2025 წელს ჯივიპი წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისა და მოდერნიზებისთვის 100 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციას განახორციელებს
Aqualia ჯივიპიში აქტიურად აგრძელებს სისტემურ განახლებებს როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით, რისთვისაც კომპანია 2025 წლის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად კომპანიამ გასულ წელს არაერთი საოპერაციო მაჩვენებელი გააუმჯობესა, მათ შორის:
•18%-ით შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის არეალები
•19%-ით შემცირდა ქსელზე ინცინდენტების რაოდენობა
•29%-ით შემცირდა წყალმომარაგების გეგმიური შეზღუდვის საშუალო დრო
•დაიზოგა 11 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის წყალი
,,წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების ხანდაზმულობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, ჯივიპის მთავარ პრიორიტეტად 2025 წელსაც წყლისა და წყალარინების მოძველებული ქსელების მდგომარეობის გაუმჯობესება რჩება, რაც უშუალოდ მოძველებული ქსელების განახლება-რეაბილიტაციასთან ერთად წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზებას, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას და პრევენციულ მონიტორინგს გულისხმობს. აღნიშნული სამუშაოების შედეგად კომპანია შეძლებს კიდევ უფრო შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვების სიხშირე, არეალი და ხანგრძლივობა " - ხოსე მიგელ სანტოს გონზალესი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.
წყალმომარაგების სისტემა, ქალაქში არსებულ ქსელებთან ერთად, მოიცავს მაგისტრალურ მილსადენებს, რომლებიც ჟინვალის წყალსაცავიდან და ხრამის სათავე ნაგებობიდან სასმელი წყლის მომხმარებლამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ. აღნიშნული მილსადენების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანია 2025 წელს კიდევ უფრო აძლიერებს პრევენციული მონიტორინგის ღონისძიებებს, გარე რისკების შეფასებისა და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთების მდგომარების განსაზღვრის მიზნით.
2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით კომპანიამ უკვე განახორციელა 47.7 მილიონი ლარის პროექტები. მოძველებული ქსელების განახლების პარალელურად, ჯივიპი მუშაობს წყალმომარაგების სისტემის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. აქტიურ პროცესშია კომპანიის სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების ავტომატიზაცია, რაც წყალმომარაგების სისტემის ოპერატიულ მართვას უზრუნველყოფს და შეცდომის რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს. ასევე, ახლდება გეოსაინფორმაციო სისტემები, პროექტი ემსახურება წყალმომარაგების ქსელის კრიტიკული მონაკვეთების იდენტიფიცირებასა და პრევენციულ მონიტორინგს. 2025 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში, გეოსაინფორმაციო სისტემების მოდერნიზების პროექტის ფარგლებში უკვე იდენტიფიცირდა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე 131 კრიტიკული მონაკვეთი.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი 100 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები მიზნად ისახავს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების სერვისის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას, წყალმომარაგების ქსელზე დაზიანებების რაოდენობის, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებისა და ხანგრძლივობის შემცირებას.
სხვა სიახლეები
არსებულ ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა განახორციელონ პროექტები - GREDA ენერგეტიკის სექტორისათვის ₾1 მილიარდის ჯარიმების ჩამოწერაზე
10.12.2025.22:59
ეს არის შესაძლებლობა მიცემული სექტორისთვის, იმისთვის, რომ განახორციელონ განახლებად ენერგოწყაროებზე მომუშავე ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების მშენებლობა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის კონკრეტული დათქმით სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ჩამოწერის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს შანსი, რომ ჩამოყალიბდეს ენერგეტიკულ ჰაბად და იმ ინვესტორებს, რომელთაც დაწყებული პროექტების დასრულება სურთ ახლა ამის შესაძლებლობა ეძლევათ.
„წლების განმავლობაში იყო პროექტები, რომლებსაც გამოწვევები ფინანსური თვალსაზრისით და შესაბამისად დაგროვდა პირგასამტეხლო და ჯარიმები. ახლა მიეცათ შესაძლებლობა, რომ პროექტები განახორციელონ და ის ფინანსური წნეხი და დავალიანება და ვალდებულება, რომელიც გააჩნიათ მათ ეს თანხა არ გადაიხადონ ბიუჯეტში და მოახმარონ ამ პროექტების განვითარებას-მშენებლობას და დასახული მიზნის მიღწევას, რაც აქვთ მათ დღის წესრიგში. უბრალოდ თუ ამას ვერ შეძლებენ და მოხდება ის, რომ გაგრძელდება ჯარიმების, საურავების და პირგასამტეხლოს დარიცხვა და თუ ვერ შეძლებენ იმ ვალდებულების შესრულებას რაც აქვთ აღებული მაშინ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება. ანუ ეს მოცემულობაც შეიძლება დაგვიდგეს. თუმცა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ეს არის შანსი მიცემული სექტორისთვის, იმისთვის, რომ განახორციელონ თავიანთი განახლებად ენერგოწყაროებზე მომუშავე ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების მშენებლობა.
მოცემულობა არის ასეთი, სულ არის დაახლოებით პროექტების რაოდენობა 140 - რეალურად 75%-ი მოდის ჰიდროზე, 20%-ი მოდის ქარზე და 5%-ი მოდის მზეზე. ეს არის რეალობა. მეგავატებს რაც შეეხება, არის 1150 მგვტ დადგმული სიმძლავრე. ის ინვესტორები, რომლებიც ძველები არიან - არ არიან ახლები და აქვთ სურვილი, რომ პროექტები განახორციელონ ახლა ეძლევათ ამისი შანსი. იმის გათვალისწინებით, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელმა საერთო ინტერესის პროექტის დატვირთვა მიიღო და სომხეთთან გადამცემი ხაზების გაძლიერება ხდება, საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ ჩამოყალიბდეს ენერგეტიკულ ჰაბად. თუმცა ეს ყველაფერი ვერ მიიღწევა თუ არ მოხდება ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების ძალიან სწრაფი მშენებლობა და შემდეგ გენერირებული ელექტროენერგიის ინტეგრაცია შემდეგ ქსელში და ქსელიც უნდა დახვდეს ამ ყველაფერს მზად. ეს არის რეალურად ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია.
ირაკლი კობახიძის თქმით, დავალიანებები, ჯარიმებისა თუ საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა, ენერგეტიკის სისტემის განვითარებას ერთ-ერთ დაბრკოლებას უქმნის.
მისივე განმარტებით, დავალიანებების პატიება უნდა გახდეს ახალი, ორმხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, თუმცა, ამასთანავე, პასუხისმგებლობით გაჯერებული პროცესის დასაწყისი.
„ეს ნიშნავს ახალ შეთანხმებებს, ახალ გრაფიკს და ახალ გონივრულ ურთიერთვალდებულებებს სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის. ჩვენ მკაცრად მივუდგებით ახალ შეუსრულებელ ვალდებულებებს ან ახალ დავალიანებებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.
ჩვენი ახალი მიდგომით, ვიწყებთ ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის დანერგვას, რომელიც მისაღები იქნება ენერგეტიკის სფეროში ჩართული კომპანიებისათვის და რომლიდანაც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
მადლობას ვუხდი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და სამინისტროს გუნდს ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მომზადებისთვის. ენერგეტიკულ კომპანიებს მინდა ვუსურვო წარმატებები განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების პროცესში", - განაცხადა პრემიერმა.