2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 236 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხილი, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება
2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ხილის ღირებულებამ 236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 14%-ით აღემატება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, სასმელების შემდეგ ხილი ძირითადი საექსპორტო პროდუქტია, რომლის წილიც მთლიან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში 14%-ს შეადგენს.
„ხილის ექსპორტის ზრდა ძირითადად გამოწვეულია თხილის 21%-იანი (17,4 მლნ აშშ დოლარი), მოცვის 33 %-იანი (7 მლნ აშშ დოლარი) და ატმისა და ვაშლატამას 13%-იანი (3,1 მლნ აშშ დოლარი) ექსპორტის ზრდით.
2024 წელს თხილის ექსპორტის ღირებულებამ 100,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია. 2024 წელს ევროკავშირში ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 63,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს თხილის ექსპორტი განხორციელდა სომხეთსა (5 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთშიც (3,5 მლნ აშშ დოლარი).
2024 წელს მოცვის ექსპორტის ღირებულება 28,2 მლნ აშშ დოლარი იყო. მოცვის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, სადაც ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 24,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და ევროკავშირი, სადაც ექსპორტირებულია 2,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას ღირებულებამ 27,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება გადამუშავებული ხილის ექსპორტში; ზრდამ 80%-ს (18,9 მლნ აშშ დოლარი) მიაღწია. გადამუშავებული ხილის 2024 წლის ექსპორტის ღირებულებამ 42,5 მლნ აშშ დოლარი (7,2 ათასი ტონა) შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ქუთაისსა და ვენეციას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
03.12.2025.10:43
2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატა. ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაშიორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით ასრულებს. ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის პირველი რეისით 340 მგზავრმა ისარგებლა. ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით, რომისა და მილანის შემდეგ, იტალიის უკვე მესამე ქალაქში არის მოხვედრა შესაძლებელი.
ვენეციიდან პირველი რეისით ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარი დევიძე მიესალმნენ. პირველი რეისის მგზავრებს აეროპორტების გაერთიანებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულების ამოქმედება კიდევ უფრო ზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ხელმისაწვდომობას და აძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ევროპასთან.