ვართ ჩვენი კლიენტების პარტნიორები და არა სერვის პროვაიდერები - ვახტანგ შურღაია
განსხვავებული კონცეფციის მქონე იურიდიულმა კომპანიამ „ბი ვი ქონსალთინგმა“ 2021 წელს დაიწყო ოპერირება საქართველოს ბაზარზე. კომპანიის დაფუძნება განაპირობა ორმა გარემოებამ: ერთი მხრივ ბიზნესის მოთხოვნამ კონკრეტულად მათზე მორგებული სამართლებრივი სერვისის მიღებაზე და მეორე მხრივ, წლების განმავლობაში ბიზნეს სამართლის მიმართულებით კომპანიის დამფუძნებლების მიერ დაგროვილი ცოდნის გაზიარების ამბიციამ. როგორია რეგულარული სერვისებს ჩამონათვალი და რა სიახლეებს ნერგავს 2025 წელს კომპანია Business Insider Georgia-ს ესაუბრა ვახტანგ შურღაია „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი
რა არის „ბი ვი ქონსალთინგის“ კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე?
„ბი ვი ქონსალთინგი“ მუშაობს ბიზნეს სამართლის მიმართულებით და კომპანიებს ემსახურება კონკურენციის, საფინანსო, საგადასახადო და კორპორაციული სამართლის, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების და სამართლის სხვა მომიჯნავე სფეროებში. სხვებისგან იმით გამოვირჩევით, რომ ვართ ჩვენი კლიენტების პარტნიორები და არა სერვის პროვაიდერები. ნებისმიერ სამართლებრივ სიტუაციას ვაფასებთ ბიზნესის გადმოსახედიდან და ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტას. ვთანამშრომლობთ არაერთ საერთაშორისო ექსპერტთან, რაც გვეხმარება პარტნიორების პრობლემებზე უმოკლეს დროში უახლესი პრაქტიკის გადაწყვეტილებების მისადაგებაში.
ვინ არიან „ბი ვი ქონსალთინგის“ სერვისების ძირითადი მომხმარებლები?
ჩვენ პორტფელშია საშუალო და მსხვილი ბიზნესი, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო კომპანიები. აქტიურად ვთანამშრომლობთ დარგობრივ ასოციაციებთან რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე სამართლის დარგში.
რა მოცულობით იზრდება „ბი ვი ქონსალთინგი“ წლიდან-წლამდე?
ამაყად ვიტყვი, რომ „ბი ვი ქონსალთინგი“ წლიდან წლამდე მინიმუმ აორმაგებს როგორც პარტნიორთა რაოდენობას ასევე შემოსავალს, რაც მიუთითებს ჩვენი ბიზნეს მოდელის მართებულობასა და ბაზარზე ჩვენ მიმართ ნდობის ხარისხზე.
რა სიახლეებს გეგმავ „ბი ვი ქონსალთინგი“ 2025 წელს?
ვგეგმავთ სამშენებლო სამართლის მიმართულებით სერვისების გაფართოებას და ამჟამად ვაყალიბებთ გუნდს, რომლის საშუალებით მომავალი წლიდან ჩვენს პარტნიორებს შევთავაზებთ FIDIC-თან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივ დარეგულირებას. გარდა ამისა, დამუშავების პროცესშია შრომის ინსპექციასთან მიმართებით, კონკრეტული სერვისები, რათა უფრო აქტიურად შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორებს.
სხვა სიახლეები
07.10.2025.12:08
ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი კუთხით გამოყენება თანამედროვე სამყაროში სულ უფრო აქტუალური ხდება. 2025 წელს ალბანეთში ხელოვნური ინტელექტი მინისტრად დანიშნა. ფაქტობრივად, ის არის ვირტუალური მინისტრი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებითაა შექმნილი და ყველა საჯარო შესყიდვაზე იქნება პასუხისმგებელი. ხელოვნური ინტელექტის მსგავსი სახით გამოყენება ცხადყოფს, რამდენად აქტუალურია მისი რეგულირების საკითხი. შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხსა და შესაბამის რისკებზე საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის იურისტი მარიამ ბაღდავაძე.
ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ბიზნეს-საქმიანობაში თანამედროვე ინდუსტრიის ერთ-ერთი მონაპოვარია. მიუხედავად რიგი ბენეფიტებისა, მისი თუნდაც შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში გამოყენების სამართლებრივი რეგულირება საქართველოში ჯერ კიდევ არაა სრულყოფილად მოწესრიგებული.
საქართველოში დღეს-დღეობით აქტიურად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი დასაქმების ისეთი პლატფორმები, როგორიცაა: Helio, „LinkedIn“-ის რეკომენდაციური ალგორითმები და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული შეფასების პროგრამები. ამგვარი პლატფორმები საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს, სწრაფად შეარჩიონ კანდიდატები, ხოლო თანამშრომლებს – იპოვონ მათ საჭიროებებზე მორგებული ვაკანსიები. თუმცა, სწორედ ამ ეტაპზე ჩნდება რიგი სამართლებრივი გამოწვევები, რომელთა უგულებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს დისკრიმინაციული პრაქტიკის დამკვიდრება.
ევროკავშირის სასამართლო პრაქტიკაში უკვე არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, სადაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და ალგორითმზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შედეგად შრომით ურთიერთობებში დაირღვა თანასწორობის პრინციპი. მაგალითად, გერმანიის ფედერალური შრომითი სასამართლოს (Bundesarbeitsgericht) ერთ-ერთ საქმეში დადგინდა, რომ სამუშაოს კანდიდატთა შეფასების სისტემა, რომელიც ავტომატურად ანიჭებდა დაბალ ქულას ასაკოვან კანდიდატებს, არღვევდა ასაკობრივი დისკრიმინაციის აკრძალვას. ანალოგიურად, ნიდერლანდებში სასამართლომ შეაფასა Deliveroo-ს ალგორითმული სისტემის გამოყენება კურიერების კონტროლისა და შეფასებისას და დაასკვნა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პირობებში შრომითი ურთიერთობები უნდა დაექვემდებაროს კლასიკურ შრომით სამართლის სტანდარტებს და არა მხოლოდ ზოგად სამოქალაქო-სამართლებრივ რეგულაციას.
ზემოთ განხილულმა მაგალითებმა ცხადყო, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას თან ახლავს:
• მიკერძოების მაღალი რისკი – ხელოვნური ინტელექტი გადაწყვეტილების მისაღებად ხშირად იყენებს ბაზაში დაგროვებულ მონაცემებს, როგორც სასწავლ მასალას, სადაც შესაძლოა ბუნებრივად იყოს გამოკვეთილი დისკრიმინაციული ტენდენციები. შედეგად, ახალი გადაწყვეტილებებიც იმეორებს ამ მოცემულობას. მაგალითად, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევა დადგინდა გახმაურებულ Amazon-ის ქეისში შიდა რეკრუტინგისათვის გამოყენებული ალგორითმის მიერ, რომელმაც უპირატესობა წარსულ მონაცემებზე დაყრდნობით მამაკაც კანდიდატებს მიანიჭა.
• გამჭვირვალობის პრობლემა – ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას იქმნება „შავი ყუთის“ ეფექტი, როდესაც დასაქმებული ან კანდიდატი ვერ იგებს, რა კრიტერიუმებით მიიღო ალგორითმმა კონკრეტული გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში დამსაქმებლებს ევალებათ, განმარტონ, თუ როგორ ფუნქციონირებს ავტომატური გადაწყვეტილების სისტემა (GDPR-ის 22-ე მუხლი).
• შრომითი უფლებების დარღვევის რისკი – თუ ალგორითმი ავტომატურად აკონტროლებს თანამშრომელთა მუშაობას (მაგალითად, ე.წ. თრექინგ-სისტემებით ან ავტომატური შეფასებით), ჩნდება შრომითი უფლებების დარღვევის მაღალი რისკი. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა იტალიაში, სადაც სასამართლომ აკრძალა Uber-ის ალგორითმის გარკვეული ფორმით გამოყენება, ვინაიდან იგი უსამართლოდ აჯარიმებდა მძღოლებს დისტანციური მონიტორინგის ფარგლებში და არღვევდა მათ შრომით უფლებებს.
ამ ეტაპზე საქართველოში ხელოვნური ინტელექტის სამუშაო პროცესში თანამშრომელთა მონიტორინგისათვის გამოყენება შედარებით იშვიათია, თუმცა რეკრუიტინგის პროცესში აშკარად იკვეთება მისი აქტიური მოხმარება. ამდენად, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების კონტექსტში აუცილებელია:
ამგვარად, ბიზნეს სუბიექტებს ექნებათ საშუალება, ეფექტურად უპასუხოს თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების გამოწვევებს და მართონ შრომით ურთიერთობებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები.