1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
რატომ არ არის მეორადი საბურავები უსაფრთხო ალტერნატივა — ექსპერტები მკაფიო გაფრთხილებას აკეთებენ
მძღოლისა თუ სხვა მგზავრების უსაფრთხოებისთვის ზამთრის საბურავებზე გადასვლა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ამას ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებებიც, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციით, 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე გზის გარკვეულ მონაკვეთებზე (როგორც საერთაშორისო, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე) სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. თუ ავტომობილი მოთხოვნებს არ შეესაბამება, პატრულს უფლება აქვს, დააჯარიმოს მფლობელი, აუკრძალოს გამგზავრება და ჩამოართვას კიდეც ავტომობილი. აღნიშნული რეგულაცია მძღოლებისა და მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.
+7°C ტემპერატურის ქვემოთ, ნემისმიერ გზაზე რეკომენდებულია ზამთრის საბურავებზე გადასვლა. ეს არა მხოლოდ რჩევა, არამედ უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზამთრისა და სხვა სეზონურ საბურავებს შორის ფუნდამენტური განსხვავება რეზინის ნაერთია, რომლისგანაც ისინი მზადდება. ზაფხულის საბურავები შედარებით მყარი რეზინის ნაერთისგან მზადდება, რომელიც უზრუნველყოფს კარგ მოჭიდებას ცხელ ამინდში და ხელს უშლის სწრაფ ცვეთას გახურებულ ასფალტზე. თუმცა, როცა ტემპერატურა 7 გრადუსზე ქვემოთ ეცემა, რეზინი კარგავს სიმტკიცეს, მოქნილობას და, შედეგად, საგრძნობლად მცირდება გზასთან მისი მოჭიდების უნარი. ზაფხულის საბურავები ვეღარ უზრუნველყოფს გზაზე საჭირო ეფექტურ კონტროლს და ამის გამო იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი.
ზამთრის საბურავები უფრო რბილ, ელასტიურ რეზინის ნაერთს შეიცავს. ეს ქიმიური შემადგენლობა საშუალებას აძლევს საბურავს შეინარჩუნოს მოქნილობა და სირბილე დაბალ ტემპერატურაზეც კი. ამგვარად, უზრუნველყოფს საიმედო კონტაქტს გზის საფართან, რაც გადამწყვეტია მოყინულ და თოვლიან პირობებში.
ამავე მიზეზით, ზამთრის საბურავებით სამუხრუჭე მანძილი ბევრად მოკლეა, ხოლო მართვის სტაბილურობა და მანევრირების უნარი, ფაქტობრივად, უზადო. ზაფხულის საბურავებით დამუხრუჭების მანძილი შესაძლოა ორჯერ მეტი იყოს, რაც საგრძნობლად ზრდის საგზაო ინციდენტების რისკს.
ახალი რეგულაციების შესაბამისად, „ზამთრის საბურავი" უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
• საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო – ფიფქი
• საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: არანაკლებ 3 მმ. მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3)
• საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი
• საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა
ავტო ექსპერტი მიხეილ წულუკიძე განსაკუთრებით უსვამს ხაზს, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად ყველა მძღოლმა უნდა შეიძინოს და დააყენოს სეზონური, ხარისხიანი საბურავები, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო გადაადგილება ყინვიან და თოვლიან გზებზე.
„მნიშვნელოვანია ზამთრის საბურავის სწორად შერჩევა. ხშირად, ეკონომიის მიზნით, ავტომფლობელები მეორად საბურავებს ირჩევენ, თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ ეს გადაწყვეტილება ხშირად დამატებით ხარჯებსა და რისკებთანაა დაკავშირებული. მეორადი საბურავები სწრაფად ცვდება, ზრდის საწვავის ხარჯს და შესაძლოა შეიცავდეს უხილავ შიდა დაზიანებებს, რაც ავარიებისგან არ გვიცავს.
ამასთანავე, დაყენების შემდეგ, ზოგჯერ საბურავი სკდება, ეს კი მძღოლისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთს ქმნის. მეორად საბურავებზე არავინ იძლევა გარანტიას, ხოლო ახალი საბურავი უზრუნველყოფს საიმედოობას, სტაბილურობას და უსაფრთხო გადაადგილების სრულფასოვან გარანტიას. ახალი ზამთრის საბურავების შემთხვევაში ის რისკები, რაც შესაძლოა მეორად საბურავს ახლდეს, მთლიანად განულებულია, რადგან მათ აქვთ ღრმა და ოპტიმიზებული პროტექტორი, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოჭიდებას და დამუხრუჭების ეფექტურობას რთული გზის პირობებში“, - აღნიშნავს მიხეილ წულუკიძე.
სამწუხაროდ, ბაზარზე კვლავ ფართოდ არის წარმოდგენილი მეორადი ან დაბალი ხარისხის საბურავები, რომლებიც შეიძლება გარეგნულად უნაკლოდ გამოიყურებოდეს და ეკონომიკურად მომგებიანი ჩანდეს, თუმცა, რეალურად სერიოზულ საფრთხეს ქმნიდეს, რადგან უმეტესობას გასული აქვს საექსპლუატაციო ვადა, უცნობია მათი შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები და აღენიშნება უხილავი დაზიანებები, რომლებიც წინა გამოყენებისას მიიღო.
„ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ ბევრი მძღოლი შედარებით მხოლოდ შედარებით დაბალი ფასის გამო ირჩევს მეორად საბურავს.
„ხშირად მძღოლები ვერ აცნობიერებენ, რომ ასეთ საბურავს შესაძლოა, აღარ ჰქონდეს ის თვისებები, რომლებიც უსაფრთხოების ფუნქციას უზრუნველყოფს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ფასს, არამედ უსაფრთხოებას და საბურავის რეალურ ტექნიკურ მდგომარეობას. გასაგებია, რომ დღეს ბევრისთვის ახალი საბურავის შეძენა ფინანსურად მარტივი არ არის, თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ფასის მეორე მხარეს ყოველთვის ჩვენი და სხვისი უსაფრთხოება დგას.
შესაბამისად, უსაფრთხო მგზავრობისთვის ახალი საბურავისთვის უპირატესობის მინიჭება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. თუ მძღოლი სეზონურ საბურავებს შეიძენს, მათი შენახვის წესებს დაიცავს, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურადაც უფრო გამართლებული იქნება“, - მიიჩნევს ეკა ლალიაშვილი.
ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ზამთრის საბურავები სპეციალურად არის შექმნილი დაბალი ტემპერატურის, თოვლიანი და ყინულოვანი გზის პირობებისთვის. მათი უნიკალური დიზაინი და რეზინის შედგენილობა უზრუნველყოფს მოცურების რისკის მინიმიზაციას და სამუხრუჭე დისტანციის შემცირებას. ეს თვისებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გზის საფარი თოვლით ან ყინულითაა დაფარული.
ზამთრის საბურავებში ინვესტირება არ არის მხოლოდ ხარჯი — ეს არის ინვესტიცია თქვენი, თქვენი ოჯახის წევრებისა და გზაზე მყოფი სხვა ადამიანების უსაფრთხოებისთვის.
სხვა სიახლეები
ULC Terminal ინფრასტრუქტურას აფართოებს - ინვესტიცია ₾10 მილიონია
01.12.2025.14:00
გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ლოგისტიკური კომპანია ULC Terminal – იუ ელ სი ტერმინალი სასაწყობე ინფრასტრუქტურას აფართოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან ULC Terminal-ის დირექტორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ჯანყარაშვილმა განაცხადა, ULC Terminal-მა უკვე დაიწყო ახალი სასაწყობე სივრცის მშენებლობა. სასაწყობე სივრცე გააერთიანებს I კატეგორიის (A კლასის) თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ საბაჟო ტერმინალებს ,საოფისე და ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებს.
ჩვენ ვქმნით ერთიან ლოგისტიკურ ჰაბს, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანდება ყველა საბაჟო სერვისი - იმპორტიორი და საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების პროცესების ეფექტური მართვის, მინიმალური დროისა და ხარჯების, ასევე სახელმწიფოსთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით.
„ახალი, თანამედროვე სტანდარტების საწყობის მშენებლობა გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ჩვენი პროექტი სრულიად საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება რისთვისაც მადლობას ვუხდით საქართველოს ბანკს და მის გუნდს. ვფიქრობთ საბანკო სექტორის მსგავსი ტიპის მხარდაჭერა შეუფასებელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.
მეორე ფაზის ფარგლებში 10 000 კვ/მ-მდე სასაწყობე სივრცის მშენებლობა პროცესი 2026 წლის დასაწყისისთვის დასრულდება . სამშენებლო სამუშაოების კუთხით ULC Terminal-ის პარტნიორია „შპს ჰორიზონტ“
პროექტის განხორციელების შედეგად ULC Terminal-ის ტვირთბრუნვა 70%-ით გაიზრდება. ინვესტიცია სრულიად ქართულია და მეორე ფაზის განხორციელებისთვის 10 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება. შედეგად შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები - დაახლოებით 30 ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი,“ - აცხადებს გიორგი ჯანყარაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ULC Terminal-ის საკუთრებაშია 3.5 ჰა ტერიტორია, რომლის ათვისებაც A კლასის სასაწყობე მეურნეობების მშენებლობით ეტაპობრივად ხდებოდა. ULC Terminal-ის საბაჟო საწყობით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საერთაშორისო გადამზიდ კომპანიებს, ასევე კერძო კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტვირთის იმპორტ/ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურებს, ასევე საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებს საქართველოს ტერიტორიაზე.
იუ ელ სი ტერმინალი როგორც ლოგისტიკური ჰაბი ვფიქრობთ თავის მხრივ გააძლიერებს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს მის განვითარებას რაც საქართველოს როგორც ქვეყნის ერთ ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის. - განმარტავს ULC Terminal-ის თანადამფუძნებელი.
სასაწყობო მეურნეობა საშუალებას იძლევა დამუშავდეს ყველა ტიპის და სირთულის როგორც საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული, ასევე კომერციული დანიშნულების ტვირთები და განხორციელდეს ყველა სახის საბაჟო პროცედურა.