ვართ ჩვენი კლიენტების პარტნიორები და არა სერვის პროვაიდერები - ვახტანგ შურღაია
განსხვავებული კონცეფციის მქონე იურიდიულმა კომპანიამ „ბი ვი ქონსალთინგმა“ 2021 წელს დაიწყო ოპერირება საქართველოს ბაზარზე. კომპანიის დაფუძნება განაპირობა ორმა გარემოებამ: ერთი მხრივ ბიზნესის მოთხოვნამ კონკრეტულად მათზე მორგებული სამართლებრივი სერვისის მიღებაზე და მეორე მხრივ, წლების განმავლობაში ბიზნეს სამართლის მიმართულებით კომპანიის დამფუძნებლების მიერ დაგროვილი ცოდნის გაზიარების ამბიციამ. როგორია რეგულარული სერვისებს ჩამონათვალი და რა სიახლეებს ნერგავს 2025 წელს კომპანია Business Insider Georgia-ს ესაუბრა ვახტანგ შურღაია „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი
რა არის „ბი ვი ქონსალთინგის“ კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე?
„ბი ვი ქონსალთინგი“ მუშაობს ბიზნეს სამართლის მიმართულებით და კომპანიებს ემსახურება კონკურენციის, საფინანსო, საგადასახადო და კორპორაციული სამართლის, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების და სამართლის სხვა მომიჯნავე სფეროებში. სხვებისგან იმით გამოვირჩევით, რომ ვართ ჩვენი კლიენტების პარტნიორები და არა სერვის პროვაიდერები. ნებისმიერ სამართლებრივ სიტუაციას ვაფასებთ ბიზნესის გადმოსახედიდან და ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტას. ვთანამშრომლობთ არაერთ საერთაშორისო ექსპერტთან, რაც გვეხმარება პარტნიორების პრობლემებზე უმოკლეს დროში უახლესი პრაქტიკის გადაწყვეტილებების მისადაგებაში.
ვინ არიან „ბი ვი ქონსალთინგის“ სერვისების ძირითადი მომხმარებლები?
ჩვენ პორტფელშია საშუალო და მსხვილი ბიზნესი, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო კომპანიები. აქტიურად ვთანამშრომლობთ დარგობრივ ასოციაციებთან რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე სამართლის დარგში.
რა მოცულობით იზრდება „ბი ვი ქონსალთინგი“ წლიდან-წლამდე?
ამაყად ვიტყვი, რომ „ბი ვი ქონსალთინგი“ წლიდან წლამდე მინიმუმ აორმაგებს როგორც პარტნიორთა რაოდენობას ასევე შემოსავალს, რაც მიუთითებს ჩვენი ბიზნეს მოდელის მართებულობასა და ბაზარზე ჩვენ მიმართ ნდობის ხარისხზე.
რა სიახლეებს გეგმავ „ბი ვი ქონსალთინგი“ 2025 წელს?
ვგეგმავთ სამშენებლო სამართლის მიმართულებით სერვისების გაფართოებას და ამჟამად ვაყალიბებთ გუნდს, რომლის საშუალებით მომავალი წლიდან ჩვენს პარტნიორებს შევთავაზებთ FIDIC-თან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივ დარეგულირებას. გარდა ამისა, დამუშავების პროცესშია შრომის ინსპექციასთან მიმართებით, კონკრეტული სერვისები, რათა უფრო აქტიურად შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორებს.
სხვა სიახლეები
ახალი წესები ვირტუალური აქტივების ბაზარზე - რა უნდა გაითვალისწინონ პროვაიდერებმა
08.09.2026.10:43
ვირტუალური აქტივების ბაზარი საქართველოში ახალი ეტაპისთვის ემზადება - სექტორის რეგულირების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები ბაზრის მონაწილეებისთვის არაერთ მნიშვნელოვან სიახლესა და ვალდებულებას ითვალისწინებს. რა იცვლება ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერებისთვის, რას უნდა მიაქციონ ყურადღება კომპანიებმა და რა გავლენას მოახდენს ახალი რეგულაციები მათ საქმიანობაზე - აღნიშნულ საკითხებზე საუბრობს იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე რეგულირებული საქმიანობის ფარგლების დაზუსტებას უკავშირდება. ახალი რეგულაცია უფრო მკაფიოდ განსაზღვრავს, რა შეიძლება ჩაითვალოს ვირტუალური აქტივის მომსახურებად. რეგულირების ქვეშ ექცევა არა მხოლოდ ვირტუალური აქტივის გაცვლა, არამედ: მისი გადაცემა, შენახვა და ადმინისტრირება, პორტფელის მართვა, სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება, სესხად გაცემა და პირველადი შეთავაზება ან მასთან დაკავშირებული მომსახურება.
ამასთან, ცვლილებების შედეგად პროვაიდერის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად მიეთითება მის მიერ განხორციელებული ვირტუალური აქტივის მომსახურების სახე. ეს მიდგომა ბაზარზე საქმიანობის უფრო გამჭვირვალე და მკაფიო ჩარჩოს შექმნას ემსახურება.
სიახლეები შეეხება ფინანსურ სანქციებსაც. ახალი წესების მიხედვით, პროვაიდერის მიერ ნებადართული საქმიანობის ფარგლების მიღმა მოქმედება 50 000 ლარის ჯარიმას გამოიწვევს, შესაბამისი ელექტრონული სისტემის არქონა ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული მომსახურების სქემის დარღვევა კი - 20 000 ლარს. განსაკუთრებით მკაცრია მიდგომა სტაბილურ ვირტუალურ აქტივებთან მიმართებით. საქართველოში ასეთი აქტივის პირველადი შეთავაზება ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე ასევე 50 000 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობის გაფართოებას გეგმავენ, მარეგულირებელთან წინასწარი კომუნიკაცია და საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.
ცვლილებებით აგრეთვე გაფართოვდა მოთხოვნები VASP-ების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. რეგისტრაციის მსურველმა ეროვნულ ბანკს, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარუდგინოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი. აღნიშნული მოთხოვნები პირდაპირ აისახება პროვაიდერების ფინანსურ მოდელზეც - მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტიპის მომსახურებას ახორციელებს პროვაიდერი. მაგალითისათვის, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლის ან გადაცემის მომსახურების განხორციელებისას მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 150 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირების შემთხვევაში - 350 000 ლარით.
ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება რისკების მართვის ჩარჩოს სავალდებულო არსებობაა. პროვაიდერს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რისკების გამოვლენას, შეფასებას, მონიტორინგს, ანგარიშგებას, კონტროლსა და შემცირებას.
საბოლოოდ, ახალი რეგულაციები ვირტუალური აქტივების ბაზრისთვის მხოლოდ დამატებითი ბარიერების დაწესებას არ ნიშნავს. მათი მთავარი შედეგი ბაზარზე უფრო მკაფიო თამაშის წესების ჩამოყალიბება და პროფესიული სტანდარტების დახვეწაა. თუმცა, ამავე დროს, კომპანიებისთვის იზრდება როგორც შესაბამისობის უზრუნველყოფის ხარჯი, ისე - რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები. სწორედ ამიტომ, VASP-ებისთვის მთავარი ამოცანა არა მხოლოდ ახალი მოთხოვნების ცოდნა, არამედ მათი ბიზნეს-ოპერაციებში სწორად ინტეგრირება და საქმიანობის მოქმედ რეგულაციებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფაა. ამ პროცესში კი კვალიფიციური სამართლებრივი მხარდაჭერა კომპანიებს საშუალებას აძლევს, დროულად შეაფასონ რისკები და თავიდან აიცილონ რეგულაციების დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი თუ ფინანსური რისკები.