სამომავლოდ ვგეგმავთ პროდუქციის განთავსებას რამდენიმე სუპერმარკეტში. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არ ვგეგმავთ ფართო ქსელში შესვლას - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი სუპერმარკეტები პრემიუმ ხარისხის პროდუქტებზე იყვნენ ორიენტირებულნი.
წარმოების ზრდის კუთხით ვგეგმავთ არსებული ასორტიმენტის განვითარებას. ქლიავის ჩირის წარმოება გაიზრდება დაახლოებით 30%-ით, ხოლო სხვა პროდუქტებზე ზრდა 5-10%-ის ფარგლებში იქნება, რაც დამოკიდებულია ნედლეულის ფასებზე. მიმდინარე პროგნოზით, ქლიავის ნედლეულის ფასი შარშანდელთან შედარებით უფრო დაბალი იქნება, რაც დაგეგმვის შესაძლებლობას გვაძლევს.
ჩვენი ფოკუსი საქართველოს ბაზარზე რჩება - ვგეგმავთ ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გამყარებას, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასაც განვიხილავთ“ , - აღნიშნავს დავით გელუტაშვილი.

ინფორმაციისთვის, „ფრუტერას“ საწარმო სრულად შეესაბამება საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და ჰიგიენურ მოთხოვნებს.