2025 წელს წარმოება 35%-ით გაიზარდა - „ლორუკა“
„ლორუკა“ რაჭული ლორის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 5 წელია ბაზარზე ოპერირებს. Business Insider Georgia 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის დამფუძნებელს მარიამ ლებანიძეს ესაუბრა.
„2025 წელი „ლორუკასთვის“ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. წარმოება დაახლოებით 35%-ით გაიზარდა. წლის განმავლობაში რამდენიმე პარტნიორი რესტორანი და საცხობი დაგვემატა. დავიწყეთ ოპერირება HoReCa სექტორშიც. დეკემბრის ბოლომდე ჯამში ექვსი ახალი ობიექტი დავიმატეთ, რაც ჩვენი კომპანიისთვის წლის სასიამოვნო და წარმატებული დასასრული იყო. ამჟამად 15 პარტნიორ ობიექტს ვაერთიანებთ და 2026 წელს დაახლოებით 10 ობიექტის დამატებას ვგეგმავთ. იქიდან გამომდინარე, რომ საოჯახო ბიზნესი გვაქვს და მცირე მეწარმეები ვართ, ზრდას ნელი ტემპით ვახორციელებთ. გვირჩევნია პროცესი გააზრებული ნაბიჯებით წარვმართოთ, რათა მუშაობისას სირთულეები თავიდან ავიცილოთ “, - ამბობს მარიამ ლებანიძე.

სამომავლოდ, „ლორუკა“ რამდენიმე ახალი მიმართულების განვითარებას გეგმავს.
სამომავლოდ ვგეგმავთ რამდენიმე მიმართულების განვითარებას. 2025 წელს ფესტივალებზე კვების მიმართულება დავიმატეთ, რაც ჩვენთვის წარმატებული და საინტერესო ახალი გამოცდილება აღმოჩნდა. სწორედ ამ გამოცდილებამ გაგვიჩინა იდეა, მომავალში კვების მიმართულებაც განვავითაროთ. ეს შესაძლოა 2026 წელს ვერ განხორციელდეს, თუმცა 2027 წელს მომხმარებელს აუცილებლად ექნება სივრცე, სადაც ერთდროულად შეძლებს ჩვენი პროდუქციის შეძენას და როგორც ტრადიციული რაჭული, ასევე არატრადიციული კერძების დაგემოვნებას.
გარდა ამისა, გვსურს მომხმარებელს შევთავაზოთ სუნელებით შეკაზმული და შემდგომ შებოლილი „რაჭული ლორი“, რაზეც ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ. გვსურს დავტესტოთ, რამდენად მიიღებს ბაზარი ამ მიმართულებას.
რამდენიმე კვების ობიექტის მხრიდან გამოიხატა ინტერესი, რომ მსგავსი პროდუქტი მათ მენიუში შეიტანონ და არჩევანი გაამრავალფეროვნონ. გარდა ამისა, ვამზადებთ კიდევ რამდენიმე სიახლეს, რომელთა დეტალებს ამ ეტაპზე საიდუმლოდ დავტოვებ “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, კომპანია, პროდუქციისთვის საჭირო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით 26 ქართული კომპანია Gulfood-ზე წარსდგა
სხვა სიახლეები
დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
28.01.2026.15:32
ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ახალ პროექტს - ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს იწყებს.
ინიციატივის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი სტუდენტებთან გამართავს.
შეხვედრა 14 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმრო რუმსის საკონფერენციო სივრცეში ჩატარდება. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს ბანკისა და პარტნიორების სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრი ოპერაციების კვლევაში.
ლევან ფავლენიშვილი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს, მათ შორისაა: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
2021 წელს ლევან ფავლენიშვილმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არაერთი პროექტი გაუკეთებია.
ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge